ორ დღიანი მოლოდინის და იმედგაცრუების შემდეგ ბიაფზე აჩვენეს ფილმი, რომელიც გახდა დღის ფავორიტი – “ფარაჯანოვი”. სულ რამდენიმე ბიოგრაფიული ჟანრის ფილმი მახსენდება, რომელიც ასეთივე წარმატებულია. ამ ჟანრის ფილმებში მთავარი სირთულე რეჟისორისთვის არის არ გახდეს მოქანდაკე, მწერალი ან მხატვარი, მეტიც – ის რეჟისორიც კი არ უნდა იყოს. რეჟისორი როგორც ქირურგი. ეს მისი პირადი ჰორორია და ფარაჯანოვის პიროვნების ტრეპანაცია, თანაც საჯარო. ინტიმური დეტალები, რომელთა აუთენტურობას ობიექტურ რეალობად იღებ. სურათი ადამიანზე, რომელიც ადამიანიც კი არ არის. ფარაჯანოვი როგორც მოვლენა.
ფილმს თავისი რეალობა აქვს, სურეალისტური ჩარჩო, ექსცენტრული გადაწყვეტებით. ენერგეტიკა რომელიც გავს რვაფეხას მილიონი საცეცით. ის გამოდის კინოთეატრის ეკრანიდან, საცეცს გამაგრებს თავის ქალაზე და ფარაჯანოვის დოზის ინექციას გიკეთებს, მერე უკვე იჯერებ რომ მის ბინაში ლენინის ბავშვობის თავის ქალა ნამდვილი იყო. ეს არის ფარაჯანოვის ესთეტიკა.
სიუჟეტური ხაზი, რომელმაც ფარაჯანოვის კოლაჟი მომაგონა. ეპიზოდები, როგორც წებოთი პორტრეტზე უხეშად დამაგრებული მძივის დეტალები. ქაოსური წესრიგით აგებული სიუჟეტია. კადრები რომლის კომპოზიცია ფეხებზე გკიდია, ეს კადრიც არ არის, ეს 95 წუთიანი აბსურდული სინამდვილეა. საბჭოური ბავშვობის კათარზისი იყო ჩემთვის და რევოლუციური გაცნობიერება თავისუფლების. მე როგორც ანესთეზირებულმა მაყურებელმა ვერ შევძელი მეყურებინა მომდევნო ფილმისთვის, იმიტომ რომ ფარაჯანოვის დოზა ჯერ კიდევ მოქმედებდა.