bonsai2

ფიქრის ჯუჯები მაშინ გაჩნდნენ როცა ადამიანებმა სამყაროსთან მუსიკის ენაზე საუბარი შეწყვიტეს და ფიქრი დაიწყეს. ყველაფერი კი ერთ წვიმიან ღამეს მოხდა. ძველად სანამ დედამიწა ჯერ კიდევ ზრუნავდა ადამიანებზე და წელიწადის დროებიც არ არსებობდა, ხშირად წვიმდა, მაგრამ ისე თბილოდა რომ ადამიანებს მხოლოდ უხაროდათ მისი მოსვლა. ერთ ასეთ წვიმიან ღამეს, პატარა გოგონა ვერაფრით ახერხებდა დაძინებას. მისი ოჯახი ბონსაის ტყეში ცხოვრობდა. იმ დროში, როდესაც ადამიანებს ბოლომდე არ ჰქონდათ დაკარგული კავშირი ბუნებასთან, ყველა ოჯახს თავისი მეგობარი ხეები და ცხოველები ჰყავდა. გოგონას ოჯახის მეგობრები კი ბონსაის ხეები იყვნენ. მაშინ დროც სხვაგვარად გადიოდა, საათები და წლები არ არსებობდა, ტრადიციები და დღესასწაულებიც სხვა იყო. იმ დღისით ცეკვების დღესასწაული გაემართათ. მართალია ყველა ადამიანს აღარ ჰქონდა მუსიკალური ნიჭი, მაგრამ ჩიტების ჭიკჭიკი, ცხოველების ხმაური და ხეების ფოთლების შრიალი ისეთ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან, რომ ნამდვილ სიმფონიას ქმნიდა, ამიტომაც ბონსაის ტყეში მცხოვრებ, ცეკვისგან დაღლილ ოჯახს ტკბილად ეძინა.

გოგონა თვალებს მაგრად ხუჭდა, თითქოს ეს დაძინებაში დაეხმარებოდა. ვერაფრით ხვდებოდა რატომ ვერ იძინებდა, ბოლოს დაღლილობისგან ძალა გამოეცალა და უძილობას დანებდა. თავში გამოგონილი ამბავი უტრიალებდა. როგორც იცით, იმ დროს ადამიანებს სასაუბრო ენა ახალი შექმნილი ქონდათ და ჯერ არ იცოდნენ რა არის ლექსი, მოთხრობა ან ზღაპარი. ბევრი მათგანი საჭირო სიტყვებსაც გაჭირვებით პოულობდა მეორესთვის აზრის გასაზიარებლად. გოგონას თავში კი არარსებული სიუჟეტი დაიბადა, პირველი ზღაპარი. ამ ფაქტმა პატარა მეზღაპრე იმდენად აღაფრთოვანა, რომ სიხარულისგან ფეხზე წამოაგდო. გოგონა სულ 6 წლის იყო, მის წინ კი მისივე სიმაღლის ზრდასრული მამაკაცი იდგა ბავშვური სახით, მაგრამ მოხუცის გამომეტყველებით, თვალები ისეთი სევდიანი ჰქონდა, თითქოს სამყაროს მომავლის სევდას იტევდა, ტუჩები კი ისე უცინოდა, თითქოს წარსული დროის სილაღის ანაბეჭდი ყოფილიყო. ის პირველი ფიქრის ჯუჯა გახლდათ, გოგონას ახლადჩასახული წარმოსახვის ვიზუალური პროექცია. იმ ღამის სანახაობით გოგონას მეგობარი ბონსაის ხეებიც კი განიმსჭვალნენ და პატარა ჯუჯა ხეებად იქცნენ. ასე შეერქვა გოგონას ოჯახს, ბონსაის ხეების ველზე მცხოვრები ოჯახის სახელი.

გამოხდა ხანი, საუკუნეების მანძილზე მრავალი პოეტი, მუსიკოსი თუ მხატვარი არქმევდა სახელებს ფიქრის ჯუჯებს, ძირითადად მათ ლამაზ ქალებად გამოსახავდნენ და მუზებს უწოდებდნენ. ეს იმიტომ რომ ადამიანების გონება პირვანდელივით გულწრფელი არ არის, ისინი ყველაზე ხშირად საკუთარ თავს იტყუებენ. არავის უნდა თვალი გაუსწოროს პატარა, მსუქან ფიქრის ჯუჯას და აღიაროს, რომ სწორედ ისაა მისი წარმოსახვის ვიზუალური განსახიერება. არადა რაც უფრო მსუქანია ფიქრის ჯუჯა, მით უფრო დიდია ადამიანის წარმოსახვა, ფიქრის ჯუჯები ჰომ ადამიანების ფიქრებით იკვებებიან.