ბიაფის ჩვენებების ფარგლებში, კიდევ ერთი ფავორიტი ფილმი მაქვს. თურქულ ფილმში აღწერილია 50 წელს გადაცილებული არქიტექტორისა და ხელოვანის თანაცხოვრების სირთულეები. ჩემთვის პირველ რიგში თვალშისაცემია, რომ ფილმში ისლამური ან თურქული კულტურის ანარეკლიც კი არ არის. ეს არის უნივერსალური ისტორია, უნივერსალურ ადამიანებზე, რომელთაც ნებისმიერ დიდ ქალაქში შეეძლოთ ეცხოვრათ და მე ამას დავიჯერებდი თუ ისინი სხვა ენაზე ისაუბრებდნენ.
ეს არის სიყვარულის ისტორია, რომლის გაფერმკრთალებასაც ორივე გმირი თავისებურად უმკლავდება. ელასა და ქანის სახლი რამდენიმე სართულიანი თანამედროვე შენობაა, სადაც ოთახები რკინის ხვეულა კიბით უკავშირდება ერთმანეთს. ფილმში ფაქტობრივად არ არის ვერბალური დიალოგი ელასა და ქანს შორის. დაძაბულ, მდუმარე ეპიზოდებს, მეტალის ნაბიჯების ხმა არღვევს. ფილმში არ არის გარდამტეხი ფრაზა, მას მუდმივად დაყვება გარდამტეხი ხმაური კიბეზე მეტალის ნაბიჯების ხმის სახით. ეს არის თანმდევი მუსიკა, რომელიც იდეალურად გადმოსცემს დაძაბული თანაცხოვრების სევდიან სიჩუმეს და საინტერესო კონტრასტს ქმნის. მინიმალისტური ფილმია, რამდენიმე იდეალურად ესთეტური კადრით, რომელიც შეგიძლია ჩასვა ჩარჩოში და დაკიდო კედელზე.
ელა ხელოვანია, ძლიერი ქალი რომელმაც იცის რა უნდა, სად არის და რატომ. მისი ყველა მცდელობა მიიქციოს ქანის ყურადღება მარცხით სრულდება. ის დგას სარკის წინ სრულიად შიშველი, აკვირდება საკუთარ დაბერებულ სხეულს და მოშვებულ კანს. ეს არის კულმინაციური ეპიზოდი ფილმში, რომელიც დაგაფიქრებს სიბერეზე არა როგორც აბსტრაქტულსა და შორეულზე. პორტალია მომავალში სახელწოდებით “ჩემი სევდიანი სიბერე”, დროის მანქანაა რომელიც გაგხდის, დაგაბერებს, ჩაგახედებს სარკეში და დაგარწმუნებს რომ არავის მოსწონს ბებერი სხეული, არც შენ და არც ელას.
ეს სურათი სასიყვარულო ისტორიაა. ზღაპარი პარალელურ სამყაროში, იმიტომ რომ ის ზედმეტად რეალისტურია. ფილმში მთავარი კითხვა არ არის უყვართ თუ არა ქანსა და ელას ერთმანეთი. აქ მნიშვნელოვანია აკმაყოფილებთ თუ არა მათ ასეთი სიყვარული. აქცევს თუ არა ეს ელას იდეალისტად ან ჯერ კიდევ ინფანტილურ გოგონად ტოვებს, რომელსაც მარადიული სიყვარულის სჯეროდა, ახლა კი ბებერი, იმედგაცრუებული და სექსუალურად დაუკმაყოფილებელია.
გამოფენის ინსტალაცია, რომელზეც ელა მუშაობდა, ფერადი ნისლია. ინფანტილური ბურუსი, რომელშიც ფილმის ყველა გმირი ხვდება, ქანისთვის აღმოჩენად იქცევა, ელას შვილისთვის კი იმედგაცრუებად.
– დედა, იქნებ გეცადა რამე ისეთი შეგექმნა, რასაც კედელზე დაკიდებ
– მაგრამ მე ეს არასდროს გამიკეთებია, პასუხობს ელა