მთავარი

ზამთრის ზღაპარი

2 Comments

უძველეს დროში, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო წელიწადის დროები არ არსებობდა. მხოლოდ დღე და ღამე ენაცვლებოდა ერთმანეთს, რომ ადამიანებს ღამით ტკბილად ეძინათ და დღისით ბედნიერად ეცხოვრათ. ადამიანების სიკეთე დედამიწას ტრიალში ეხმარებოდა, ის კი თავის მხრივ მათ სითბოთი და მზის სხივებით ანებივრებდა. იმ დროს ყველა ადამიანი გამორჩეული მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. მათ მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, მწერების და დედამიწისაც კი ესმოდათ. ისინი ჩვენთვის გასაგებ არცერთ ენაზე არ საუბრობდნენ, რადგან უნივერსალურ  – მუსიკის ენას ფლობდნენ და ჰანგებით ურთიერთობდნენ სამყაროსთან და ერთმანეთთან.

გამოხდა ხანი, დედამიწისგან განებივრებული ადამიანები უფრო და უფრო იშვიათად მღეროდნენ. კიდევ ბევრი საუკუნე გავიდა სანამ ერთხელაც არ დაიბადა ბავშვი, რომელსაც მუსიკალური ნიჭი არ ქონდა, ასეთი ბავშვები სულ უფრო ხშირად იბადებოდნენ და ადამიანებს სხვა, მათთვის გასაგები არამუსიკალური ენის გამოგონება მოუწიათ. დრო გადიოდა და ადამიანები სამყაროსთან კავშირს წყვეტდნენ, ერთ დღეს კი ისიც დაივიწყეს, რომ დედამიწას მათი სიკეთე ატრიალებდა. სწორედ მაშინ მოვიდა პირველი თოვლი.

დედამიწა არ ნებდებოდა და იმედს იტოვებდა, რომ თოვლის მოსვლით ადამიანებს მისი მზრუნველობა გაახსენდებოდათ. დრო გადიოდა, ადამიანები  თბილ სახლებს იშენებდნენ და ცხოველებს კლავდნენ ქურქებისთვის. ერთხელაც დედამიწა ისე გაბრაზდა ადამიანებზე, რომ რამდენიმე წელი არ გაზაფხულდა. ყველაფერი ყინულმა დაფარა, ადამიანებისთვის თბილი ქურქი და თავშესაფარი არ აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ მაშინაც ვერ გაიხსენეს რატომ ბრუნავდა დედამიწა. სწორედ მაშინ მოჭრეს პირველი ხე და დაანთეს ცეცხლი. დედამიწას სულ აუცრუვდა გული ადამიანების სიკეთეზე, მაგრამ ბოლომდე არ გაწირა ისინი და გაზაფხულიც დადგა. ასე შეიქმნა წელიწადის დროები.

მას შემდეგ დედამიწა ანებივრებს ზაფხულით ადამიანებს, რომ თავისი მზრუნველობა შეახსენოს, ამარაგებს შემოდგომით რომ ბოლომდე არ გაწიროს, აშინებს ზამთრით რომ წყენა გამოხატოს და მოყავს გაზაფხული რომ გადაარჩინოს ისინი. ადამიანები კი ყოველ წელს უფრო მეტ ხეს ჩეხენ, უფრო მეტ მდელოს აუდაბნოებენ, უფრო მეტად აბინძურებენ ჰაერს და აავადებენ დედამიწას. ისინი იგონებენ რთულ მოწყობილობებს, რომ გაიგონ როგორ ბრუნავს დედამიწა. შეიძლება გიკვირს კიდეც მკითხველო დარდმა და ავადმყოფობამ აქამდე როგორ არ მოუღო ბოლო მოხუც დედამიწას, მაგრამ სანამ ერთი კეთილი ადამიანი მაინცაა დარჩენილი, რომელსაც ის გულწრფელად უყვარს, დედამიწა არ გაჩერდება.

planet-earth-from-space

Never Forget to Dream

2 Comments

არ მეგონა თუ წელს კიდევ მივწერდი წერილს სანტას, ამდენი საყვედური მისთვის ალბათ არასდროს მიმიწერია. მაგრამ მივწერე ერთი, ყველაზე მთავარი, რომელიც ჩემს ბლოგზე ვერ მოხვდა. ის საქართველოს ბანკის Orange Santa-ს გავუგზავნე. შეიძლება აქამდე იმიტომ არ მისრულდებოდა სურვილები, რომ იმ სანტამ, ლაპლანდიელმა, ქართული არ იცის. ჩემი საახლწლო სურვილი ბევრისთვის ყოვლად არასაჭირო ნივთში მდგომარეობდა.

32470_1452489799089_5211071_n

2007 წლის დამდეგია, ნიუ იორკში ახალ წელს თუ არ ყოფილხართ აუცილებლად წადით. იქ იგრძნობთ რამდენად ჯადოსნური შეიძლება იყოს ახალი წელი. მე და დათო მოვსეირნობდით როკფელერის ცენტრიდან,  45-ე ქუჩიდან შევუხვიეთ და გადაკვეთაზე მუსიკალურ მაღაზიასთან მოვხვდით, რომელიც 1884 წლიდან არსებობდა და მისი კედლები მთლიანად დაფარული იყო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ლეგენდარული ვარსკვლავების ავტოგრაფიანი ფოტოებით. ამ მაღაზიაში ყველა სახის და წარმოების, ასაკისა და ფერის ინსტრუმენტს შეხვდებოდით.

დათომ ყოველთვის იცის რა უნდა, ამიტომ ბევრი არც უფიქრია ისე ჩამოხსნა გიბსონი და დაიწყო დაკვრა. უამრავი ელექტროპიანოდან თითქმის ყველასთან დავჯექი, შევეცადე მომერგო. ზოგის სიმაღლე არ მომეწონა, ზოგის კლავიშების მგრძნობელობა, ზოგის ფერი, ხმა და ბოლოს ვიპოვნე ის ერთადერთი, რომელიც იყო იდეალური ჩემი თითების გაგრძელება. ეს იყო ინსტრუმენტი მთელი თავისი არსით, ინსტრუმენტი არა მხოლოდ როგორც მუსიკალური, არამედ ინსტრუმენტი გაგეზიარებინა მუსიკა, ის იყო საშუალება, კომფორტი, ის ხდებოდა შენ, შენი შთაგონების ყალიბი. მერე დავიწყეთ დაკვრა. მე კლავიშზე, დათომ გიტარაზე. პრინციპში არაფერი საეჭვო და საერთოდ არაფერი შეგვიმჩნევია, სანამ ტაშის ხმა არ გავიგეთ. ასე იქცა ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, გამოუსადეგარი და უსარგებლო ნივთი ჩვენ ოცნებად.

229973_10151325172868586_1069278536_n

როცა ტელევიზიით გათამაშებებს ვუყურებდი ხოლმე და გამარჯვებულები არაორდინალურად იქცეოდნენ ვფიქრობდი როგორ მოვიქცეოდი ნეტა მე მათ ადგილას. არადა ტელევიზიით იცი მაინც, ელოდები, უყურებ, მორალურად ემზადები რომ აი შენი ნომერია, მერე რა რომ ბოლო სამი ციფრი არ ჩანს, მაინც იმედს იტოვებ, რომ ის სამი ციფრი შენია და ეს ამსუბუქებს შენს მდგომარეობს.

დათო უკვე ზედიზედ მეორედ იყო ღამის მორიგე. მე ჩემს მანსარდში ვიჯექი კომპიუტერთან და მექანიკურად ვწერდი, გადაღლილი, გადამწვარი, საახალწლო განწყობას სრულიად მოკლებული და ვცდილობდი არ მეფიქრა სხვენში შენახულ ნაძვისხეზე. ღამის ათის წუთებზე საქართველოს ბანკის ნომრიდან დამირეკეს, არ ველოდი. იმიტომ რომ არც ვალი მაქვს და თან ღამეა. არცერთი წამით არ მიფიქრია რომ მირეკავდნენ Orange Santa -ს კანცელარიიდან, იმიტომ რომ არმოგებას შეჩვეული ვარ, არც გავბრაზდებოდი და არც ლანძღვას დავუწყებდი, ძალიანაც რეალურია 17 000 წერილიდან თუ შენზე უკეთესი სხვა აღმოჩნდება. მიჭირს იმის გახსნება რა მოხდა მერე, მახსოვს რომ რაღაც მომენტში გავჩუმდი, ხმა ჩამივარდა, მერე ვეღარ ვიმორჩილებდი ნიკაპს და ბოლოს ავსლუკუნდი, კი რაღაცეებს ვყვიროდი ზუსტად ისე ტელევიზორიდან რომ ყვირიან ხოლმე ხმაჩახლეჩილები და ვიცინოდი ისტერიულად, თან ვსლუკუნებდი და ვტიროდი.

382869_461687147222810_1265087938_n

დათო უნდა მოსულიყო დილით ღამის მორიგეობიდან. ნაძვისხე აღმოჩნდა სხვენში გაჭედილი და არა შენახული. მე დაახლოებით 45 გრადუსით გადახრილი თითის წვერებზე ვიდექი წიგნებზე, წიგნები იდო სკამზე და რომ დაიძახა და წამოვიდა ნაძვისხემ, გადმოყვა სათამაშოების ყუთი, დასრიალდა წიგნი, ჩამოვყევი მე და ბოლოს ნაძვისხე მქონდა თავში მორტყმული. ასე სწრაფად ჯერ არასდროს მომირთავს ოთახი.  საერთოდ სიკეთე გადამდებია. ჩავხედე სათამაშოებით, ნათურებით, ძველი ნაძვის ხითა და წვიმებით სავსე ყუთს და გადავწყვიტე მეც ვყოფილიყავი წელს ვინმეს სანტა, დავაწერე ზემოდან “საახალწლო სათამაშოები სანტა კლაუსისგან” და არ მოვყვები იმას თუ როგორ, მაგრამ როგორღაც გავიტანე ქუჩაში, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ეს იყო ტელევიზორის დიდი ყუთი და თანაც გაძეძგილი.

314572_10151324141183586_728058065_n

უკვე ღამის სამი საათია დ სასწრაფოდ მჭირდება ლეგენდა ე.წ. სცენარი, რომელიც იქნება იმდენად დამაჯერებელი, რომ მორიგეობიდან მოსულ და ორი ღამის ნათევ დათოს აიძულებს არ დაიძინოს. ეს ყველაზე კეთილი ტყუილი იყო, რომელიც ოდესმე მითქვამს. კარგად ვიტყუები, მაგრამ ძალიან ეძინებოდა, იმდენად, რომ გეგმის შეცვლა და იმპროვიზაცია იყო საჭირო. საბოლოოდ დათო თბილ ლოგინში ჩაღუნღულების ნაცვლად მანსარდში, დივანზე, საძილე ტომარაში ელვაშეკრული აღმოჩნდა. ეს იმისთვის, რომ სწრაფად გამეღვიძებინა და ჩაცმა არ დასჭირვებოდა სანტას მოსვლისას.

არასდროს მინახავს ასეთი ბედნიერი და გაოგნებული ერთდროულად. უჭირდა ემოციების გამოხატვა, იყო ჩუმად გაფართოებული თვალებით და ცდილობდა დაბნეულობა არ შეემჩნია, მე რაღაცეებს ვლაპარაკობდი გაუჩერებლად, ვიცინოდი, მადლობებს ვიხდიდი, თუმცა ყველას ყურადღებას მაინც დათოს გაოგნებული ბედნიერება იპყრობდა.

24 საათის უძინარი, დღეს ისევ ღამის მორიგეა 12 საათით, მაგრამ ვიცი რომ ბედნიერია, იმიტომ რომ მას აქვს არა აბსტრაქტული, პოლიტიკური, მიუწვდომელი ან არარეალური, არამედ ხელშესახები, ფიზიკური, მუქი შავი ფერის, სრული დინამიური კლავიატურითა და უამრავი სხვა ფუნქციით, ყველაზე ერგონომიული ოცნება, რაც კი არსებობს დედამიწაზე. საახალწლო საჩუქარი – ელექტრო პიანო სანტასგან.

75968_10151325286753586_1256001586_n

კიდევ ერთი პოსტი ჯეოსტარზე

4 Comments

რამდენიმე დღეა ყველა ჯეოსტარზე წერს, მანამდე ყველა საუბრობდა :))) უფრო ადრე უმესიჯებდა და ოდესღაც იდეაც იყო.

იდეა სავარაუდოდ იყო გაეკეთებინათ პოპულარული, გასართობი, მუსიკალური გადაცემა, რომელიც ახალ სახეებს შექმნიდა ქართულ რეალობაში…

რა მივიღეთ… ნუ პოპულარული დიახ, გასართობი ხშირად მათთვის ვინც მუსიკის მოყვარული არ არის… თუმცა გულახდილად რომ ვთქვა ეს კონკურსია და მე დამიჭერია ჩემი თავი როცა ვერ ამიტანია და ჩამიწევია კიდეც ტელევიზორისთვის, ან საერთოდ გადამირთავს…

მაგრამ სნობიზმი დამიძლევია, იმიტომ რომ ეს კონკურსია და იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემი თავიც კი დამიყენებია კონკურსანტების ადგილას როცა ერთ კვირაში შეიძლება ძალიან სერიოზული და რთული კომპოზიცია გქონდეს მოსამზადებელი…

დღეს კვირაა, არც ვმუშაობ, არც მაინცდამაინც გადატვირთული ვარ და უამრავი დრო მქონდა ყველა პოსტი წამეკითხა რაც კი ჯეოსტარზე დაიწერა, უმეტესობა იყო უარყოფითი და არც მე მომწონს ბევრი რამ ამ პროექტში, მაგრამ…

ეს არის რეალურად პირველი ასეთი სახის პროექტი საქართველოში, რომელმაც ასეთი პოპულარობა მოიპოვა… საიდანღაც უნდა დაიწყო… ფაქტია რომ პირველი ჯეოსტარიდან დღემდე პროგრესია…

ეს კონკურსანტებზეც აისახება, რეპერტუარზეც და იმაზეც ვის უჭერს მხარს მაყურებელი…

მე ვუყურებდი ჯეოსტარს ყოველ კვირა… არა იმიტომ რომ განსაკუთრებული და განუმეორებელი შესრულება მომესმინა რომელიმე კომპოზიციის, არამედ იმიტომ რომ მაინტერესებდა რას იზავდნენ ეს ადამიანი, როგორ შეასრულებდნენ, რას იმღერებდნენ, როგორ გამოუვიდოდათ…

გამეცინა სულელურ შეცდომებზე, მომწონებოდა კარგი შესრულება ან ხმა დამეწია საშინელი მუსიკალური ნომრის დროს… მაგრამ შანსი მიმეცა ჯეოსტარელებისთვის და მიუხედავად ყველაფრისა მაინც მომესმინა მათი გამოსვლები

პ.ს. მომიტევოს იმედგაცრუებულმა მკითხველმა, რომელიც ელოდა რომ პოსტი ჟიურის სუბიექტურობასა ან ნაკლებზე, მონაწილეების უსმენობასა ან უნიჭობაზე და გულშემატკივრის უგემოვნობაზე იქნებოდა : ))))

ჩემი პოსტი სპეციალურად ნიჭიერისთვის ჯეოსტარზეა, პროექტზე რომელიც დამწყები მომღერლისთვის ან უბრალოდ თამამი, მაგრამ არც ისე ნიჭიერი ადამიანებისთვის ცხოვრების საინტერესო ეტაპია

მათთვის ვისაც მოგზაურობა უყვარს

დატოვე კომენტარი

შავი ვუალით და გრძელი ხელთათმანებით ელეგანტურად შემოსილი, ჩემს პირდაპირ მჯდომ მამაკაცს თეთრ სმოკინგში, რომელსაც ბაბთა ყელში ისე ქონდა წაჭერილი, რომ მის მაგივრად სუნთვა შევწყვიტე,  ჩემი შავი მოხდენილი მუშტუკიდან გამოწოვილ ნაცრისფერ კვამლს სახეში ვაბოლებდი თავდავიწყებით და ერთადერთი რაც მახსოვდა ის იყო, რომ დოსტოევსკიზე არ ვფიქრობდი და როცა მივხვდი, რომ ჩემი მახრჩობელაბაბთიანი მეგობრისთვის ეჭვიანი ცოლის საწამლავს სულ მოეღო ბოლო, ბარიდან გამოვედი, მაგრამ შავი ლინკოლნის ნაცვლად რომელსაც ჩემი პირადი მძღოლი მართავდა, ცხენზე ამხედრებულმა კასტილიის მინდვრებზე ყვავილები გავთელე ჩემი უმშვენიერესი ცხენით, რათა ქარის წისქვილებს შევბრძოლებოდი. როცა მივხვდი, რომ ქალი ვარ და დონ კი ხოტი ვერ ვიქნებოდი, გადავწყვიტე თავბრუდამხვევ დულსინეად ვქცეულიყავი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ დულსინეა ყოველთვის მახინჯი მეგონა და ჩემივე შეთხზული ზღაპრული სასახლის კიბეები ჩამოვირბინე, ალბათ ამ თავგადასავალსაც ადვილად დავაღწევდი თავს კიბეზე ფეხსაცმელი, რომ არ დამეკარგა. ხოლო როდესაც ფანჯრიდან დავინახე ეტლიდან გადმოსული პრინცი ჩემი დედინაცვლის შვილებს უზარმაზარ ფეხებზე, ჩემს პატარა ფეხსაცმელს როგორ ტენიდა, მივხვდი, რომ კონკიას არც თუ ისე კარგი გემოვნება ქონია და მისგან თავის დასაღწევად ფანჯარაში შემოფრენილ ბიჭუნასთან ერთად გავფრინდი არარსებულ კუნძულზე. ხოლო როცა გავიზარდე და დავბერდი, პიტერ პენმაც გადამიყვარა და მხოლოდ წითელქუდას ბებიობაღა მხვდა წილად. ყველაფერი ჩემი ფრენის შემდეგ დაიწყო ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსინჯე ბედი მფრინავად და პირველივე რეისით დავბრუნდი ესპანეთში თავბრუდამხვევ კარმენად.

%d bloggers like this: