მთავარი

სამსახური შევიცვალე

2 Comments

დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, უფრო სწორად ბევრად უფრო ადრე, მაშინ როცა წავიდა პირველი. პირველი იყო ჩვენი უფროსი, ადამიანი რომელმაც შემქმნა, დემნა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, მე გავხდი გუნდის წევრი, რომელმაც ადვილად ვერ მიმიღო, იმიტომ რომ ეს არ იყო ადვილი გუნდი. ეს იყო გუნდი სადაც ყველაფერს გეუბნებოდნენ პირდაპირ, სადაც არავინ არ თვალთმაქცობდა, სადაც ურთიერთობა აწყობილი იყო გულწრფელობაზე.

კიდევ იმიტომ რომ მე ვიყავი ერთი თავგადაპარსული გოგო, რომელსაც თითქოს გამოცდილებაც ქონდა და განათლებაც საკმარისი, რომ ყველაფერი კარგად ეკეთებინა, მაგრამ გაწვრთნილი არ იყო. ძალიან გამიმართლა რომ ამ გუნდმა მიმიღო.

დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი ყველაზე კარგ, ყველა გაგებით კარგ გარემოში, იმიტომ რომ ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ თავისი საქმე, რომელბსაც უყვარდათ თავისი საქმე, რომლებიც ბოლომდე დებდნენ ენერგიას საქმეში.

ჩვენ გვქონდა გუნდი, რომელიც მუშაობდა მოტივაციაზე, რომლისთვისაც მთავარი იყო პროფესიონალიზმი. გვიხაროდა როცა გვქონდა სპეცები და დამატებითი სამუშაო, იმიტომ კი არა რომ მაზოხისტები ვიყავით? დამატებითი სამუშაო არავის უხარია, იმიტომ რომ გვქონდა უფრო საინტერესო სამუშაო, ვიდრე უბრალოდ სამუშაო დღეა ჟურნალისტისთვის.

მათთან მხოლოდ ურთიერთობითაც კი, ყოველ წამს ვსწავლობდი როგორ უნდა ვიყო უკეთესი. ეს იყო გუნდი, რომელიც არ გაპატიებდა შეცდომას, მაგრამ ამის გამო არ დაგტოვებდა მარტო, გუნდი რომელიც ყოველთვის დაგეხმარებოდა, გეტყოდა რომ მეტიც შეგეძლო ან შეგაქებდა როცა კარგად იმუშავებდი.

როდესაც გავაკეთებდი მაქსიმუმს აუცილებლად შემაქებდნენ, ცხვირს მოადებდნენ სტუდიის მინას და დამელოდებოდნენ ყავით და სიგარეტით ხელში.

იმ მინიმალური რესურსით, რომელიც სხვა რადიოებთან შედარებით გაგვაჩნდა, ვაკეთებდით მაქსიმუმს. ეს იყო ჩვენი მიზანი გაგვეკეთებინა მაქსიმუმი, დავხარჯულიყავით ბოლომდე და დღის ბოლოს, ჩვენს სალათისფერ-სტაფილოსფერ სამზარეულოში კმაყოფილები ვსხდებოდით და ყავას მივირთმევდით.

მერე წავიდა ერთი, მერე მეორე, მესამე, მერე მე გადამიყვანეს სხვა განყოფილებაში და ვინც დარჩნენ იმათთანაც ვერ ვმუშაობდი. სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდით. მარტო დავრჩი. დავნამცეცდით, ცოტ-ცოტა და ყველგან გავიფანტეთ, ზოგი დარჩა, ზოგი წავიდა.

თუ შეიძლება რამე იდეალური არსებობდეს ეს გუნდი ძალიან მიახლოებული იყო ამასთან. ხანდახან მეჩვენებოდა რომ იდეალურიც კი იყო. ზედმეტად კარგი იყო რომ დიდხანს ყოფილიყო.

ადამიანები განსხვავდებიან, განსხვავდება მათი შეხედულებები, მოთხოვნილებები, სხვადასხვაა მოტივაციაც.

არის ადამიანის ტიპი, რომელმაც უნდა იმუშაოს მარტომ, იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარი ხელით და თავით გაკეთებული საქმე მოსწონს და ყოველთვის უკმაყოფილოა სხვისით.

არის სხვა ტიპიც, რომელიც არის კარგი შემსრულებელი, მაგრამ ვერასდროს წყვეტს რა უნდა გაკეთდეს.

არის კიდევ ისეთიც, რომელიც გეგმავს და იცის რა უნდა დაავალოს, მაგრამ თავად ვერ აკეთებს ვერაფერს.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია გავაკეთო ყველაფერი და გავაკეთო კარგად, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გუნდთან ერთად გავაკეთებ უკეთ, აუცილებლად უნდა დავგეგმო რას გავაკეთებთ, ყველა ერთად და არა მხოლოდ დანარჩენები. მე აუცილებლად უნდა გავაკეთო ჩემი დავალებები ისევე, როგორც ყველა დანარჩენი გააკეთებს ამას. მე უნდა ვიგრძნო კონკურენცია რომ ვიფიქრო უკეთ, უნდა ვცემდე პატივს და ვცდილობდე მის მოპოვებას, მე უნდა ვენდობოდე და მენდობოდნენ.

მე მჭირდება გუნდი, იმისთვის რომ შევძლო მუშაობა, არ დამიმთავრდეს იდეები, მივიყვანო საქმე ბოლომდე, მე მჭირდება კონკურენტუნარიანი გუნდი, რომ მუდმივად ვიყო დაძაბული და მომზადებული, სულ ვიყო ფორმაში. მე მჭირდება ადამიანები, რომლებთანაც უბრალოდ მესიამოვნება მუშაობა.

დაახლოებით 2 კვირის წინ წამოვედი რადიოდან, დაახლოებით 1 კვირის წინ მოულოდნელად ახალი სამსახური დავიწყე.

დამხვდა გუნდი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გავს გუნდს ჩემი წინა ცხოვრებიდან, იმედი მაქვს მიმიღებენ და დარწმუნებული ვარ რომ ბევრ ახალს ვისწავლი მათგან.

მე ვარ ბათუმელების, netgazeti.ge და pliaj.ge – ს მარკეტინგის მენეჯერი და ვეძებ ჩემს გუნდს.

ადამიანებს, რომ შევქმნა მარკეტინგის განყოფილება და საუკეთესო გუნდი საქართველოში.

წარმატების ფორმულა

8 Comments

წარმატებისთვის მარტო ის არ არის საჭირო რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე…

წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საშუალოდ კეთება არ შეგძელოს, იმის მიუხედავად როგორია ანაზღაურება, გარემო, სად ხარ და რას აკეთებ…

წარმატებისთვის მნიშვნელოვანია რომ ზუსტად გახსოვდეს რა გინდა და უფრო მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეს…

კიდევ საჭიროა ცოტათი იდეალისტი იყო და უფრო მეტად გიჟი, იმიტომ რომ უარი თქვა ძალიან სარფიან შემოთავაზებაზე, მაგრამ ისეთზე რომელიც შენს მიზანთან არ მიგიყვანს…

მე რომ რადიოში დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ ორი ძალიან სარფიანი შემოთავაზება მქონდა ტელევიზიიდან, მაგრამ უარი ვთქვი მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩემს მიზანთან არ მიმიყვანდა…

მანამდეც მითქვამს უარი რამდენიმე ისეთ წინადადებაზე, რომელსაც რომ დავთანხმებულიყავი ახლა “ძალიან წარმატებული”, ოფისში გამოკეტილი, ერთი მოწყენილი და ძალიან დეპრესიული ქალი ვიქნებოდი, ბევრი იდეებით რომლიდანაც ერთსაც ვერ განვახორციელებდი და რაც მთავარია ძალიან უკმაყოფილო ვიქნებოდი იმით რასაც გავაკეთებდი. ერთი “რიგითი” დემოტივირებული თანამშრომელი, რომლის იდეები ოთხ კედელში იქნებოდა გამოკეტილი…

ჩემი მიზანი უფრო შორს მიდის და იმისთვის რომ წარმატებისთვის მიმეღწია ბევრჯერ მომიწია ძალიან “გემრიელ ლუკმაზე” უარი მეთქვა და გარშემომყოფებისგან საყვედურებიც კი მომესმინა იმის თაობაზე როგორი სულელი ვარ, როგორ ვინანებ და რომ ასეთი შანსი მეორედ არ მექნება…

მაგრამ მთავარია გინდოდეს…

მე ვარ ბედნიერი რომ ვარ იმ იშვიათ ადამიანებს შორის რომლებიც იმას აკეთებენ რაც მოსწონთ…

ადვილი არ არის იმიტომ რომ ამისთვის მსხვერპლია საჭირო…

თეორიულად ბევრს რომ კითხოთ, აუცილებლად გიპასუხებენ “კი მიზნის მისაღწევად ბევრ სხვა რამეზე უნდა თქვა უარიო”, მაგრამ ყველაზე მთავარი ავიწყდებათ, რომ ის “სხვა” ხშირად ძალიან მომხიბვლელია და სწორედ ამაში მდგომარეობს “უარის თქმის” სირთულე…

ამიტომ არის საჭირო იყო იდეალისტი და თანაც გიჟი, რომ მიზანს თვალი არ მოაშორო…

ეს ყველაფერი ბავშვობაში ასეთი მარტივია… აი მაგალითად ალადინი ჰო ყველას გახსოვთ, ძვირფასეულობით სავსე გამოქვაბულში ჯინის ლამპარის წამოსაღებად რომ შევიდა და არაფრისკენ თვალი არ გაექცა…

ეს ჰო ასეთი ბუნებრივი იყო ბავშვობაში, რომ ძვირფასეულობა არ უნდა აეღო და სწორედ ამიტომაც იყო მთავარი გმირი…

მაშინ რატომ მოხდა, რომ ჩემს გარშემო მყოფებიდან ბევრმა გამოქვაბულში ჯინის ლამპარი დაივიწყა და ძვირფასეულობამ თვალი მოჭრა…

რატომ დაივიწყეს ის რისთვისაც შედიოდნენ, 2 წლის ასაკშიც კი ხვდებოდნენ რომ მიზნისთვის თვალი არ უნდა მოეშორებინათ და მისთვის მსხვერპლიც კი უნდა გაეღოთ…

9 თვის წინ რადიოში აბსოლუტურად გამოუცდელი რომ მივედი და ნიუსების წამყვანობაზე დავთანხმდი, ჩემი მიზანი ნიუსების წამყვანობა არ იყო… ჩემი გადაცემის იდეა მქონდა, მინდოდა რომ ჩემი ხმა ყველასთვის ნაცნობი და ახლობელი ყოფილიყო, “ცოტა” რომანტიულია ვიცი… მაგრამ სხვებს უნდათ ცნობილი სახეები გახდნენ და მე მინდა ნაცნობი ხმა ვიყო…

დღეს კი გადაწყდა რომ არა მარტო ჩემს საავტორო გადაცემას, არამედ კიდევ ბევრისთვის ცნობილ “ამბასადორს”, “დილის სასამართლოს” და “მოგზაურთა კლუბსაც” წავუძღვები…

ასე რომ პირველი თებერვლიდან ჯერ კიდევ საინფორმაციო გამოშვების წამყვან ანა სიდამონიძეს, კვირაში ოთხჯერ, დილის 10-დან 12-მდე 107.4-ზე, “მწვანე ტალღის” ეთერში შეგიძლიათ მოუსმინოთ

დღეს ვიგრძენი, რომ მე როგორც ალადინი გამოქვაბნულიდან ჯინის ლამპარით ხელში ისე გამოვედი, რომ ვერცერთმა ძვირფასმა თვალმა ვერ მაცდუნა და თვალი ვერ მომჭრა…

გამოდის რომ წარმატების ფორმულა იმაში კი არ არის, რომ დათანხმდე და “შანსი” ხელიდან არ გაუშვა, არამედ იმაში, რომ შეგეძლოს უარის თქმა და შენი ჯინის ლამპარის პოვნა…

%d bloggers like this: