მე გაზაფხულის მეცხრე დღეს დავიბადე, მაშინ ნაკიანი წელიწადი იყო და ჩემს დაბადების დღეზე უჩვეულოდ თბილოდა. მე არასრულად 9 თვის დავიბადე რამდენიმე კვირით ადრე. ჩემი დაბადებისას დრო ზუსტად ცხრაზე გაჩერდა სახლში, ერთდროულად ყველა საათზე და ხატიას ნაცვლად ანა დამარქვეს. მე დაახლოებით ნახევარი საათი არ ვსუნთქავდი დაბადებიდან და საერთოდ ეგონათ, რომ უკვე მკვდარი ვიყავი მუცელშივე. მე დაბადებისას მხრებამდე შავი კულულები მქონდა და თვალები დაბადებიდან რამდენიმე წუთში გავახილე. მაშინ თვალები ცისფერი მქონდა, როგორც დედაჩემი იტყოდა ფირუზისფერი, რის გამოც ამბობდნენ, რომ კნუტს ვგავდი.
დედაჩემი შავთვალება წითურია, მამა მწვანეთვალება შავგვრემანი. ხშირად ვფიქრობდი იმაზე მწვანეთვალება წითური რომ ვყოფილიყავი ადამიანიც სხვა ვიქნებოდი თუ არა. ალბათ ის მწვანეთვალება წითური საერთოდ სხვანაირი იქნებოდა და სავარაუდოდ ხატია. ის პირველ აპრილს დაიბადებოდა, თავის დროზე და ჰოროსკოპითაც ვერძი იქნებოდა. ბავშვობაში ალბათ ძალიან კომუნიკაბელური და ცელქი გოგო იქნებოდა, ცოტა კაპრიზულიც, სათამაშოსთვის მაღაზიაში ფეხებს რომ აბაკუნებენ და დღისითაც ტკბილად სძინავთ. სწავლაც ეყვარებოდა, მაგრამ ისე არა როგორც მე, ის ნიშნებისთვის ისწავლიდა და არა სიამოვნებისთვის. წიგნების კითხვას უფრო ნაკლებ დროს დაუთმობდა, მაგრამ პაოლო კოელიო წაკითხული ექნებოდა აუცილებლად. ხატია ალბათ ბალეტსა და ციგურულ სრიალს შორის ბალეტს არ აირჩევდა, სკოლის დამთავრებისას კი დედას დაუჯერებდა და სამედიცინოზე ჩააბარებდა. ხატია სახლში არასდროს დააგვიანებდა და არც დათქმულ დროს გადააცილებდა სადმე მისვლას. ბავშვობაში ქართულ ხმებს და რუსულ პაპსას მოუსმენდა. გარდატეხის ასაკშიც მოკრძალებულად ივლიდა მუხლამდე ქვედაბოლოთი და გრძელი ნაწნავით. მერე პედიატრად დაიწყებდა მუშაობას პოლიკნინიკაში და მხოლოდ კომპწია ბიჭები მოეწონებოდა პრიალა ფეხსაცმელებით. ხატია რომ დაბადებულიყო ჩემი მშობლები ისეთივე ბედნიერები იქნებოდნენ როგორც ახლა და წარმოდგენა არ ექნებოდათ, რომ მე არასოდეს ვიქცეოდი მათ ღამის კოშმარად მაღალ კლასებში, არ გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც მათ არ უნდოდათ, არ გავათენებინებდი ღამეებს და არ გავაბრაზებდი უთვალავჯერ, არ ვიქნებოდი ჯიუტი და არ ვანერვიულებდი შაქრის მომატებამდე. ხატია ალბათ მაღალი, წითური და ისეთი გოგონა იქნებოდა, ყველაფერს სწორად რომ აკეთებს.
ხატიასთვის წლების მომატება გარდერობში ფერების კლების პირდაპირპროპორციული იქნებოდა. ეყვარებოდა ტკბილეული, შემწვარი კარტოფილი და სულ ახალ დიეტაზე იჯდებოდა. ხატიას ყოველთვის დაუთოვებული ტანსაცმელი ექნებოდა და უთოს ახალი მოდელის ყიდვის შესაძლებლობას ხელიდან არასოდეს გაუშვებდა. 30 წლისას უკვე 3 შვილი ეყოლებოდა, შრომის წიგნაკი და ქმარი, რომელიც ყოველ დილით გაუთოვებული პერანგით და პრიალა ფეხსაცმელებით წავიდოდა სამსახურში. ხატია არასოდეს იოცნებებდა უზრუნველ ცხოვრებაზე სადმე ტოსკანაში, ხედით თვალუწვდენელ მინდვრებზე, სახლზე ბუხრით სადაც მოგზაურობიდან დაღლილი დაბრუნდებოდა და არც ოთახში მთელ კედელზე გაკრულ რუკაზე იოცნებებდა, რომელზეც მოგზაურობიდან დაბრუნებული მეორე დღესვე დაიწყებდა ახალი მარშრუტის დაგეგმვას ბევრი ფერადი ჭიკარტებით, სადაც ყველა ტურს სხვადასხვა ფერის ჭიკარტებით აღნიშნავდა. მისი მოგზაურობა იქნებოდა კომფორტული, პირველი კლასით და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროთი შემოფარგლული. მისთვის შოპინგი მაქსიმალური დატვირთვა იქნებოდა ცხოვრებაში, მოლის სართულებზე სიარული მწვერვალების დაპყრობა და საყვარელი სუნამო აუცილებლად შანელი.
ხატია რომ დაბადებულიყო ეს ბლოგი საერთოდ არ იარსებებდა, რადგან ის არ მოუყვებოდა ნებისმიერ ადამიანს რა ხდება მის თავში. მისთვის რომ გეკითხათ ალბათ გიპასუხებდათ, რომ მის თავში ის ხდებოდა რაც ყველას თავში. ხატიას ლუდი არ ეყვარებოდა. საერთოდ ალკოჰოლური სასმელებიდან ალუბლის ლიქიორი და ბეილისი იქნებოდა ყველაზე ძლიერი რაც გაუსინჯავს, როგორც ქალს შეშვენის. მას ზუსტად ეცოდინებოდა, რას გააკეთებდა 5 წლის შემდეგ ამავე დღეს, თუ მანამდე არმაგედონი არ დაიწყებოდა და ღვთის წყალობით ყველა კარგად იქნებოდა.
ხატიას ყოველ ღამე ანგელოზივით ეძინებოდა. ის იქნებოდა არამწეველი, 12 საათზე რომ იძინებენ და დილით 6 საათზე უკვე ფეხზე არიან ფხიზლად, საუზმის კეთებით გართულები. ხატიას წინსაფარიც ექნებოდა და ხელში მომარჯვებული დღის გეგმა ოჯახის ყველა წევრის განრიგით. მისი მეგობრები იქნებოდნენ მხოლოდ მდედრობითი სქესის და აუცილებლად დაოჯახებული, თავისი პატარა ასლები. მისი ოცნება უზრუნველი სიბერე იქნებოდა, როცა მადლიერი შვილები მასზე იზრუნებდნენ და მეუღლე გაზეთებს იკითხავდა მთელი დღეები. ხატიას საყვარელი ფილმი ალბათ ლამაზმანი იქნებოდა და საყვარელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი. ხატიას სამკაულების ტარება ეყვარებოდა და ბიჟუტერიის ყიდვის ცდუნებას ვერასოდეს გაუძლებდა. ხატიას, ისევე როგორც ყველა ნამდვილ ქალს, თავისი თავის ფასი ეცოდინებოდა და ამას ამაყად გაუსვამდა ხაზს ყოველი შესაძლებლობისას. ხატია იმ ადამიანების რიცხვში იქნებოდა საკუთარი დაბადებისდღე რომ არ უყვართ და ყოველ წელს ბერდებიან. მისი აზრით მისაბაძი და შესაშური ცხოვრება ექნებოდა და ალბათ ღრმა სიბერემდე ისე გაატარებდა ცხოვრებას, ერთხელაც არ დაფიქრდებოდა შავთვალება, შავთმიან პატარა გოგონაზე, რომელიც შესაძლოა დაბადებულიყო ანად და მისი აბსოლუტური მეორე უკიდურესობა ყოფილიყო.