მთავარი

Libertease

2 Comments

viveros-1კონიაკიანი ჩაი მენატრება, ბათუმში რომ ვსვამდი. ზღვა ჰო მიყვარს, მაგრამ საცურაოდ არა, საყურებლად, ზღვის ხედით კონიაკიან ჩაის არაფერი შეედრება. აქ ოკეანე მაქვს, ოკეანე სულ არ მიყვარს, რაღაცნაირია, ვულგარული. ეს ქალაქი ჩემი კოშმარებისთვის მისწრებაა. რაც ჩამოვედი ხშირად ვხედავ ერთ ახალ და ერთ ძალიან ძველ სიზმარს. ახალში მე ქვის ლაბირინთში გავრბივარ, მაღალი კედლებია და მზის სხივები ვერ მწვდება, უცბად ცა იღუშება, სულ შავდება და ქვემოთ ჩამოდის, მაწვება, გავრბივარ და მომსდევს, თან დიდდება და ბოლოს მთელ ცას რომ ფარავს მეღვიძება. ძველ სიზმარში ისევ იმ სააბაზანოში ვდგავარ, ცისფერი და მწვანე მოზაიკითაა დაფარული კედლები და იატაკი, სიძველისგან გაყვითლებულია და ალაგ-ალაგ ამოტეხილი. მე სარკის წინ ვდგავარ, ხელში მოჩუქურთმებული ხისტარიანი დანა მიჭირავს დახერხილი კბილებით და კანს ვისერავ, თან ბოუის ჩეინჯის ვღიღინებ და კანს გარედან შიგნით ვიტრიალებ, მერე ძალიან აკურატულად ვაკერებ აჭრილი კანის ნაგლეჯებს ერთმანეთს, ორგანოებს ვიღებ და ზემოდან ვიკერებ, ბოლოს თვალებს ვიტრიალებ, შიგნიდან ცისფერია.

ორსულობისას ხშირად წარმოვიდგენდი როგორი დედა ვიქნებოდი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თითქმის არაფერი იქიდან რასაც ვგეგმავდი არ გამიკეთებია. ძნელია საკუთარ თავთან შეჯიბრება, ვერასდროს მოიგებ. თან ეს ხალხმრავლობა. არაფერი მიჭირს იმაზე მეტად განმარტოება რომ არ შემიძლია. ვიღაცას პირადი სივრცე შეიძლება ტანსაცმელზე უფრო მეტად შემოტკეცილი აქვს ტანზე, მაგრამ ჩემი პირადი სივრცე იმხელაა ხანდახან რომ ჰორიზონტზე სულიერს არ უნდა ვხედავდე. რაგავაკეთო. სიმწვანე, ჰაერი და სივრცე მჭრდება რომ თავი გამოვიცარიელო ფიქრებისგან, თორე მერე მიგროვდებიან და ღამე არ მაძინებენ. გამარჯობა ინსომნია.

რაც თავი მახსოვს ყველა ზამთარი ერთნაირია. წვიმიანი, ქარიანი, ალაგ-ალაგ მზიანი. არ მიყვარს თოვლი, მგონი არასდროს მითქვამს მიზეზი რატომ მეშინია თოვის, მგონია რომ ერთხელაც აუცილებლად უნდა მოვკვდე თოვლიან დღეს, პირდაპირ ნამგლიანი სიკვდილის ნაბიჯების ხმა მესმის ბარდნისას. უკვე მესამე დღეა ნიუ-იორკში თოვლს აცხადებენ, მაგრამ ჯიუტად არ თოვს. მიხარია, ყველაზე საშინელი ქალაქია სამყაროში და არ თოვდეს მაინც.

რომ მეკითხებიან როგორ ხარო, მე როგორ ვარ? კარგად არამიშავს. აბა ჰო არ მოვყვები ყველაფერს რაც მაწუხებს. ჩემი ძაღლი მენატრება, დედაჩემი, ჩემი მეგობრები, ჩემი თავი მენატრება პოზიტიური, ჩემი სახლი მენატრება სადაც 2 თვეც ვერ ვიცხოვრე და 4 წელი სისხლის ფასად დამიჯდა ყველა სანტიმეტრი.

ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოულოდნელად მაქვს მიღებული. ყოველდღიურ წვრილმანებზე შემიძლია საათობით ვიფიქრო, სანამ ბოლო დეტალამდე არ გავთვლი და ყველა შესაძლებლობას არ ავწონ-დავწონი, რომ რისკები მინიმუმადე დავიყვანო. აი რაც მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებებში თვალდახუჭული ვეშვები დაუფიქრებლად. მერე რომ ვეხეთქები, ხან ფეხს ვიტეხ, ხან თავს, მტკივა, მიხორცდება, ვკოჭლობ, ტვინშერყეული ვარ, ვიმართები და ვაგრძელებ სიარულს წინ.

სამაგიეროდ ჯეი მყავს, გამიღიმებს და მავიწყდება ყველაფერი.

რაც არ მკლავს, ის მაძლიერებს

5 Comments

მოკლედ ვაგრძელებ. ვცდილობ თავს ძალა დავატანო და ვიყო გულახდილი, ამიტომ ისევ ვწერ მორიგ პოსტს და ვყვები იმას რაზეც არ მომიყოლია. შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა თუ არ გინდა რას ყვებიო? ნუ მე გამიჩნდებოდა . მაგრამ იმდენი წელი არ ვიყავი გულახდილი და იმდენხანს ვიყავი ზედაპირული, რომ ინდეფერენტულობის პიკს მივაღწიე და როგორც არ უნდა შევნიღბო ჩემი უემოციობა, უკვე მე შევწუხდი. კი ეგოისტი ვარ, საშინლად. ამას მარტო ჩემთვის ვაკეთებ, იმიტომ რომ მე არ მინდა ვიყო უგრძნობი, მაგრამ იყო დრო როცა მიუხედავად ჩემი ჩაკეტილი ხასიათისა ასეთი არ ვიყავი. რთულია აღიარო, რომ ყველაფერს რასაც ამბობ შენიღბვის საშუალებაა, უბრალოდ იმიტომ რომ კითხვებისგან დაიცვა თავი, ან ყურადღება არ მიიქციო. დღეს მოვყვები ერთ ცუდ ამბავს ჩემი ცხოვრებიდან, უფრო სწორად მტკივნეულს.

2008 წელი ყველაზე საშინელი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ ბევრი წლის განმავლობაში ბავშვი საერთოდ არ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ დათოსთან თავს კარგად ვგრძნობდი. არც ვიცი ზუსტი მიზეზი, ან შეიძლება იმდენად საშინელი მიზეზია რომ ჩემი ქვეცნობიერი მიფრთხილდება, მაგრამ ამ სურვილის მიზეზს დღემდე ვერ ვაცნობიერებ.

ისტორია უბანალურესად დაიწყო, რამდენიმედღიანი გადაცდენა, ცოტა ნერვიულობა, მაღაზიაში პურზე ჩასვლა, რომელიც ისედაც გვქონდა და ჩუმად ტესტის გაკეთება, რომელმაც 2 ხაზი აჩვენა. აი ასე გავიგე რომ ორსულად ვიყავი. გამიხარდა, მიუხედავად იმისა რომ ბავშვი არ მინდოდა, ვაღიარებ რომ გამიხარდა. ვიცოდი, რომ ბევრს ლამის გაჩენამდე უჭირდათ გაცნობიერება, ამ ემოციის განცდა. მე არ გამიჭირდა, მაშინვე ვიგრძენი, აღვიქვი, გავაცნობიერე და უბედნიერესი გავხდი, რაღაც ერთ წამში, ზუსტად ასე იყო. მერე იყო კონსულტაცია ექიმთან, მეგობრების მოლოცვები და ბედნიერი რამდენიმე დღე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ დამეწყო პანიკა, აი ასე უბრალოდ გადავწყვიტე რომ ცუდად ვარ, თან ძალიან ცუდად, ისე რომ დავწექი და აღარ ვდგებოდი ლოგინიდან, ვამტკიცებდი რომ ცუდად ვიყავი. არაფერი არ მტკიოდა, არაფერი მაწუხებდა, მაგრამ აი ვგრძნობდი რომ ძალიან ცუდად ვიყავი.

საერთოდ ჩემს ორგანიზმს აქვს ერთი კარგი თვისება, უფრო ჩემს ტვინს, ყოველთვის სანამ ავად გავხდები, გაციების წინაც კი, სიმპტომების გამოვლენამდე, ჩემი ორგანიზმი განგაშს წევს და აი ყოვლად აუხსნელად ვგრძნობ რომ ცუდად ვარ, უფრო სწორად ცუდად ვხდები. ამჯერადაც დავუჯერე. მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს ტიპიური ისტერიჩკა ორსული ვეგონე და ეს არც დაუმალავთ :დ მეწყინა. რთულია როცა იცი რომ ცუადად ხარ, ამას ვერ ამტკიცებ და კაციშვილს არ ჯერა შენი. მახსოვს როგორ დავურეკე ჩემს მეგობარს, რომელსაც ქმარი ქირურგი-გინეკოლოგი ყავს, კვირა დღე იყო და ლამის ტირილით ვუთხარი რომ კონსულტაციაზე მივიდოდი ორშაბათს ირაკლისთან, იმანაც კარგა გვარიანად გამომლანძღა რა განერვიულებს არაფერი გაწუხებს, ემოციებში ხარო და ასე დავიძინე როგორც იქნა.

ორშაბათი რომ გათენდა, მახსოვს რომ გადმოვტრიალდი დათოსკენ, გავაღვიძე სამსახურში უნდა წასულიყო და ვუთხარი რომ ეს ბავშვი არ გაჩნდებათქო. გაბრაზდა, ნერვებზე ხარო და წავიდა. პირველივე ტაქსი გავაჩერე დილაუთენია. დანგრეულმა შესტმა გამოიარა და ისე იარა, გზაში ვფიქრობდი აქამდე თუ არაფერი მჭირდა ახლა დამემართებათქო.

შევედი ეხოზე, იცი კი ვიყავი მართლა განერვიულებული იმით რასაც ვგრძნობდი და იმით რომ ჩემი არავის ჯეროდა, მაგრამ იმედის რაღაც მარცვალიო რომ ამბობენ მქონდა ჯერ კიდევ. მქონდა სანამ ეხოსკოპისტს სახე არ შეეცვალა და ირაკლის არ დაურეკა შემოდიო.

მერე მახსოვს ირაკლის სიტყვები რომ არ უნდა მენერვიულა, ძალიან მარტივი ოპერაცია იყო, რომ პროცესი უკვე დაწყებული იყო და თუ ვინერვიულებდი ან ზედმეტ მოძრაობას გავაკეთებდი ნაყოფის მდებარეობის გამო, უარეს შემთხვევაში სისხლისგან დავიცლებოდი სანამ საოპერაციომდე მიმიყვანდნენ და უკეთეს შემთხვევაში უშვილო დავრჩებოდი, რადგან შინაგანი სისხლდენა კაი ხნის დაწყებული იყო და ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული.

მერე ბუნდოვნად მახსოვს როგორ ამიყვანეს საკაცეთი. სადღაც შუალედში დათოს დავურეკე და მოვიდა, უკვე პალატაში ვიყავი, მახსოვს ვეუბნებოდი რომ ძალიან მეშინოდა და მეგონა რომ ვერ გადავრჩებოდი, რომ არც მინდოდა გადარჩენა და ცხოვრებაში პირველად მინდოდა რომ მქონოდა არჩევანის გაკეთების საშალება, მინდოდა მქონოდა არჩევანი რომ ბავშვს ეცოცხლა და არა მე, მაგრამ ასეთი არჩევანი არ იყო. მახსოვს რომ ტელეფონზე სტაიანშიკმა დაურეკა მანქანა გადააყენეო და მე ვეხვეწებოდი ახლა შემიყვანენ არ წახვიდე, შემიყვანენ და მერე ჩადითქო, 2 წუთში ამოვალო, გავიდა და შემიყვანეს. ამას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ მაშინ ჩემს გვერდით არ იყო. ჰო სწორად დავწერე ვერ ვაპატიებ, უბრალოდ ამით ცხოვრება ვისწავლე მის გვერდით.

მერე მახსოვს ქალის ხმა, ანა თითი გაამოძრავე, ანა გესმის თითი გაამოძრავე, საჩვენებელი, აი ასე ახლა ხელი აწიე, ახლა ხელი მიიტანე ცხვირთან. მესმოდა, მაგრამ ჩემს სხეულს ვერ ვგრძნობდი, თითქოს ფორმა არ მქონდა, არც ვიცოდი სად მქონდა ხელი, სად ცხვირი, მაგრამ ჩემი ტვინი რაღაცნაირად ხვდებოდა. ხელის მიტანა რომ ვცადე ცხვირთან და მუცელზე დამივარდა მაშინ ვიგრძენი სხეულის ფორმა პირველად. ანი თვალები გაახილე, გესმის თვალები გაახილე, გავახილე და დავინახე როგორ იდგა ჩემს თავთან ქალი და მირტყამდა სახეში, ოღონდ ვერ ვგრძნობდი, ვხედავდი. ახლა ამას ამოვიღებ და უნდა დაახველო რომ ჩაისუნთქოო, ამოიღო და ვიგუდებოდი, მერე რაღაცეები შემიერთეს, აპარატი. გამომიყვანეს გვერდით ოთახში, ამ ქალმა ვინც მაფხიზლებდა რაღაცეების შევსება დაიწყო. სხვა მომიახლოვდა ნემსით. არ მახსოვს გავიფიქრე თუ ვუთხარი, “სედატიურებზე რეზისტენტული ვარ” ეტყობა გავიფიქრე, იმიტომ რომ გამიკეთა და გადმომიყვანეს პალატაში. მახსოვს ორ ქალს გადავყავდი საწოლზე. ამწიეს ზეწრით და ვინ შემოვიდესო მკითხეს, ვინ არიანთქო გარეთ, დედა და ქმარიო. ქმარი შემოვიდესთქო, არასდროს დამავიწყდება იმ ქალის სახე ფეხებთან რომ ეჭირა ზეწარი როგორ დამახეთქა, რა დღეში ჩაგაგდო და კიდე ქმარი გინდაო? უსუსურობისგან ტირილი დავიწყე.

დათო რომ შემოვიდა ერთი სიტყვაც ვერ ვუთხარი მგონი, არც მახსოვს ზუსტად ეს ეპიზოდი ემოციებისგან. მერე მახსოვს რომ შემოვიდა ირაკლი და მომილოცა რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ვიყავი. მითხრა რომ შინაგანი სისხლდენა მქონდა და რამდენიმე წუთიც რომ დამეგვიანა გვიანი იქნებოდა. მერე მახსოვს ვიღაც ექიმები შემოდიოდნენ და შენ ის ხარ თავისი ფეხით რომ მოვიდაო.

კიდევ ის მითხრეს რომ ნაყოფი 2 თვეზე მეტის იყო, სქესიც კი ქონდა, გინდა გითხრათ გოგო იყო თუ ბიჭიო. დღემდე არ ვიცი სწორი პასუხი გავეცი თუ არა მაგრამ მაშინ ვთქვი “არა”. ხანდახან ვფიქრობ რომ ეს ყველაზე ეგოისტური საქციელი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ გამბედაობა არ მეყო უფრო მეტი გამეგო ვიდრე ვიცოდი.

პალატა იყო ნაცრისფერი, ჟალუზებით, სუფთა და დალაგებული. მე ვიწექი ფანჯარასთან, იყო 14 აპრილი. ორივე ხელში წვეთოვნები მედგა და მუცელში დრენაჟი, მობილურზეც კი გაჭირვებით ვპასუხობდი რომ მირეკავდნენ. ძილის საშუალებები არ მოქმედებდა და ემოციებისგან კიდე ვერ ვიძინებდი.

მთელი ორშაბათი ვიწექი და ვტიროდი, ვერ ვმოძრაობდი, მერე დაღამდა და ვერ დავიძინე, გათენდა, იგივე იყო, ცარიელი ოთახი და უამრავი დრო იმისთვის რომ მეფიქრა, ყველაზე ნაკლებად ამის კეთება მინდოდა. ფიქრი, სადღაც მეორე დღე რომ დაღამდა მაგ დროისთვის, მივხვდი, უფრო სწორად იმ კონდიციამდე მივედი, რომ აი ცოტაც და უბრალოდ გავგიჟდებოდი, ამიტომ გადავწყვიტე რომ არ მეფიქრა. ლოგინი ჩავაწევინე რამდენადაც შესაძლებელი იყო, დავწექი ვარსკლავის პოზაში და დავიწყე მედიტაცია. არაფერზე აღარ ვფიქრობდი. უბრალოდ ვიწექი ცარიელ ოთხში და ვარსებობდი. ეს იყო ის მომენტი, როცა პირველად გავაცნობიერე, რა შემიძლია თურმე არ ვიგრძნო თუ არ მინდა. ძლიერი ვარ? არა, მშიშარა და ცუდი ადამიანი ვარ. მერე გამომწერეს.

იმ წელს კიდევ ომი იყო, დათო ერაყში წავიდა, მერე ომში, მერე ჯიპას გამოსაშვები მქონდა. წლის ბოლოს კიდევ ტუბერკულიოზის დიაგნოზი დამისვეს, თანაც იმ ფორმის რომელიც იმდენად გადამდებია რომ დისპანსერში უნდა დავწოლილიყავი, მაგრამ საავადმყოფოს ოთხი ნაცრსიფერი კედლის ბოლო გამოცდილებით უარი ვთქვი და ხელწერილით გამომიშვეს, იმ პირობით თუ ორ თვეს სრულიად იზოლირებული ერთ ოთახში გავატარებდი. დათოს ვნახულობდი დღეში ერთხელ ხუთი წუთით ნიღაბში. დედას დღეში სამჯერ ნიღაბში, საჭმელი როცა შემოქონდა.

ორი თვე ვიყავი გამოკეტილი, ოთხ კედელში, ტელევიზორით და კომპიუტერით. ჯერ კიდევ ბავშვის ემოციებიდან არ ვიყავი გამოსული და ალბათ ეს იყო ბოლო წვეთი.

არსებობს მართლაც ზღვარი, იმის იქით რომ ვეღარ გრძნობ. არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემი ემოციები სადღაც ჩავტენე რომ გადავრჩენილიყავი, აი ის ემოციები ახლა რომ ვცდილობ ამოთხრას.  არ ვიცი რამდენად სწორად გაიგებს ბევრი იმას რასაც ახლა დავწერ, მაგრამ დავმშვიდდი, იმიტომ რომ ვეღარ ვგრძნობდი. ან შეიძლება ვგრძნობდი, მაგრამ დავაჰაიდე ჩემი გრძნობები, სადღაც იყო, მაგრამ თავისთვის. უფრო მეტად სულერთი გახდა ყველაფერი. შევიცვალე. ჰოდა ახლა აქ ვარ, სრულიად ინდეფერენტული და ვფიქრობ რომ ჩემი ემოციები ისევ მჭირდება, მაგრამ ახლა ისეთი დარწმუნებული არ ვარ რომ სწორად ვიქცევი, როგორც მაშინ როცა ისინი გამოვრთე.

 

%d bloggers like this: