მთავარი

მე და ჩემი კოშმარები

3 Comments

მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება კოშმარებს ვხედავ. ნუ სიზმრების 100%-დან 99.99% კოშმარები იყო და დანარჩენი ერთი არ მახსოვდა. სხვათაშორის ბოლო რამდენიმე დღეა თუ უკვე ერთი კვირაა მძინავს ჩვილივით და ვხედავ კარგ სიზმრებს. ისეთ კარგებს და ლამაზებს, საყვარლებს და ფუმფულებს, რომ აღარ ვიცი რა ვქნა, რას ვეცე, როგორ გავაზიარო, ვის მოვუყვე. რა კარგი ყოფილა კარგი სიზმრების ნახვა ღმერთო ჩემო, რომ იღვიძებ და ადამიანის სახე გაქვს, მზეს ამჩნევ ცაზე თურმე ამოდის და ანათებს კიდეც და საერთოდ რა კარგი და მშვენიერია ირგვლივ ყველაფერი. როგორ მოქმედებს ადამიანზე თურმე ცუდი სიზმრები. გულში ვფიქრობ ეს დღეები, თურმე რა ბედნიერები არიან ადამიანები და არ იციან.

nightmares

ჩემი სიზმრები უკიდურესად კოშმარულია და ეხება ყველა თემას რაც კი ოდესმე მაინტერესებდა ან ვიცოდი. რელიგია, მითოლოგია, რიტუალები და ა.შ. მაგალითად როცა ყველა იხსენებს ბედნიერად სიზმარს, რომელშიც იფრინა და აღფრთოვანებული ყვება იმ განცდებს, რომელსაც ფრენის დროს განიცდიდა. ამ დროს მე, ერთადერთხელ ვიფრინე სიზმარში და ისიც როგორ, მილიონი ფსიქოპათი მე მომსდევდა უკან, მთელი ქალაქი ჩემი ალტერნატიული განსხეულებებით იყო სავსე, ოღონდ ყველა თავისებურად საშინელი იყო და რომ მომიმწყვდიეს რომელიღაც კორპუსის თავზე იქიდან გადმოვხტი და ვინატრე ფრთები, შედეგად ვიფრინე, მაგრამ ეს იყო მტკივნეული, თან მწონდა ღამურას ფრთები. მთელი დღე მტკიოდა ზურგის კუნთები და მას შემდეგ არ მიფრენია.

ერთხელ მოვხვდი ჯოჯოხეთში სადაც კანი გამაძრეს ამოატრიალეს, ისევ ჩამაცვეს და მიმაკერეს. თან ამ ყველაფერს ვგრძნობდი და ისეთი რეალისტური იყო. ვერ ვიხსენებ რომელი გრძნობა უფრო მტკივნეული იყო გატყავების თუ ჩაცმის, მაგრამ ეს იყო ნამდვილი კოშმარი, რომელიც იმდენად კოშმარი იყო, რომ გავიღვიძე ვიგუდებოდი უჰაერობისგან. სხვათაშორის ჯოჯოხეთში კიდე ვიყავი სხვა დროსაც, მაგრამ იქ უკვე სახელგანთქმული კუპრის უდაბნო ფიგურირებდა, რომელზეც დავდიოდი შიშველი ფეხებით და ვერ ვაგნებდი გასასვლელს, თან ვეძებდი ლუციფერის ქამარს, რომელიც საიდანღაც ვიცოდი რომ გამიყვანდა ჯოჯოხეთიდან. ჰოდა ვიპოვნე ქვა, რომელიც მივხვდი რომ ეს იყო ქამარი და რაღაც ღვთაებრივად კი არა, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკებში რომ არის, იმ ტექნოლოგიის მსგავსად გარდაიქმნა ეს ქვა ქამრად. ოღონდ რომ გავიკეთე მე თვითონ გავხდი ლუციფერი და ჯოჯოხეთიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.

კიდე ერთხელ მახსოვს რაღაც შენობაში მოვხვდი რომლის ოთახებიც ფორმას იცვლიდა და თან დროც სხვანაირად მიდიოდა ამ სახლში. მაგალითად ერთ ოთახში რომ შევიდოდი და რომ დაიწყებდა დამრგვალებს უნდა გამესწრო მეორეში, მერე დერეფანი იწყებდა დავიწროვებას და შემდეგი ოთახის კარი მხოლოდ დერეფნის ბოლოს იყო, არადა უნდა მომესწრო შესვლა თორემ გავიჭყლიტებოდი, ჰოდა მერე რომ ვბრუნდებოდი ისევ იმ ოთახში სადაც უკვე ვიყავი იქ ვხედავდი ჩემს თავს, რომელიც მე ვერ მხედავდა და იმ ვითარებას რაც უკვე იყო რამდენიმე წუთის წინ. რამდენჯერაც ვბრუნდებოდი ერთსა და იმვე ოთახში იმდენ დროს ვხედავდი ერთდროულად და იმდენ ჩემს თავს. ანუ ყველა დრო ფენებად იყო ერთმანეთზე დადებული და თითქოს მთელ სახლში ყველაფერი სინამდვილეში ერთდროულად ხდებოდა, უბრალოდ მე სივრცეში გადავაადგილდებოდი და არა დროში.

ერთხელ სიზმარში ვნახე სამყაროს დასასრული. ესეც კოშმარი იყო პრინციპში, მაგრამ ისეთი ლამაზი, რომ სამყაროს დასასრული თუ ასეთი იქნება მინდა რომ რეალურადაც ვნახო. სიზმარში ვნახე რომ მზის სისტემის ყველა პლანეტა ცაზე ჩანდა, იმიტომ რომ დედამიწა იზიდავდა მათ და ვითომ ამას ერქვა პლანეტარული სუიციდი. არც ვიცი საიდან მომივიდა ეს ტერმინი თავში. ჰოდა მოკლედ ყველა პლანეტა დედამიწას უნდა შეჯახებოდა, იმიტომ რომ საერთოდ მთელი სამყარო, ანუ მთელი არსებული კოსმოსური სივრცე იკუმშებოდა და ამ შეკუმშვის ეპიცენტრი იყო დედამიწა. ყველაზე ლამაზი იყო ბოლო რამდენიმე წუთი, როცა პლანეტები შემოიჭრნენ ატმოსფეროში და მათ გარშემო ფეიერვერკივით ალის რგოლები იყო, თვითონ კიდე შავები გახდნენ და მთელი ცა გამწვანდა როგორც ჩრდილოეთის ნათების დროს, ისე ალივლივდა სხვადასხვა გარდამავალ ფერებად და დედამიწაზე უცბად, რამდენიმე წამში მომწვანოდ ნაცრისფერი კვამლი ჩამოწვა, მაგრამ თან ანათებდა ყველაფერი და ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი იყო ენითაუწერელიო, რომ იტყვიან.

ერთ სიზმარში ვიყავი სვანეთში, არადა სვანეთში არ ვარ ნამყოფი. ჰოდა ვითომ რაღაც კოშკში ვზივარ და უცბად ხალხი შემოიფანტა ყვირილით სამმა სვანმა გოლიათმა გაიღვიძაო. შემოვიდა ეს სამი სვანი გოლიათი დიდები, თეთრები და როგორც უკვე გაქცეული ხალხი ყვიროდა კაციჭამიები. თუმცა არ შევუჭამივარ, მახსოვს რომ სამივემ რაღაც ძალა მომცა, უფრო სწორად შემპირდა, აი ზუსტად ისე როგორც ზღაპრებშია ხოლმე, ოღონდ რაღაცის სანაცვლოდ. რის სანაცვლოდ არ ვიცი. იმედია სული არ მივყიდე ))))

ერთხელ ერთ სიზმარში სადღაც ცენტრალურ ამერიკაში ვცხოვრობდი, ნუ ეგეთი სახლები იყო და მე შავკანიანი მაღალი, ლამაზი ქალი ვიყავი. პრინციპში მხოლოდ ამის გამო ეს სიზმარი შემიძლია კოშმარების რიცხვში არც გავიყვანო, მაგრამ მე მქონდა რაღაც პატარა მრგვალი მინის კოლბებივით ბოთლები, რომლებშიც ფერადი ფოსფორივით მანათობელი ბლანტი სითხე ესხა. ხოდა ამ ქალაქში დავდიოდი და ყველას ვისაც შევხედავდი და ჩავთვლიდი რომ მისი დრო მოვიდა ვასმევდი ამ სითხეს და ამ კოლბაში ხვდებოდნენ. სიკვდილი ვიყავი ფაქტობრივად. როცა გავავსე ყველა კოლბა მთაზე ავედი სადაც ძველი ქვის სარიტუალო მაგიდასავით იყო, ქვემოდან დიდი ქვის თასივით ქონდა შედგმული. დავწექი, დავლიე ეს ყველა დაგროვილი სითხეები, გავდნი და ამ ქვის ჯამში დავგროვდი. ეგ შეგრძნება მახსოვს თან სითხე რომ ვიყავი. კატასტროფა შეგრძნება იყო, რომელიც ვერ აბალანსებს ჩემს ლამაზ, მაღალ შავ ქალად ყოფნას და ამიტომაც კოშმარია.

ერთხელ ვნახე როგორ ჩადიოდა თბილისი მიწაში, ვითომ მე ვიდექი სადღაც სააკაძის მოედანზე, უცბად დავინახე რომ შენობები ჩადიოდა მიწაში, ინგრეოდა ყველაფერი გარშემო და უკვე გასაქცევიც რომ აღარსად მქონდა ხვრელით მიწაში ჩავედი, თან ვფიქრობდი ამ ხვრელში როგორ ვეტევითქო. ნუ კი კომპაქტური ვარ, მაგრამ მაინც ძალიან ვიწრო ხვრელი იყო. მოვხვდი მიწისქვეშა გამოქვაბულში სადაც ტბა იყო, რომ ჩავიხედე თურმე გველის ტანი მქონდა და დრაკონის თავი. მერე მივხვდი იქ როგორ ჩავედი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დრაკონის სახე არ მეუცხოვა, პირიქით ძალიან ბუნებრივად აღვიქვი, მაინც ერთგვარი სტრესი იყო, უცბად რომ აღმოაჩენ ამ ფაქტს. საკმაოდ უსიამოვნო სიზმარი იყო.

ერთი მძაფრსიუჟეტიანი კოშმარიც იყო, რაღაც ლაბირინთში ვიყავი ქვის ლაბირინთი იყო, ოღონდ შენობაში, იმიტომ რომ ცა არ ჩანდა ჭერი ქონდა და იატაკიც ქვის. ვითომ ვიღაც მომსდევდა და მე მეცვა ტყავისა და რკინის ტანსაცმელი ძალიან სექსუალური. სხეულის ის ნაწილები რომელსაც ვხედავდი სულ მოხატული მქონდა. ჰოდა გავრბოდი თან ხელში მეჭირა ხმალივით თუ ხანჯალივით იარაღი. წამომეწია ეს ვისაც გავურბოდი და ისიც მე ვიყავი, ისიც მოხატული იყო, ზუსტად ჩემნაირი და მომკლა, ჰოდა სისხლი როგორცკი წამომივიდა გაქრა. საშინელი გრძნობაა საკუთარი თავი რომ გკლავს. ამ სიზმრის მერე დავრწმუნდი რომ სუიციდი ნოთ მაინ.

და ჩემი ფავორიტი კოშმარული სიზმარი იყო, როცა რეალურ ცხოვრებაში დავიძინე და სიზმარში გავიღვიძე კოსმოსურ ხომალდში, რომელიც დაჯდა პლანეტაზე, რომელზეც მე არალეგალურად ვიმყოფებოდი, საბუთები არ მქონდა და ვცდილობდი სატვირთო ნაწილით დედამიწაზე დაბრუნებას ))))) ეს იყო ყველაზე სასაცილო კოშმარული სიზმარი რაც კი მინახავს.

კიდევ უამრავი კოშმარი მაქვს ნანახი რომელსაც არცერთი პოსტი არ ეყოფა, თითქმის იმდენივეა რამდენი ღამეც იყო ჩემს ცხოვრებაში, ნუ თითქმის. ყველა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამავე დროს საშინელი. ხანდახან თავსაც ვიმშვიდებდი იმით რომ, აუ მე ისეთი საინტერესო სიზმრები მაქვს, ისეთი არაბანალური, მაგრამ ბულშით. თურმე რა კარგი ყოფილა მათ გარეშე. არ დაბრუნდეთ კოშმარებო, არ მენატრებით.

nightmare

Advertisements

მე მიყვარს დედამიწა

5 Comments

მე ვარ ლომი, გამოქვაბული, თოვლი, მდინარე, მიწა, ქვა…

მედიტირებისას ვგრძნობ, რომ დედამიწის ერთი პატარა და უმნიშვნელო ნაწილი ვარ, მაგრამ ამავე დროს მთელი დედამიწა…

მე მიყვარს დედამიწა…
მე ვგრნძობ დედამიწას…

მიყვარს ლომები აფრიკაში, სპილოები ინდოეთში, პინგვინები ანტარქტიდაზე, თეთრი დათვები ალიასკაზე და ციმბირული ვეფხვი, მიყვარს დედამიწის ყველა უჯრედი და ატომი…

მიყვარს ტირილამდე და სიკვდილამდე…

ვგრძნობ ქვას როგორც ჩემს სხეულს, ჩანჩქერს როგორც სისხლს, ვგრძნობ ხეებს როგორც კიდურებს, ვგრძნობ ბალახს როგორც კანს, ვგრძნობ მიწას როგორც ხორცს და ლავას როგორც გულს…

როდესაც მარტო ვრჩები ჩემს თავთან პირველყოფილ ადამიანს ვგრძნობ ჩემში და ამ მოასფალტებულ და აგურის ჯუნგლებში, უფრო ახლოს ვარ ბუნებასთან, ვიდრე ავსტრალიელი წარმოშობის შამანი…

ვგრძნობ როგორ სტკივა ანტილოპას, როდესაც მკერდიდან აგლეჯენ შიგნეულს და ჭამენ, ვგრძნობ როგორ ნაყრდება ლომი ამავე შიგნეულით…

ვგრძნობ როგორ მყარად დგანან სპილოები მიწაზე და როგორ გრძნობენ მცენარეები სპილოს წონას…

ვგრძნობ როგორ ეშინია კურდღელს ღამე და როგორ უმძიმს ჭიანჭველას…

ვგრძნობ როგორ გრძნობს წყალს თეთრი დათვი ცურვისას და რას გრძნობს გაყინული წყალი… ვგრძნობ როგორ ღელავს ოკეანე და როგორ ვერ იმორჩილებს თავს ქარი…

ვგრძნობ როგორ ბრუნავს დედამიწა და როგორი ჰარმონიულია ყველაფერი ცივილიზაციის გარეშე…

ვგრძნობ როგორ შიათ პინგვინებს როცა თევზები აღარ რჩებიან მათ სანაპიროებთან, ვგრძნობ რომ სიგრეტის ყოველი მოწევისას გამოშვებული ბოლი, სადღაც ამაზონის ჯუნგლებში აჭკნობს მცენარეებს, ვგრძნობ როდესაც მეგობრის საჩუქარს ვფუთავ პოლიეთილენის ქაღალდით, როგორ კვდებიან დედამიწის მეორე მხარეს ცხოველები დაბინძურებული წყლით…

როცა ვქოქავ მანქანას ვგრძნობ როგორ იხოცებიან ცხოველები გვალვისგან, როდესაც ავდივარ ჩემი ხის კიბით სახლში, ვგრძნობ როგორ სტკიოდა როდესაც ჭრიდნენ და როგორ ვერ გადაარჩინა კოდალამ ბარტყები, რადგან მათ ჯერ ფრენა არ იცოდნენ…

ვგრძნობ როგორ გაუმართლა ალიასკაზე დათვს იმიტომ რომ ნანახი აქვს ჩრდილოეთის ნათება… როგორ გაუმართლა პინგვინს, იმიტომ რომ არ ფიქრობს რა დაუჯდება თხილამურებით სრიალი და ფულის გადახდა მათში… იმის, რასაც ხეების მკვლელობით და დედამიწის განადგურებით ამზადებენ… როგორ გაუმართლა ლომს იმიტომ რომ მეფეა, პატივმოყვარეობის, პოლიტიკისა და მილიონების გარეშე… როგორ გაუმართლა ცხენს თავისუფლებაში და მგელს ოჯახში… როგორ გაუმართლა მაიმუნს, იმიტომ რომ მისი ტვინი ვერასდროს შექმნის რამეს ისეთს, რაც დედამიწას განადგურებამდე მიიყვანს…

ვგრძნობ როგორი “ლუზერები” ვართ მაღალტექნოლოგიურ და დემოკრატიულ გარემოში მცხოვრები “კულტურული” ადმიანები, რომ დიდი ხნის წინ დაგვავიწყდა ის რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ვცდილობთ ის ნაწილი, რაც ჯერ კიდევ თავს გვახსენებს გავანადგუროთ

ვერ ვხვდებით, რომ დედამიწა ვართ ჩვენ…

თავს ვინადგურებთ და ამას ტექონოლოგიურ წინსვლას ვუწოდებთ…

ამ ყველაფრის განცდის შემდეგ ფიზიკურად მტკივა გული და რამდენიმე საათიანი ტირილის შემდეგ, ვცდილობ კიდევ დიდი ხანი არ დავკავდე მედიტაციით, იმიტომ რომ მე ვარ საცოდავი ადამიანი და ვცდილობ დავივიწყო ის ყველაფერი რასაც ვგრძნობ…

13 ნაბიჯი მარტოობისკენ

5 Comments

1. დაიჯერე რომ სამყარო შენს გარშემო ტრიალებს და ყველაფერი რაც დედამიწაზე არსებობს მხოლოდ და მხოლოდ შენთვისაა და შენ რომ არ არსებობდე არაფერი რის შესახებაც შენ იცი არ იარსებებდა

2. მოიქეცი ზუსტად ისე როგორც შენ გსურს, როცა შენ გსურს და სადაც შენ გსურს და არასდროს გაუწიო ანგარიში სხვებს, იმათაც ვინც შენთვის ძვირფასია

3. შეგიძლია ზიანი მიაყენო სხვას და აწყენინო, ჩაერიო მის ცხოვრებაში და საეროდ რაც გინდა ის აკეთო თუ ამის ხასიათზე ხარ, თუ არა ცოტა ხნით გადადო და სხვა რამით გაერთო 🙂

4. შენი ემოციები, სათქმელი, გრძნობები და ამბები შეინახო შენთვის, არავის გაუზიარო, როცა ცუდად იქნები მარტო დარჩე და ხმამაღლა განაცხადო რომ არავის მხარდაჭერა, თანაგრძნობა და გამხნევება არ გჭირდება… შეგიძლია სახლიდანაც გაყარო ან რამე ისეთი უთხრა რომ ეწყინოთ და თვითონ წავიდნენ.

5. როცა ცუდ ხასიათზე ხარ შეგიძლია თამამად უთხრა ძვირფას ადამიანებს პირველი რაც ენაზე მოგადგება, გული ატკინო, მთელი უარყოფითი ემოცია მათზე გადმოანთხიო და გაგიკვირდეს რატომ ეწყინათ, გაუღიმო და ურჩიო რომ დაიკიდოს, იმიტომ რომ შენ გკიდია და რა თქმა უნდა ბოდიშის მოხდაზე არც იფიქრო.

6. იშვიათად დაურეკო და მოიკითხო მეგობრები, იმიტომ რომ მარტო ყოფნა გიყვარს და ამიტომ შენს მარტოობას არ შეაწუხებ ძვირფასი ადამიანის გამოც კი… რაც მთავარია რომ მოგიკითხავენ ამის პირდაპირ და შელამაზების გარეშე თქმა არ უნდა დაგავიწყდეს… ოღონდ ისეთი ტონით რომ ეს ასეც უნდა იყოს…იმიტომ რომ ეს ასეა…

7. თუ გადაწყვეტ რომ ამ ადამიანთან ყოფნა არ გინდა ვერავინ და ვერაფერმა ვერ უნდა შეძლოს შენი აზრის შეცვლა… შენ ხარ მთავარი, შენ იღებ გადაწყვეტილებას… შენ არასდროს არავის სთხოვ რჩევას იმიტომ რომ რჩევები გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაში ხელს შეგიშლის და შედეგებიც წარმატება/წარუმატებლობაც, დიდი შანსია სხვისი დამსახურება ან დანაშაული აღმოჩნდეს… ამიტომ ადამიანებს შეგრძნებებს და ამბებს მხოლოდ მაშინ გაუზიარებ როდესაც გადაწყვეტილება მიღებული და განხორციელებული იქნება… ესეც იმ შემთხვევაში თუ არ დაგეზარება საუბარი…

8. გირჩევნია იურთიერთო ადამიანებთან რომლებთანაც მარტივია დისტანციის დაჭერა, მაგალითად საქმიანი ურთიერთობები, ვირტუალური ურთიერთობები, ზედაპირული ურთიერთობები, რომელიც გრძნობებით არ გაკავშირებს… საერთოდ მეგობრების შეძენაზე არ ზრუნავ და პირიქით ხელსაც კი უშლი ვინმესთან დამეგობრებას…

9. ხარ გაწონასწორებული, მაგრამ გაწონასწორებულ მდგომარეობაშიც კი შეიძლება ადამიანებს გული ატკინო და ეს მოგწონს კიდეც… ასე განაგრძე…

10. ყველა და ყველაფერი შეგიძლია გააჩუმო, თუ ხელს გიშლის, მაგალითად ფიქრში, დაავალდებულო რომ ჩუმად იყვნენ და ხმადაბლა ისაუბრონ, ან პირიქით ნერვები მოუშალო ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ ნუ უბრალოდ ასე გინდა…დაურეკო მეგობარს საქმიანი შეხვედრის დროს 100-ჯერ, საშინლად ეხუმრო, უღალატო საყვარელ ადამიანს იმიტომ რომ ნუ რავიცი 1000 მიზეზი არსებობს ღალატისთვის… :)))) როდესაც შეატყობ ადამიანს რომ რაღაც განსაკუთრებით აღიზიანებს, შეგიძლია ანგელოზის სახით ხშირად გააკეთო ის :))) საშინლად ჟღერს მაგრამ ასევე საშინლად აზარტულია…

11. ყველაფერი ამ ცხოვრებაში დროის გასაყვანად კეთდება, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა მოვკვდებით, მანამდე კი თავს ვირთობთ, ამიტომ ცხოვრებას ისე უნდა უყურო როგორც თამაშს, სადაც წესებს შენ აწესებ, შენ ცვლი და თუ საჭიროდ ჩათვლი საერთოდ არანაირ წესს არ დაემორჩილები, მოკლედ როგორც შენ გულს გაეხარდება ისე იქცევი

12. არასდროს ნერვიულობ ადამიანების დაკარგვას… იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი მარტივი პროცესია ის მიდის და შენ აგრძელებ იმის კეთებას რაც გინდა… ეჩვევი იმას რომ შენ ვერავინ გიძლებს და ნელ-ნელა უფრო ნაკლები ადამიანი რჩება ვისაც შენი ატანა შეუძლია… მაგრამ ესეც ჩვეულებრივია, ეს ასეც უნდა იყოს… არასდროს ნერვიულობ ადამიანის დაკარგვას, იმიტომ რომ სხვა 6 მილიარდია რომელიც შეიძლება მის ადგილას აღმოჩნდეს მეორე დღეს…

13. ყველა ადამიანთან ერთად რომელიც შენს გარშემოა და ვისი ყურებაც ყოველდღიუერად უბრალოდ გბეზრდება და ნერვებსაც კი გიშლის ხანდახან, გამონაკლისი არც შენი საკუთარი თავია… წარმოიდგინე ადამიანი რომელსაც ვერ აგდებ, ვერ აწყენინებ, თუ მოგბეზრდება ვერ მიატოვებ და ვერაფერს გააკეთებ ისეთს რასაც ვერ აპატიებ… ამიტომაც მისი ყურება ყოველდღე სარკეში რომ არ მოგბეზრდეს, ხან ვარცხნილობას, ხან თმის ფერს შეიცვლი, ხან პირსინგს გაიკეთებ, ტატუს რავიცი რამეს მოიფიქრებ და ესე 2 კვირაში ერთხელ განაახლებ თავს რომ საკუთარი თავი მაინც აიტანო, რადგან სხვა გზა არც გაქვს…

პ.ს. ყველაზე საოცარი ისაა რომ კიდევ არიან ჩემს გვერდით ადამიანები ვისაც ვუყვარვარ…

და კიდევ უფრო საოცარი ისაა რომ ამ 13 ნაბიჯის სრულად და წარმატებით განხორციელებისა და რაც მთავარია, მას შემდეგ რაც განახორციელებ, ნამოქმედარის სრულად გაცნობიერების შემთხვევაში, შეიძლება მარტო არ დარჩე, მაგრამ იმაში დარწმუნდე რომ შენც მონსტრი ხარ…

ვბოდავ

დატოვე კომენტარი

თავს ორ სამყაროს შორის გამოკეტილად ვგრძნობ, ერთი სამყარო ჩემს გარშემოა და მეორე ჩემში.
ჩემს გარშემო სამყარო ჩემი ოთახით იწყება და დასასრული არც ვიცი თუ აქვს სადმე, ადამიანებმა მის დასასრულს ვერ მიაგნეს. მე კი ვამბობ რომ სამყარო მრგვალია და ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
სამყარო ჩემში, იწყება ჩემი სახის ანარეკლით და დასასრული არ ვიცი თუ აქვს სადმე, ადამიანებმა მის დასასრულს ვერ მიაგნეს, მე კი ვამბობ რომ ის მრგვალია და ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

განდიდების მანიით ვარ შეპყრობილი… :)

დატოვე კომენტარი

ჩემს გარშემო არსებული სამყარო ისეთივე პატარაა როგორც ატომის ბირთვი. არ ვიცი როგორ ვეტევი ამ მისხლისოდენა სამყაროში ჩემი გრანდიოზული სევდით. ჩემი არსებობით სამყაროს კანონზომიერებას ვარღვევ და ჩემი მასით მოძრაობის სიჩქარეს ვუმატებ ისედაც აჩქარებულ დროს და ამ თითქმის უხილავ ატომის ბირთვს.

დატოვე კომენტარი

ისეთივე მოხუცი გავჩნდი, როგორიც სამყაროა, რაც დრო გადის ვპატარავდები და იმედი მაქვს, როცა იმ ერთ უჯრედს მივაღწევ, რითიც სხვა ადამიანები იწყებინ, სამყარო შემიბრალებს და თავიდან დამიწყებს, რომ მივხვდე, როგორია იცხოვრო ისე როგორც ყველამ

%d bloggers like this: