მთავარი

რატომ არ მჯერა წინასწარმეტყველების

2 Comments

მე მჯერა, რომ სამყაროში არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ მომავლის შეგრძნება. მჯერა, იმიტომ რომ მომავლის მოგონებების გამონათებები მეც მქონია. ბავშვობაში ამის ნაკლებად მრცხვენოდა და ხმამაღლა ვამბობდი, ამიტომ ვიყავი ძალიან უცნაური ბავშვი, რომ გავიზარდე საერთოდ აღარ ვსაუბრობდი ამაზე, მაგრამ ჩემი გამონათებებისთვის მდუმარება აბსოლუტურად სულერთი აღმოჩნდა. თავისით აგორდა ასე, ჯერ ერთს ვუთხარი რაღაც, მერე მეორეს და მესამედ უკვე თვითონ მთხოვდნენ პასუხებს. იმის ახსნა, რომ მომავალს ვერ ხედავ უკვე სულერთი იყო. ზოგი ამით ერთობა, გამოწმებს ან გულწრფელად აინტერესებს რა მოხდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ მათი ინტერესის დაკმაყოფილებით, მათ კითხვებს შევწყვეტდი, მაგრამ ამაოდ. არავისთვის მიმიცია იმედი, რომ ის რასაც ვამბობდი ჭეშმარიტებაა, რომ ეს გარდაუვალი მომავალია, ამას ხუმრობაშიც კი ვატარებდი და ჩემს არასერიოზულ დამოკიდებულებას უფრო ხშირად ვიშველიებდი რაც დრო გადიოდა, მაგრამ ადამიანების ინტერესს არაფერი აცხრობს. ყველას აინტერესებს რა მოხდება, თუნდაც ხუმრობით. უკვე დიდი ხანია ყველას უარს ვეუბნები ან ვატყუებ და ამას თავისი მიზეზი აქვს.

მომავლის გამონათებები, წარსულის მოგონებებს გავს. ადამიანების უმეტესობას თავისუფლად შეუძლია უპასუხოს შეკითხვას რას აკეთებდა გუშინ, რამდენიმე დღის წინ. უფრო რთულია გაიხსენო რამდენიმე კვირის წინ მომხდარის დეტალები და ფაქტობრივად შეუძლებელია რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენის დეტალურად აღდგენა, თუ ის ძალიან შთამბეჭდავი არ იყო. ასევეა მომავალიც, ისეთივე სურათებია თავში როგორც წარსულის, უბრალოდ რამდენიმე ალტერნატივით, ან ძალიან ბევრი ალტერნატივით. მაგალითად, თუ დღეს დილით საუზმობის გახსენებისას მხოლოდ ერთი სურათი წარმოგიდგება თვალწინ, ხვალ დილის სურათი არის ერთდროულად ბევრი ვარიაცია და მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. იმიტომ რომ მომავალი არ არის ერთი სწორი ხაზი, ზუსტი თანმიმდევრობით განვითარებული სცენარით. ის ძალიან გავს ნაძვის წიწვიან ტოტს. ადამიანის ყოველი ნაბიჯი, უმნიშვნელოც კი, განსაზღვრავს როგორ განვითარდება მომავალი. ბედისწერა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის იმდენად მასშტაბურია, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალებასაც უტოვებს.

რატომ არ მჯერა წინასწარმეტყველების. მომავლის არცერთ გამონათებაში, არასდროს არ არის გათვალისწინებული მომვალის ცოდნის ფაქტორი. ადამიანებმა ზოგადად არ იციან რა მოხდება მომვალაში, ამის ცოდნა სხვა ალტერნატიული მომავალია, სხვა მოვლენებით, სხვა სცენარით და სხვა არჩევანით. ეს მომავლის ცოდნის უკუჩვენებაა, როდესაც მომავალს იგებ, ის უკვე აღარასდროს მოხდება, იმიტომ რომ იმ მომავალში შენ არ იცოდი რა მოხდებოდა.  ეს ცოდნა ცვლის ადამიანების არჩევანს, ქმედებებს და გადაწყვეტილებებს. ეს არასწორი ჩარევაა. არავინ, ვინც მართლა ხვდება რამდენად მასშტაბურია ეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია მომავლის გაგების ფაქტი ადამიანისთვის, რამდენის შეცვლა შეუძლია ამ ინფორმაციას, არასდროს ეტყვის მას რა მოხდება. ეს ძალიან არასწორია.  ერთადერთი რითაც შემოვიფარგლები, რის უფლებასაც ვაძლევ საკუთარ თავს, ადამიანის მსუბუქი გაფრთხილებაა, შეფარულად და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. შესაძლოა ესეც არასწორია, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, თავს ვაძლევ უფლებას ყოველგვარი წინასწარმეტყველების გარეშე გავაფრთხილო, ვუთხრა რომ ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ან ცუდი სიზმარი ვნახე, გული ცუდს მიგრძნობს და ა.შ. იმედია ამას არასდროს ვინანებ. ხშირად ვფიქრობ იმაზე უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა დეტალები, თუ ეს მე ვიცი, მას აქვს თუ არა უფლება იცოდეს. ყველაფერს ჰო აქვს თავისი მიზეზი, რატომ არ ვაკეთებ არაფერს ადამიანების დასახმარებლად და მათი ცხოვრების გასამარტივებლად? ან სწორია თუ არა ჩემი არჩევანი არ დავეხმარო მათ ამაში, როცა შემიძლია. იქნებ საქმე მორალურ პრინციპებში არ არის და უბრალოდ მეშინია ან მეც არ მჯერა იმის რაც ჩემს თავშია? ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი აზრი მაქვს და ხანდახან მგონია რომ ამ კითხვებზე სწორი პასუხი არ არსებობს.

არ მჯერა წინასწარმეტყველების, იმიტომ რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებით ჩვენ წაგვართვეს ის მომავალი, ჩვენ ალტერნატიულ მომავალში ვცხოვრობთ. იქნებ ასეც იყო ჩაფიქრებული, თუ წინასწარმეტყველება იყო ძალიან ცუდი, ის უნდა თქმულიყო რომ შეცვლილიყო, იქნებ ჩემსავით სინდისი დაიმშვიდეს ამის თქმით, ან უბრალოდ გააზრებულად შეცვალეს მომავლის საშინელი სურათი, მაგრამ ყველაფერს ვერ შეცვლი უბრალოდ გაჟღერებით. არსებობს ალბათობა. არის მოვლენები, რომელთანაც რამდენიმე ალტერნატიული მომავლის ან უმეტესობა ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს მაინც მიყავხარ, იმიტომ რომ ის ზედმეტად მნიშვნელოვანია, ძალიან იშვიათად გარდაუვალიც. ამ ალბათობის გამოთვლა არც ვიცი როამდენად არის შესაძლებელი, რეალური არის თუ არა საერთოდ.

იმაზეც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილია და მე უბრალოდ მდიდარი ფანტაზია მაქვს, ყველაფერი დანარჩენი დამთხვევებია. პრინციპში ჩემს რეალობაში იმდენი არარეალურია, რომ ეს ვერსია საკმაოდ საფუძვლიანი მეჩვენება. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ამ დროს როცა მომავლის გამონათებები მაქვს და არის თუ არა ეს ჩემი ჰალუცინაციების ნაწილი. 50/50 ვარ, ხან ერთი აზრისკენ ვიხრები, ხანაც მეორისკენ. მაგრამ ჩემთვის ეს ყველა შემთხვევაში თანაბრად მძიმეა. იმასაც ვხვდები, რადმენად არარეალურად ჟღერს და ბევრისთვის ეს ცოტა ფსიქიატრია იქნება წაკითხვისას 😀 არ ვიცი, ვერაფრით ვიმართლებ თავს, პრინციპში არც ვცდილობ. მგონი ვიწყებ იმის გაცნობიერებას რაში მჭირდება საერთოდ ბლოგი და ამ ყველაფრის წერა. ეს აზრები რომელიც თავში მაქვს, დაწერამდე და დაწერის შემდეგ ჩემთვისაც კი განსხვავებულად ჟღერს. ჩემი ბლოგი ჩემი ღუზაა რეალობაში.

 

დაბადება

2 Comments

ბავშვობიდან მეშინია სიმაღლის. ადამიანების უმრავლესობისგან განსხვავებით ზუსტად ვიცი როდის დამეწყო ეს შიში. როცა პირველ კლასში მიწისძვრის დროს კიბიდან ვვარდებოდი და ჰაერში დამიჭირეს. დაჭერა არ მახსოვს. საერთოდ არ მახსოვს არაფერი იმ მომენტიდან როცა ვვარდებოდი, სანამ მიწაზე არ აღმოვჩნდი. მას შემდეგ მე და ჩემი სიმაღლის შიში განუყრელნი ვართ. ის მებრძვის მე ყოველ ნაბიჯზე და ამას ზრუნვით ამართლებს. მე ვებრძვი მას შეძლებისდაგვარად და ამას თავისუფლებით ვამართლდებ. ამიტომ არასდროს მესიზმრება როგორ დავფრინავ, ან როგორ ვიპყრობ მწვერვალებს.

Mountain

სადღაც მთის ძირას ვიდექი, კი მიკვირდა ეს მთა რა უცნაურიათქო, არ ქონდა რელიეფი, გლუვი და იდეალურად მრგვალი იყო, იდეალურად სწორად გადაჭრილი მწვერვალით. იდეალური პეიზაჟით და ტემპერატურით. იდეალური, ოდნავ მოღრუბლული ამინდით და იდეალური მწვანე ფერის ბალახით. მთებს კი უყვართ რევერანსები, მაგრამ მე უცერემონიოდ დავიწყე დაპყრობა. უკვე კარგ სიმაღლეზე ვიყავი, როცა შევნიშნე რომ ბალახი მინიატურული ხეებია, მწერები ჩიტები და ხოჭოები ცხოველები. პირველმა შოკმა რომ გადამიარა მერეღა შევნიშნე, რომ მთას გარშემო ვხვევდი ხელებს და ისე ავდიოდი. შორიდან მეგონა ციცინათელებს ვუახლოვდებოდი, მაგრამ გამოქვაბული აღმოჩნდა. ჩემი სახე არ დამავიწყდება როცა გამოქვაბულში შევიხედე. იმ მეს სახე, შიგნით რომ იჯდა და მიყურებდა. კოცონთან თბებოდა სანამ ჩემი გიგანტური ზომებით არ დავურღვიე მყუდროება. ამ დროს გავაცნობიერე რომ მე გოლიათი ვარ. ჩემი მინიატურული მე წარსულში დავტოვე, მთის გამოქვაბულში. ბოლო რამდენიმე ნაბიჯი ყველაზე მძიმე იყო. უკვე ვიცოდი რომ მე გოლიათი ვიყავი, უკვე ვიცოდი რომ შევიცვალე, უკვე ვიცოდი რომ ვეღარასდროს ვიქნებოდი ისეთი როგორც ადრე, უკვე ვიცოდი რომ წარსულში უსუსური ვყოფილვარ, ვიცოდი რომ ეს ზომები ჩემთვის ჯერ კიდევ მეტისმეტად დიდია და მაშინებდა ის რაც მელოდა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ. კანით ვგრძნობდი ამ მომენტის მნიშვნელობას. ინტუიტიურად ვიცოდი, რომ თუ ის მინიატურული მე, ჩემი წარსულია და ეს გოლიათი მე, ჩემი აწმყო, მწვერვალზე ჩემი მომავალი დამხვდება.

მწვერვალი იყო ქვიშით დაფარული, რაღაცით უდაბნოსაც ემსგავსებოდა გოლიათი რომ არ ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა ჩრდილოეთის ციალი მენახა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მას კვერცხში დავინახავდი. მთის მწვერვალზე დამხვდა კვერცხი, რომელიც ჩრდილოეთის ნათებასავით ფერადად ანათებდა შიგნიდან. გამოჩეკვის მომენტი იყო. ყველაზე შემზარავი შეგრძნება საკუთარი დაბადების ყურება ყოფილა. მე გოლიათი, ჩემი უზარმაზარი ძალით, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვაკონტროლებდი ბოლომდე, თითსაც ვერ ვაკარებდი ჩემი მომავალი მეს ნაჭუჭს, რომ დაბადებაში დავხმარებოდი. მეშინოდა რომ გავანადგურებდი, დავაზიანებდი ან უბრალოდ ვატკენდი რამეს. უბრალოდ ვიჯექი კვერცხის პირდაპირ და ვუყურებდი ჩემს მტკივნეულ დაბადებას. როგორცკი კვერცხი გაიბზარა, სუნთქვა შემეკრა, ჩაკეტილ სივრცეში აღმოვჩნდი სადაც ჰაერი არ იყო. ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს თავს, კედლებს ვეხეთქებოდი იმედით რომ აქედან გაღწევას შევძლებდი…

პირველი რაც დავინახე, უდაბნო და ჩემს წინ მჯდარი გოლიათი იყო, რომელიც ჩემს დაბადებას ელოდა. მე ხელახლა დავიბადე დრაკონად…

მახსოვს რომ ვერ ვსუნთქავდი და ინსტინქტურად მთის კიდისკენ წავედი, იმ მომენტში გამეღვიძა მთის კიდიდან რომ გადავხტი და ფრთები გავშალე… წამოვჯექი ლოგინზე, ვერ ვსუნთქავდი, ავდექი და კარისკენ წავედი, მთელი სახლი გავირბინე, ვერ ვსუნთქავდი, სახლის კარი გავაღე, აივანზე გავედი… ჰაერი… ჩავისუნთქე და გული ამერია… მერე შევამჩნიე რომ დათო გვერდით მედგა, ძალიან შეშინებული სახე ქონდა.

– რა გჭირს?

– საშინელი სიზმარი ვნახე

c48484eff42bf5cc0c2df2bbee559b5b

წერილი მომავლიდან

%(count)s კომენტარი

ზუსტად 10 წელი გავიდა. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი რამე შეიცვალა და რამდენი რამე გადაგხდა თავს, ძირითადად არასასიამოვნო. ნაწილი შენი შეცდომების გამო, ნაწილი იმის გამო რომ ადამიანებს შენი არ ესმით, ნუ ეს ასაკობრივიაო გეუბნებიან, მაგრამ 10 წლის მერეც ასე იქნება 🙂

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებ, ბევრ სისულელეს გააკეთებ, ბევრსაც ჭკვიანურ გადაწყვტილებას მიიღებ და სწორად მოიქცევი, მაგრამ მთლიანობაში მინდა მადლობა გადაგიხადო ყველა შენი სისულელისთვის, შეცდომისთვის თუ სწორი ნაბიჯისთვის, რადგან რომ არა ყველაფერი ეს მე არ ვიქნებოდი ასეთი ზუსტად როგორიც ვარ.

მართალი ხარ როცა ამბობ რომ ადამიანები სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ. შენ ყოველთვის შენს საკუთარ შეცდომებზე ისწავლი, საკუთარ გადაწყვეტილებას დააყენებ პირველ ადგილას, ვინც რაც არ უნდა გითხრას მაინც ყოველთვის იმას გააკეთებ რაც გენდომება, მაინც ბოლომდე არავის ეტყვი რას აპირებ, სანამ არ გააკეთებ და თავად ფაქტით არ შეიტყობენ შენი გადაყვეტილების შესახებ, იმისთვის რომ რჩევაც კი არ მოგცენ. შენ ჰო ვერ იტან რჩევებს 🙂 ვერც ვერასდროს აიტან.

მართალი ხარ როცა არ გეშინია და მიდიხარ რისკზე, იმაშიც მართალი ხარ შენ ცხოვრებაში ცხვირს რომ არავის აყოფინებ. საბოლოოდ თუ ვინმე დაზარალდება შენი შეცდომებით მხოლოდ შენ იქნები, შენც ჰომ მხოლოდ ამის გეშინოდა ყოველთვის როცა რამე სიგიჟეს აკეთებდი? ჰოდა დამშვიდდი ყველაფერს მხოლოდ საკუთარ ტყავზე გამოცდი.

სამხატვრო აკადემიის ეზოში კონცერტზე გაიცნობ ბიჭს რომელიც გულსაც აგიჩქარებს, აგამჩატებს და ცხოვრების სიყვარულიც იქნება, ერთმანეთი ზუსტად ისე გეყვარებათ როგორი სიყვარულისაც არასდროს არ გჯეროდა.

გექნებათ ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ ეს არაფერი, მთავარი და ერთადერთი რაც მინდა რომ შეცვალო, რაშიც მინდა რომ დამიჯერო და მომენდო არის ის, რომ როცა 2006 წელს წახვალთ ერთად ამერიკაში, არ ჩამოხვიდეთ!

მოდი იყოს პარასკევი

დატოვე კომენტარი

მოდი იყოს პარასკევი… იყოს…. ვიმგზავრე… პარასკევს ჩამოვდივარ… ჩემ თავს ვუბრუნდები… სიჩუმეს ვწყვეტ… ანუ წინ მივდივარ… ვაგრძელებ… ვბრუნდები დედამიწაზე სხვა… პლანეტიდან… განზომილებიდან… სინამდვილეში…. არსად არ ვყოფილვარ… სადაც ახლა არ ვარ… ან პარასკევს არ ვიქნები… უბრალოდ ვარ… მაგრამ უფრო ვიქნები… უფრო მე… უფრო ახალი… სინამდვილეში ძველი… უბრალოდ სხვანაირი… ბევრისთვის…მაგრამ ზუსტად ისეთი როგორიც ყოველთვის…ცუდი…სასტიკი… არაჰუმანური… მე ვარ…კი…. ზუსტად… უბრალოდ ამას ეგოიზმიც დავამატე… უფრო სწორად ალტრუიზმი მოვიშორე… დავახრჩვე… ჩავიკალი… დავიღალე და… ბევრი ვიმგზავრე… უბრალოდ მწვერვალი კი არა… სხვა პლანეტის პოლუსი… არ დავიპყარი… მივედი და დავმარხე… ჩემი სისუსტე…ცოცხლად… ვაწამე…დავეცი… დავეხეთქე…ვიცი… ყველაფერი… რასაც იტყვით…პარასკევს…დაწერთ…ერთი სიტყვა… შეცვლის… დავწერ… მანამდე ვიტყვი… მერე დავწერ…აღგაშფოთებთ…ზოგს გაგახარებთ… მშვიდად… ცივი გონებით…უკვე… შუბლზე ძარღვგაწყვეტილი…უნამუსო…მეტად გამიცნობთ…გგონიათ ყველაფერს ვამბობ…შოკი…არაფერს გიყვებით…არავის…ჩემთვის…ვინახავ…ჩემს ემოციებს…ამბებს…წვრილმანებს…პირზე მწერების საწინააღმდეგო ბადე მაქვს…მწერები მყავს…შიგნით…ბევრი…ემოციებად…ფიქრებად…ვერ გამოდიან…კვდებიან…ჩემში…ადამიანი…არ ვარ…მარტო მკვდარი… მწერების სასაფლაო… ვარ…ასეთი…გავშიშვლდი…ვერ ხვდებით…გავშიშვლდი… დაგანახეთ ღინღლები ტანზე… ლუპით… დავამთავრე…არა…გავათავე…ეტაპი…ცხოვრებაში…დავიღალე…მაგრამ არ გავჩერდი…სისხლის ბრალია…ცოტა ნაკლები რომ მქონდეს…რამე…ვიკინგის…კაწია ვიქნებოდი… დოსტოევსკის… მარამ…ჰაგ ვარ… მახინჯი…მეჭეჭიანი…უშნო…უბრალოდ მოგაჯადოვეთ…გელამაზებით ასე…გაშიშვლებული ვდგავარ…მოგწონვართ…ვიცი…მე არ მომწონხართ…გაწამებთ…ყველას…ვერთობი…ასეთი ვარ…არ მაპატიოთ…ისედაც ბედნიერი…ვარ…დავბრუნდი…ჩემი ჩარტერული…ცოცხი…დავიბრუნე…ქვია…წარსული მომვალი…დრო…დროს…როდის…ჩამოვალ…პარასკევს დავწერ…რომ ჩამოვალ… ჩემს თავთან… დავბრუნდები

%d bloggers like this: