მთავარი

რაც ძალიან მიყვარს

დატოვე კომენტარი

ძალიან ბევრი რამეა რაც გვიყვარს, მაგრამ მე ამ “ბევრს” დავყოფდი შემდეგ კატეგორიებად: არსებობს საგნები და მოვლენები რომლებიც გიყვარს მაგრამ მათი ცოდნა სხვა ადამიანებისთვის არაფრის მომცემია, მაგალითად რა ფერი გიყვარს ან რომელია შენი საყვარელი რიცხვი )))  არის მეორე კატეგორია რომელიც ისედაც ზედაპირზე ტივტივებს და ცუდ ნაცნობზე ოდნავ კარგად ვინც გიცნობს შესაძლოა ყველამ გასცეს მასზე პასუხი შენს ნაცვლად. მაგალითად ასეთია რა სტილის ჩაცმულობას ანიჭებ უპირატესობას, გიყვარს თუ არა ლუდი და ა.შ. არის კიდევ მესამე საინტერესო კატეგორია, რომელიც როგორც წესი დანარჩენ ორზე უფრო ღრმაა და ბევრად ინტიმური, შესაძლოა ეს ყველაფერი იმათმაც არ იცოდნენ ვინც ფიქრობს რომ კარგად გიცნობს.

ამ მესამე კატეგორიაზე დავწერ ზუსტად, იმ საგნებსა და მოვლენებზე რომლებიც რომ იცოდე ალბათ იმ ადამიანთან უნდა იცხოვრო კიდეც.

კიტრის სურნელი – საერთოდ კიტრი არ მიყვარს და არც მძულს, შესაძლოა რამდენიმე წელი ისე გავიდეს რომ არც გავსინჯო, მაგრამ ძალიან ხშირად ვყიდულობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს კიტრის სურნელი.

სტუმრები – გამიჭირდება ვთქვა რა შეიძლება მანიჭებდეს უფრო დიდ სიამოვნებას ვიდრე სტუმრები, იქნება ეს ერთი ადამიანი თუ ადამიანებით გაძეძგილი ოთახები. ჩემთვის სტუმრის მოსვლა, იქნება ის პირველად ჩემს სახლში თუ ძველი მეგობარი, არის მოვლენა, ვემზადები ყოველთვის, ვცდილობ კარგი განწყობა ქონდეს, ვცდილობ არ მოიწყინოს და ყოველთვის როცა ჩემთან მოდის ადამიანი ვცდილობ ჩემი ერთი ნაწილით მეტი გავაცნო.

ნაცრისფერი ამინდები – არ მიყვარს ბევრი მზე, ალერგია მაქვს. არ მიყვარს წვიმა, იმიტომ რომ არ მიყვარს წვიმაში ჩასაცმელი ფეხსაცმელები. არ მიყვარს თოვლი, იმიტომ რომ მხედველობა მიჭირს თეთრს რომ ვხედავ და თანაც სულ მგონია რომ ახლა უნდა გავხდე ავად და მოვკვდე. ეს ალბათ ფობიების რიცხვშიც შეგვიძლია გავიყვანოთ. არ მიყვარს ქარი იმიტომ რომ ზედმეტად ცივა თბილ ამინდშიც კი. ძალიან მიყვარს ნაცრისფერი ამინდები, როცა მოღრუბლული, წყნარი, მშვიდი ამინდია. არც ქარია, არც წვიმს და თოვს, მზისგან დამცავი კრემის წასმაც არ მჭირდება სახლიდან გამოსვლისას და თვალებიც არ მტკივა, იმიტომ რომ იდეალურად თანაბარი განათებაა.

საღამოს გაღვიძებულს ძილის შებრუნება – იშვიათად მაქვს ისეთი უქმე როცა არაფერი მაქვს საქმე. საერთოდ არ მიყვარს უსაქმურობა, მაშინაც კი როცა არ მაქვს რამე სამუშაო, მოვიგონებ ან ნამცხვარს გამოვაცხობ, ან ძველ დავიწყებულ საქმიანობას ამოვატივტივებ, ან რომელიმე ოთახს შევღებავ და ა.შ. მაგრამ იშვიათად არის ხოლმე დღეები, როცა ვიღვიძებ როცა გამეღვიძება და ეს ყოველდღე მოხდებოდა საღამოს, როცა უკვე ბნელა, რომ არა ჩემი მაღვიძარა და კეთილი ადამიანები, რომელთაც მისი ხმა ესმით. ჰოდა ხდება ასეც რომ ვიღვიძებ დაძინების დროს, გადმოვბრუნდები ამოვყოფ საბნიდან თავს და გადავბრუნდები და ეს დღეები არის ყველაზე გემრიელი ტორტის ნაჭრები.

მგზავრობის დროს ძილი – ისე გამომდის რომ ძილი მიყვარს, თუმცა არა. არასდროს მიძინია დღისით თუ არ ჩავთვლით მგზავრობის დროს ძილს. უბრალოდ მგზავრობისას მომენტალურად ვიძინებ. ეს არის ის დრო, როცა ყველა მდგომარეობაში, გარემოში, ყველანაირ ადამიანებთან და ყველანაირი ხმაურისა და მუსიკის ფონზე შემიძლია ანგელოზივით დავიძინო და სიზმარიც კი არ ვნახო.

სამაგიდო თამაშები – ძალიან აზარტული ვარ და განსაკუთრებით მიყვარს სამაგიდო თამაშები. ჩემი აზარტულობა იმდენად მაქვს გაცნობიერებული რომ ფულზე არასდროს მითამაშია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ბოლოს ორგანოების გაყიდვით დავასრულებ და ამიტომ მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვთამაშობ არაფერზე :დ უბრალოდ მოგებისთვის. ვთამაშობ ცუდად, მიმართლებს მაგრად. ცუადად იმიტომ რომ ძალიან სულსწრაფი ვარ და ყველაფერი უცბად მინდა, მიმართლებს იმიტომ, რომ როცა კარტს ვხსნი დამცინიან ამით როგორ წააგეო )))) ყველაფერს ნიჭი უნდა რას იზამ.

საჩუქრების ჩუქება – მიყვარს ადამიანების სურვილების შესრულება, ეს მანიჭებს თითქმის ფიზიკურ სიამოვნებას )))  ის მომენტი როცა ვინმეს რამე უნდა, უსრულდება და მე ვარ ის ვინც ამას ასრულებს, არის მომენტი, საკმაოდ ხანმოკლე მაგრამ საკმარისად შთამბეჭდავი. მადლობები არა, ხანდახან ისე ამისრულებია რომ არც ცოდნია ვინ აუსრულა, ამას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია მე ვიცი რომ ავუსრულე.

ჩემი დაბადებისდღე – მიკვირს როცა ამბობენ რომ საკუთარი დაბადებისდღე არ უყვართ. მე ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, ახალ წელსაც მირჩევნია და ყველაფერ დანარჩენსაც. არ ვიცი რომ შეიძლებოდეს თან ნაძვის ხის დადგმა, თან კვერცხების წითლად შეღებვა და თან ვალენტინობის მილოცვას ყველაფერს ერთად ვიზამდი. ისე რატომაც არა? მიყვარს იმიტომ რომ ეს ჩემი დღეა და მარტო ჩემი, ვიცი რომ ამ დღეს მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ეს არის დღე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მიზეზია და ყველაზე დიდი საჩუქარი რაც კი მიმიღია ოდესმე.

ომლეტი საუზმედ – ჩემთვის დილა დილა არ არის თუ კვერცხი არ შევიწვი. არ არსებობს არანაირი კარაქიანი პური და ბუტერბროტი, ტოსტი და ნამცხვარი, დილა არის შექმნილი სპეციალურად იმისთვის რომ ადამიანებმა მიირთვან გემრიელად მომზადებული ომლეტი.

და ვაღიარებ ფრანგული შანსონები :დ – დიახ ვაღიარებ რომ ძალიან მომწონს ფრანგული შანსონები, აი არც მეტი და არც ნაკლები, მომწონს და მორჩა, ვუსმენ ხოლმე ფლეიერშიც მაქვს ჩაწერილი U2-სა და  Rolling Stones -ს შორის, ვინცობაა და დაინტერესდნენ რომ თითის მარტივი მოძრაობით ავიმაღლო მუსიკალური გემოვნება :დ არადა ფრანგული შანსონი ჰო სულ სხვაა )))

უკანასკნელი წერილი სანტას

%(count)s კომენტარი

 

წერილს სანტასთვის ყოველ წელს, საახალწლოდ ვწერ ხოლმე ბლოგზე. ამჯერად მორალურად შემზადებული, მურაბიანი ჩაით შემთბარი და სიგარეტის ბოლით გაჟღენთილი ვწერ. სხვათაშორის არასდროს ვეწეოდი ხოლმე სანტასთვის წერილის წერისას, იმიტომ რომ კარგი გოგოები ჰო არ ეწევიან. ჩემი წერილები ეხებოდა ყოველთვის იმას, რასაც საბოლოოდ მე თვითონ ვისრულებდი. მაგალითად ვწერდი რომ მინდოდა სუნამო და საახალწლო ხელფასით “გამდიდრებული” გავრბოდი საყიდლად თავქუდმოგლეჯილი, სანტაც კი ვერ დამასწრებდა ყიდვას. ვინ იცის ჩემთვის გამზადებული რამდენი საჩუქარი აქვს გადაყრილი.

ბავშვობაშიც ასე ვიყავი, არასდროს მითხოვია სანტასთვის ის, რასაც ჩემი მშობლები ვერ შემისრულებდნენ. მოსაწყენი ბავშვი არ ვიყავი, ფანტაზიორიც და ზედმეტადაც, მაგრამ საჩუქრებს უფრო პრაგმატულად ვუდგებოდი. ეს წერილი უკანასკნელი იმიტომ კი არ არის, რომ მე დიდი გოგო ვარ და სანტას არსებობის აღარ მჯერა, პირიქით. სანტასიც მჯერა, მფრინავი ირმებისაც და დამხმარე ელფებისაც. 28 წლის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ სინამდვილეში ჩემი არცერთი წერილის ადრესატი სანტა არ ყოფილა. ჰოდა აი გავაცნობიერე, რომ ის იმსახურებს ჩემგან განსაკუთრებულ წერილს და მე ვიმსახურებ განსაკუთრებული სურვილის ასრულებას სანტასგან.

ძვირფასო სანტა,

გამარჯობა, მე ანა ვარ. ერთ პატარა, შენთვის ალბათ უცნობ ქვეყანაში ვცხოვრობ. არ ვიცი მიგიღია თუ არა აქედან წერილი, ჩვენ თოვლის ბაბუებს ვთხოვთ ხოლმე სურვილების ასრულებას, მაგრამ მე თოვლისბაბუების მეშინია 6 წლიდან. მშობლებმა გამოძახებით რომ მოიყვანეს ისტერიკამდე მივედი, სანამ ჩემი სახლის ტერიტორია არ დატოვა. მანამდე არ მახსოვს ვის ვწერდი ხოლმე წერილებს. ისიც არ ვიცი ქართული იცი თუ არა. თუ არ იცი ძალიან გთხოვ ეს წერილი Google Translate-ით არ გადათარგმნო დამირეფლაე და მე თვითონ შევეცდები თარგმნას. ვიცი, ალბათ ჩემხელები აღარ გწერენ წერილებს, ან არ აღიარებენ. მე ყოველთვის მინდოდა რომ პირადად გამეცანი. მეგონა რომ ნამდვილად მხოლოდ მაშინ ამიხდებოდა სურვილი თუ პირადად გთხოვდი. სახლში დიდი ბუხარიც კი მაქვს და გელოდებოდი ხოლმე, მაგრამ შენ არ მოდიოდი. ერთ ახალ წელს უკვე სტუდენტი რომ ვიყავი ისე დავთვერი მთელი ღამე გეძახდი ბუხრიდან და მაშინაც არ მოსულხარ, მაგრამ მე მაინც მჯეროდა, რომ არსებობდი.

ძვირფასო სანტა, მინდა რომ ხვალ გავიღვიძო და მოვხვდე ფილმში საუზმე ტიფანისთან და ფილმის დასრულებამდე ჰოლი გოლაითლის პერსონაჟად ვიცხოვრო. მინდა გადავიდე პარალელურ სამყაროში, სადაც ჩემი პარალელური მე ცხოვრობს და დავინახო შესაძლებლობა, როგორი შემიძლია კიდევ ვიყო სხვანაირი. იქაც მექნება თუ არა კოშმარული სიზმრები ყოველღამე, რამდენად შემეძლება ადამიანების სახეების დამახსოვრება და პარალელურ მეს მაინც თუ ექნება საყვარელი ფერი. მინდა რომ ამ ახალ წელს მაინც ჩამოძვრე ჩემი ბუხრიდან და დილით დამახვედრო წინდაში ჩადებული მინის ბურთი ჩრდილოეთის ნათებით. ყოველთვის მინდოდა ჩრდილოეთის ნათება მაშინ დამენახა როცა მომინდებოდა.

არ ვიცი რომელ წლამდე ასრულებ სურვილებს, ვიმედოვნებ რომ ესეც სტერეოტიპია და ნამდვილი სანტა ყოველთვის შეასრულებს გულწრფელ სურვილს. პირობას გაძლევ ოდესმე შვილები თუ მეყოლება შენთვის დაწერილ წერილებს არასდროს მოვპარავ და არც შენ მაგივრად შევუსრულებ სურვილებს. რადგან ამის ყველაზე ჯადოსნურად გაკეთება მხოლოდ შენ შეგიძლია.

პ.ს. ბუხარზე დაკიდებული სამი წინდიდან ჩემი თეთრი იქნება 🙂

%d bloggers like this: