ერთ დილას ჩვენ აღარ გავიღვიძებთ. ხანდახან ძილის წინ თვალს რომ ვხუჭავ იმ დილის წარმოდგენა მინდა. რას ვიგრძნობ ნეტა. მეშინია რომ იქ არაფერი იქნება და მერე ვცდილობ არაფერი წარმოვიდგინო, არაფრის გრძნობა, არაფერზე ფიქრი, არაფერი გარშემო და მეც არაფერი. მერე ფიქრს ვწყვეტ ხოლმე, ან შეიძლება მგონია და უბრალოდ მეძინება. სიზმარში ვხედავ იმ დილას სადაც არაფერია. თქვენ გგონიათ რომ არაფერი შავია? აღიარეთ ჰო შავი წარმოიდგინეთ? კარგად არ წარმოგიდგენიათ, არაფერს ფერიც არ აქვს, ამ მდგომარეობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ ის არაფერია. დილაა როდესაც არ ვიღვიძებთ. იმ დილას სულერთია როგორ იცხოვრე და რამდენი ცოდვა გქონდა, ან რამდენი სიკეთე გაგიკეთებია, იმ დილით ჩვენში ღმერთები კვდებიან, ის დილაა აპოკალიფსი. ის დილაა მეორედ მოსვლა ადამიანებს რომ ეშინიათ, მაგრამ არასწორ მისამართზე ელიან. გრძნობა რომ შეგვეძლოს ვაღიარებდით რომ ტყვეობაში გვიცხოვრია და ნამდვილი თავისუფლება არაფერშია როგორც იმ დილას. იმ დილას რომ შეგეძლოს ინანებდი ყველაფერს რაც არ გამოგიცდია, იმიტომ რომ ეს დილა მაინც აუცილებლად არ გათენდებოდა.
BIAFF – Fill The Void
სექტემბერი 17, 2013
BIAFF ბიაფი, ებრაელი, ებრაული კუტურა, ოჯახი, სიკვდილი, სიყვარული, ქორწინება, შევასე სიცარიელე, ჯეინ ოსტინი, biaff, fill the void 4 Comments
– როგორი ოჯახი გინდა შირა?
– ნამდვილი
ჩემი დღევანდელი დღე შექმნა ფილმმა “Fill the Void“. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის განმავლობაში, ყოველ დღე ერთ გამორჩეულ ფილმზე დავწერ.
ამ სურათში ერთი შეხედვით ებრაული კულტურის ერთი ასპექტია გადმოცემული, რომელიც იშლება ჯერ ჰორიზონტალურად და ებრაული კულტურას მოიცავს მთლიანად. შემდეგ ღრმავდება და ვერტიკალურად ჩადის პრობლემის არსამდე და ელექტროდებამდე შლის მას. მთავარი გმირი შირა, ებრაულ ოჯახში იზრდება და ისევე როგორც ყველა ებრაელი ქალის, მისი ცხოვრების მთავარი მიზანიც ოჯახი შექმნაა. 18 წლის შირა თავის შესაფერის ახალგაზრდა ებრაელ ბიჭს ეძებს, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდება. დის სიკვდილის შემდეგ დედა გადაწყვეტს შირა ქვრივ სიძეს მიათხოვოს.
ამ ფილმის ნახვა ისეთივე სიამოვნებაა, როგორც გაიცნო ადამიანი, რომელიც ერთდროულად ლამაზიცაა და ჭკვიანიც. ეს ლამაზი ფილმია მსუბუქი ფოკუსით, რომელიც ზოგ კადრში გეკარგება კიდეც. ეს ვიზუალური გამოსახულებისა და სიუჟეტური ხაზის იდეალური შეხამებაა. გემოვნებით დარღვეული კომპოზიცია და თითქმის ფოკუს გარეშე კადრები ფანტასტიკურად შეეფერება ეპიზოდებს როდესაც კონკრეტული კულტურის, კონკრეტული პრობლემა ხან სიუჟეტის ფოკუსშია და ხანაც უფრო მნიშვნელოვან და ყველასთვის ნაცნობ სიტუაციებზე მიგვანიშნებს.
შირა თვითნაბადი რომანტიკოსია ჩემთვის. შეიძლებოდა თუ არა ის ყოფილიყო ჟანა დარკი ან ჯეინ ოსტინი, ასეთ პრაგმატულ სამყაროში რომ არ დაბადებულიყო? შირა არის გოგონა, რომელიც ოცნებობს სიყვარულზე სოციუმში, სადაც ყველაფერს წყვეტს კაცი, ფული და ღმერთი, ის კი ამ სამიდან არცერთია. ემოციურად ფილმი მძიმეა, კარგად შენიღბული იუმორით და მკვეთრი ფოკუსით, რომ ცოტა ამოისუნთქო და აღიქვა გარემო. ასეთი ეპიზოდები დემონსტრირება იყო წერტილის, აბზაცის ბოლოს. რეჟისორის განაცხადი „დიახ, მე ვიცი როგორ განახოთ კომპოზიციურად იდეალურად სწორი კადრი, მაგრამ არ მინდა, იმიტომ რომ გაიძულებთ იგრძნოთ შირა“.
შირას არჩევანის არარსებობა, მორალური ტერორი და ემოციური ძალადობა, შენიღბული არჩევანის უფლებით, საზოგადოებაში, სადაც არარსებობს რომანტიკა, 18 წლის ებრაელ გოგონას არჩევანის წინაშე აყენებს. იყოს უბედური ან მოიტყუოს თავი რომ ბედნიერია. როდესაც მას კითხავენ როგორი ოჯახი სურს რომ ქონდეს, შირა პასუხობს „ნამდვილი“.
შირა ერთადერთია ვინც არ არის ყალბი ემოციების მატარებელი, რომელიც გულწრფელი და გულახდილია. ერთადერთი, ვინც ნამდვილად განიცდის დის სიკვდილს და გლოვობს მას. მწუხარება გახდება ის ძაფი რომელიც მას ქვრივ სიძესთან შეაკავშირებს და არა ერთი ნახვით შეყვარება. ერთადერთი ადამიანი რომელიც გარდაცვლილ ესთერს გამოიტირებს ფილმში სწორედ ქვრივი იოხაია. ეს არის გარდამტეხი ეპიზოდი. აქ წვეტს შირა გაყვეს მას ცოლად და აღასრულოს მშობლების ნება. ის იოხაიში დაინახავს საკუთარ თავს და ეუბნება
– დღეს სხვანაირი ხარ იოხაი
– როგორი?
– აქამდე საკუთარი თავი არ გეცოდებოდა
შირას საკუთარი თავი ეცოდება სოციუმში სადაც არ იციან რა არის სიყვარული, ეს არის დანებება. ქორწილის ეპიზოდში, შირას სიხარულის ცრემლები ჩვეულებრივი ებრაელი გოგონას ოცნების ახდენას გავს, მაგრამ ის არ არის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა, ეს არის თავის მოტყუება რომ ის გამარჯვებულია და სწორედ ამიტომ ფინალურ ეპიზოდში შირა მორალურად მარცხდება.
9 სიცოცხლე
თებერვალი 14, 2010
დღიური 10 ბალი, აბაზანა, აბაშმაძე, ბერეტი, ეთერი, თამაში, ირაკლი, კატა, ლევანი, ლიფტი, მაფიოზობანა, მეწყვილე, მიწისძვრა, მოძრაობის წესები, ონკანი, პალტო, რადიო, საეთერი, სასწრაფო, საშუალო ასაკის ქალი, სიკვდილი, სიცოცხლე, შუქნიშანი, ცხრა, ჰაგ, HAG დატოვე კომენტარი
სიცოცხლე პირველი – გვიან გავიღვიძე… მაღვიძარამ არ დარეკა… ფეხშიშველი შევედი აბაზანაში სასწრაფოდ გადავივლე… პირსახოცი… სიჩქარეში დამავიწყდა ახლოს გადამეკიდა თითის წვერებზე დავდექი და მთელი ტანით გადავიწიე, თითქმის მივწვდი ფეხი რომ ამისრიალდა და ონკანს თავი პირდაპირ საფეთქელთან დავარტყი… 1 წამში მოვკვდი…
სიცოცხლე მეორე – პირსახოცს მივწვდი და ნახევრად სველმა დავიწყე ჩაცმა, ჩაიდანი ჩავრთე, თან თმას ვიმშრალებდი და თან ვცდილობდი მესაუზმა როცა გადამცდა, რა საშინელებაა ერთი ნაჭერი ცხელი ტოსტი რომ დაგახრჩობს გავიფიქრე და მოვკვდი ))))
სიცოცხლე მესამე – ცრემლები მომდიოდა, მაგრამ ვსუნთქავდი არასოდეს შევჭამ ასეთი სისწრაფით, ამას ვფიქრობდი როცა ფეხზე ვიცვამდი თან ჩანთაში ვალაგებდი ნივთებს და თან კარს ვკეტავდი… კიბეზე ფეხი ამისრიალდა და თერთმეტი საფეხური ისე უმტკივნეულოდ ჩავიფრინე მეთორმეტე მოყინული ბეტონის, რომ არ შემხვედროდა… დაახლოებით თორმეტი მოტეხილობიდან ერთ-ერთი სასიკვდილო აღმოჩნდა, სამაგიეროდ დანარჩენი თერთმეტისგან მიყენებული ტკივილი ვერც კი ვიგრძენი ისე სწრაფად დავლიე სული
სიცოცხლე მეოთხე – წამოვდექი და თოვლი დავიფერთხე, გული შიშისგან სადღაც ყელსა და ნიკაპს შორის მიცემდა ენის ქვეშ. სირბილით და სრიალით ჩავედი ქუჩაზე ეთერში მაგვიანდებოდა, პირველივე ტაქსი გავაჩერე, ძალიან ვთხოვე სწრაფად ევლო, მაგრამ შუქნიშანზე გაჩერება რომ მოვისურვეთ და დამუხრუჭებისას მოგვასრიალა, იმდენი ვიტრიალეთ სანამ მანქანა ჩემს მხარეს საგზაო ნიშნის ბოძმა არ გააჩერა, უფრო სწორად საგზაო ბოძმა რომლის ნაწილიც პირდაპირ გულში მქონდა გაყრილი
სიცოცხლე მეხუთე – საგზაო ნიშნის ბოძი რამდენიმე მილიმეტრით ამცდა, მანქანიდან გადმოსვლა გამიჭირდა, ახლა ნამდვილად ვეღარ მივუსწრებდი ეთერს, მწვანე შუქს არც დაველოდე, გზაზე გადარბენისას მანქანის მუხრუჭის ხმა გავიგე, ზუსტად ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა “ტყტყ” ბგერები გამოსცა მძღოლმა და ვიფიქრე აი სამშვიდობოს გამოვედითქო, როდესაც გზის მეორე მხარეს პალტოში და ბერეტში გამოწყობილი, მომღიმარი, საშუალო ასაკის ქალბატონის მზერა შევნიშნე. არ გავუღიმე იმიტომ რომ არ მეცნო, მაგრამ დავაკვირდი, რომ მივუახლოვდი ეს მზერა ისეთი კეთილი აღარ მომეჩვენა…
– შენ იცი რომ შეიძლება მომკვდარიყავი??? ვინ არის დამნაშავე ის თუ შენ??? შენ და შენნაირები უნგრევენ უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრებას??? ჩემს შვილს უნდოდა მკვლელი გამხდარიყო??? მაგრამ შენნაირი ალქაჯების გამო ხდებიან მკვლელები და არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ შუბლში მესროლა… უფრო სწორად ხმა გავიგე სროლის…
სიცოცხლე მეექვსე – ბერეტიანმა ქალბატონმა სათამაშო პისტოლეტით წყალი სახეში შემასხა, ფიზიკურად საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც მთელი ძალით გავრბოდი, 5 წუთში გავჩერდი და სული ძლივს მოვითქვი არც არაფერი დარჩა ფეხით მივედი… ლიფტში რომ შევედი წამებს ვითვლიდი და აი სადღაც მეშვიდესა და მერვე წამს შორის ჩაწყდა, ამჯერად უკვე სიკვდილში გამოცდილს ხმაურიც დამამახსოვრდა, ჩემი ყვირილიც, შეჯანჯღარებაც და სამწუხაროდ ძლიერი დარტყმაც, ლიფტში არა, მაგრამ საავადმყოფოსკენ გზაში კი ნამდვილად მოვკვდი
სიცოცხლე მეშვიდე – ძლივს დავარწმუნე სასწრაფოს ექიმები რომ არაფერი მიჭირდა, იმის გარდა, რომ ეთერში მაგვიანდებოდა და სულ სირენებით მიმიყვანეს სამსახურამდე, რა თქმა უნდა კიბით ავედი, გულამომჯდარი მივეყუდე კედელს და ის იყო სიგარეტისთვის უნდა მომეკიდა, რომ ჩემი მეწყვილეც გამოვიდა
– ძალიან ძალიან გთხოვ ირაკლი ვერ ვსუნთქავ და ერთი ჭიქა წყალი მომიტანე
– ახლავე
ეს ახლავე კი გამიკვირდა, მაგრამ გაკვირვების გამოსახატი ენერგია ჯერ არ მქონდა, სამწუხაროდ მოგვიანებით უკვე დაგვიანებით აღმოჩნდა, რადგან ჩემმა საკუთარმა და ღვიძლმა მეწყვილემ მოწამლული წყალი გამომიწოდა და მეც იქვე მოსაწევში გარდავიცვალე
სიცოცხლე მერვე – წყალი დავლიე და ცოტა გონს რომ მოვეგე გამახსენდა ჩემი ეთერი, საეთეროში პალტოთი და ქუდით შევედი, რამდენიმე წამიც და დავაგვიანებდი, ის იყო უამინდობის ბლოკზე უნდა გადავსულიყავი, რომ კარგად გვარიანად შეგვაზანზარა და მერე მახსოვს რომ იატაკი გამომეცალა ფეხქვეშ. 10 ბალიანმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა თბილისი და მეც…
სიცოცხლე მეცხრე – გამოვედი საეთეროდან, გავიხადე პალტო, გავთბი, ლევანმა ყავა მომიდუღა, დავჯექი ირაკლის გვერდით და დავიწყეთ მაფიოზობანას თამაში… წინ თავისუფალი სამი საათი მქონდა, დავხუჭე თვალები, გამეცინა, სულ მეცინება ამ დროს, გავახილე, ყველა მე მიყურებს, დავასახელე, ხმა მივეცი, გავარდა, მაფიოზია, ისევ აბაშმაძე, მაფიის ღამეც დადგა, მაფიოზის გადაწყვეტილებით თამაშს ტოვებს ანა სიდამონიძე
პ.ს. ისევ აბაშმაძე თუ მომკლავს )))))))))))))
სერიიდან “ავადმყოფი”
ოქტომბერი 24, 2009
დღიური ავადმყოფი, კახპა, სარეცხი, სიკვდილი, ღვიძლი, ძაღლი, წაღმა მხარე %(count)s კომენტარი
პირს ვაღებ და ჰაერს ვატან სიტყვებად ქცეულ არარსებულ ფიქრებს. წაღმა მხარეს გადმობრუნებული და ჩემი ფანჯრის წინ, თოკზე გადაკიდებული სარეცხივით ვარ. ყველამ დამინახეთ რა ლამაზი ვარ, ყველამ მაქეთ, იამაყეთ და გამცვითეთ. გადმომაბრუნე ნაკერები უნდა მოვიხსნა, ნეკნები გავწიო სუსტი თითებით და ამოვიღო რაც დამრჩა შიგნით. ჩემი ღვიძლი ისე დაბერდა, მოხუც ძაღლს გავს სახლში რომ არ უნდა სიკვდილი. ჩემი ფიქრები და ჩემი სხეული ისე შორს არიან ერთმანეთისგან, კიდევ კარგი თორემ ტკივილი ჩემს ფანტაზიას კახპასავით ახდიდა ნამუსს.
სამი წლის ანა
ოქტომბერი 24, 2009
დღიური 3 წლის, ანა, სიკვდილი, სიცოცხლე დატოვე კომენტარი
ყველა ადამიანში ცხოვრობს 3 წლის პატარა ადამიანი, უბრალოდ ყველა არ უფრთხილდება ამ პატარა 3 წლის ბავშვს და ისე იზრდება რომ ამას ვერც ამჩნევს. მთელი ჩემი 24 წლის მანძილზე ამ ბავშვს ვუფრთხილდები ჩემში, ვუვლი და ბედნიერი ვარ როცა ისეთ ადამიანს ვხვდები, რომელშიც ეს ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუნდაც დავიწყებული და სადღაც შორს გადამალული, მაგრამ ცოცხალი.
უბრალოდ ხანდახან საჭიროა ადამიანებთან ისეთივე გულწრფელი იყო, როგორც 3 წლის ასაკში
შვილი… ისევ…
ოქტომბერი 23, 2009
დღიური ბიოგრაფია, დღიური, სიკვდილი, სისხლი, შვილი %(count)s კომენტარი
ყველაფერი შენი სიკვდილით დაიწყო. დილით სისხლისგან დაცლილმა გავიღვიძე და მერე დიდი ხანი არ მახსოვს რა ხდებოდა. ჩემს სუნთქვას ისე უფრთხილდება ყველა, რომ მრცხვენია და დამთქნარებისას ვწითლდები. ვენები სულ დამიჩხვლიტეს და დამილურჯეს. სისხლი აღარ დამრჩა ძარღვებში და მცივა. მგონი მეც მოვკვდი იმ დილას შენთან ერთად და ჯოჯოხეთში ვარ
ოქტომბერი 23, 2009
მინაწერები ანა სიდამონიძე, დღიური, სიკვდილი, ტკივილი დატოვე კომენტარი
ჰაერივით უფერული ვარ. სულ გავიფანტე და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ არ ვარსებობ. ჩემი ფიქრები აწეწილია, როგორც მტვერი ფანჯრიდან შემოსულ მოყვითალო დილის სხივებში. შენი შეხება თითებში მებურდება და სასწრაფოდ ვიცვამ ხელთათმანებს, რომ ნაკლებად ვიგრძნო ენერგია რომელიც შენგან მოდის და ასე მაშინებს.
წინათგრძნობები
ოქტომბერი 23, 2009
დღიური ანა სიდამონიძე, ბიოგრაფია, დღიური, სიკვდილი, წინათგრძნობა, ჰაერი დატოვე კომენტარი
ჩემი ახალშობილი სევდა ძუძუზე მყავს მიბჯენილი და ჩემი სისხლით ვკვებავ. უკვე წლები და თვეები კი არა, ვგრძნობ კვირეებია დარჩენილი იმ წუთამდე სანამ გაიზრდება და მომინელებს.მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ერთ მშვენიერ დილას ვეღარ ჩავისუნთქავ ჩემს ოთახში ფანჯრიდან შემოსული სხივით გამთბარ ჰაერს და წავალ. უსინდისოდ ვგრძნობ თავს რომ ვიცი ჩემი წასვლის შესახებ და არ გიმხელ. მშვიდად ვზრდი ჩემს სევდას და ჩემს უზომოდ დიდ სუყვარულს ვუზიარებ, რომ წასვლისას შენ გადმოგილოცო ჩემს სიყვარულთან ერთად. მაპატიე რომ უნდა წავიდე.