მთავარი

დაბადება

2 Comments

ბავშვობიდან მეშინია სიმაღლის. ადამიანების უმრავლესობისგან განსხვავებით ზუსტად ვიცი როდის დამეწყო ეს შიში. როცა პირველ კლასში მიწისძვრის დროს კიბიდან ვვარდებოდი და ჰაერში დამიჭირეს. დაჭერა არ მახსოვს. საერთოდ არ მახსოვს არაფერი იმ მომენტიდან როცა ვვარდებოდი, სანამ მიწაზე არ აღმოვჩნდი. მას შემდეგ მე და ჩემი სიმაღლის შიში განუყრელნი ვართ. ის მებრძვის მე ყოველ ნაბიჯზე და ამას ზრუნვით ამართლებს. მე ვებრძვი მას შეძლებისდაგვარად და ამას თავისუფლებით ვამართლდებ. ამიტომ არასდროს მესიზმრება როგორ დავფრინავ, ან როგორ ვიპყრობ მწვერვალებს.

Mountain

სადღაც მთის ძირას ვიდექი, კი მიკვირდა ეს მთა რა უცნაურიათქო, არ ქონდა რელიეფი, გლუვი და იდეალურად მრგვალი იყო, იდეალურად სწორად გადაჭრილი მწვერვალით. იდეალური პეიზაჟით და ტემპერატურით. იდეალური, ოდნავ მოღრუბლული ამინდით და იდეალური მწვანე ფერის ბალახით. მთებს კი უყვართ რევერანსები, მაგრამ მე უცერემონიოდ დავიწყე დაპყრობა. უკვე კარგ სიმაღლეზე ვიყავი, როცა შევნიშნე რომ ბალახი მინიატურული ხეებია, მწერები ჩიტები და ხოჭოები ცხოველები. პირველმა შოკმა რომ გადამიარა მერეღა შევნიშნე, რომ მთას გარშემო ვხვევდი ხელებს და ისე ავდიოდი. შორიდან მეგონა ციცინათელებს ვუახლოვდებოდი, მაგრამ გამოქვაბული აღმოჩნდა. ჩემი სახე არ დამავიწყდება როცა გამოქვაბულში შევიხედე. იმ მეს სახე, შიგნით რომ იჯდა და მიყურებდა. კოცონთან თბებოდა სანამ ჩემი გიგანტური ზომებით არ დავურღვიე მყუდროება. ამ დროს გავაცნობიერე რომ მე გოლიათი ვარ. ჩემი მინიატურული მე წარსულში დავტოვე, მთის გამოქვაბულში. ბოლო რამდენიმე ნაბიჯი ყველაზე მძიმე იყო. უკვე ვიცოდი რომ მე გოლიათი ვიყავი, უკვე ვიცოდი რომ შევიცვალე, უკვე ვიცოდი რომ ვეღარასდროს ვიქნებოდი ისეთი როგორც ადრე, უკვე ვიცოდი რომ წარსულში უსუსური ვყოფილვარ, ვიცოდი რომ ეს ზომები ჩემთვის ჯერ კიდევ მეტისმეტად დიდია და მაშინებდა ის რაც მელოდა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ. კანით ვგრძნობდი ამ მომენტის მნიშვნელობას. ინტუიტიურად ვიცოდი, რომ თუ ის მინიატურული მე, ჩემი წარსულია და ეს გოლიათი მე, ჩემი აწმყო, მწვერვალზე ჩემი მომავალი დამხვდება.

მწვერვალი იყო ქვიშით დაფარული, რაღაცით უდაბნოსაც ემსგავსებოდა გოლიათი რომ არ ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა ჩრდილოეთის ციალი მენახა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მას კვერცხში დავინახავდი. მთის მწვერვალზე დამხვდა კვერცხი, რომელიც ჩრდილოეთის ნათებასავით ფერადად ანათებდა შიგნიდან. გამოჩეკვის მომენტი იყო. ყველაზე შემზარავი შეგრძნება საკუთარი დაბადების ყურება ყოფილა. მე გოლიათი, ჩემი უზარმაზარი ძალით, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვაკონტროლებდი ბოლომდე, თითსაც ვერ ვაკარებდი ჩემი მომავალი მეს ნაჭუჭს, რომ დაბადებაში დავხმარებოდი. მეშინოდა რომ გავანადგურებდი, დავაზიანებდი ან უბრალოდ ვატკენდი რამეს. უბრალოდ ვიჯექი კვერცხის პირდაპირ და ვუყურებდი ჩემს მტკივნეულ დაბადებას. როგორცკი კვერცხი გაიბზარა, სუნთქვა შემეკრა, ჩაკეტილ სივრცეში აღმოვჩნდი სადაც ჰაერი არ იყო. ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს თავს, კედლებს ვეხეთქებოდი იმედით რომ აქედან გაღწევას შევძლებდი…

პირველი რაც დავინახე, უდაბნო და ჩემს წინ მჯდარი გოლიათი იყო, რომელიც ჩემს დაბადებას ელოდა. მე ხელახლა დავიბადე დრაკონად…

მახსოვს რომ ვერ ვსუნთქავდი და ინსტინქტურად მთის კიდისკენ წავედი, იმ მომენტში გამეღვიძა მთის კიდიდან რომ გადავხტი და ფრთები გავშალე… წამოვჯექი ლოგინზე, ვერ ვსუნთქავდი, ავდექი და კარისკენ წავედი, მთელი სახლი გავირბინე, ვერ ვსუნთქავდი, სახლის კარი გავაღე, აივანზე გავედი… ჰაერი… ჩავისუნთქე და გული ამერია… მერე შევამჩნიე რომ დათო გვერდით მედგა, ძალიან შეშინებული სახე ქონდა.

– რა გჭირს?

– საშინელი სიზმარი ვნახე

c48484eff42bf5cc0c2df2bbee559b5b

წარმოსახვითი ალპინისტი…

დატოვე კომენტარი

თვალი გავახილე და ჩავისუნთქე. ჩემი მომწარო ყავის გემო მინდა ვიგრძნო ამ დილით. ლოგინიდან ფრთხილად ვდგები, ვსწორდები, ჯერ ერთი ფეხის წვერს ვახებ ცივ იატაკს, მერე მეორეს. ნელა წამოვდგები, რომ არ დავიმსხვრე. ცხელი ფეხისგულებით ვდგამ პირველ ნაბიჯს და მსიამოვნებს დილის ცივი იატაკი. გამოვიგონებ პატარა ქვებს ტბის მეორე მხარეს რომ გადავყავარ. ერთ ქვაზე წერია “დილა”, მეორეზე “მშვიდობის”, მესამეზე წერია “არაფერი”, კარს ვეჯახები, იმიტომ რომ ჩემს წარმოსახვაში კარი არ არის. ყოველ დილით 10:09 წუთზე უცნაური გრძნობა მიპყრობს, მომავალი მინდა გამოვიგონო, ჩემი ბებერი თავი სარკეში და შვილები, მაგრამ ფანტაზია არ მყოფნის. ჰაერი არ მყოფნის რომ ვიყო ჯანმრთელი, ფული რომ ვიყო საკმარისად მდიდარი, დრო… დრო მარტო ტრაგედიებისთვის მყოფნის, რადგან ტრაგედიისთვის ერთი წამიც საკმარისია. გამბედაობა არ მყოფნის, რომ მთასვლელი ვიყო და ამიტომ მხოლოდ ვწერ მწვერვალებზე, რომლის დაპყრობაც მსურს.

%d bloggers like this: