მთავარი

გამარჯობა, მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ანუ ბავშვობაში მაჩმორებდნენ

დატოვე კომენტარი

პოსტის სათაური უცვლელი დავტოვე. სკოლა რომ დავამთავრე, გულუბრყვილოდ მეგონა ბავშვები ერთმანეთს აღარ ჩაგრავდნენ. დარწმუნებული ვარ ჩემი თაობიდან და არა მარტო, ბევრია ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. სტუდენტობისას ახალი მეგობრები შევიძინე, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობდნენ, ბევრი საერთო გვქონდა, მსგავსი ინტერესები, მეტნაკლებად მსგავსი შეხედულებები და ამიტომაც მოვწყდი იმ გარემოს. გარკვეული დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თაობა შეიცვალა და შეხედულებებიცა და დამოკიდებულებებიც განსხვავებული იყო. ვცდებოდი თავისთავად, იმიტომ რომ საზოგადოებაში სადაც სიყვარული სძულთ და ღმერთის სახელით ძალადობენ, სადაც ერთს სქესის გამო ამცირებენ და ხოლო მეორეს ამავე მიზეზით ამართლებენ, არაფრით განსხვავდება 15 წლის წინანდელი საზოგადოებისგან.

მე მინდა მოვყვე რა მოხდა ჩემს თავს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ დღეს ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. მუსიკაზე დავდიოდი, კარგად ვსწავლობდი, წესიერად ვიქცეოდი და ზრდილობაც არ მაკლდა. ისე მოხდა, რომ სკოლაში ერთ-ერთ პოპულარულ გოგოდ ვიქეცი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი არც ვიცი. უბრალოდ ყოველთვის მქონდა ჩემი შეხედულება, არ ვიყავი ტიპური ხუთოსანი მიუხედავად იმისა, რომ კარგი ნიშნები მყავდა, მეგობრული და კომუნიკაბელური ვიყავი. ჩემს სკოლაში კალათბურთი იყო პოპულარული სპორტის სახეობა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ყველაზე სიმპათიურ, კალათბურთელ ბიჭს შევუყვარდი, რომელზეც სკოლაში ყველა გოგო დნებოდა. ჩემი პირველი შეყვარებული იყო სკოლაში. გოგონების ნაწილი მაშინვე ჩამომშორდა. კი, ბევრი მეგობარი მყავდა, ყველა მემეგობრებოდა მანამდე. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა ჩემმა შეყვარებულმა ყველა ბიჭის ჩაგვრა დაიწყო ვინც შემომხედავდა, ან შემეხებოდა, ან შეეცდებოდა მეგობრობას. რამდენჯერმე გავიგე, რომ ჩემი სახელით ცემა ბიჭი, მაგალითად გამომართმევდა რამე ნივთს ნებისმიერი მიზეზით და მერე ამბობდა რომ აი ანამ მითხრა ეგ ტიპი მომაშორეო. ნელ-ნელა ყველას თვალში წესიერი გოგოდან, მოძალადედ ვიქეცი. ჩემს სიტყვებს არანაირი ფასი არ ქონდა, არც ჩემს შეყვარებულთან არც ჩემს ძველ მეგობრებთან. ამიტომაც გადავწყვიტე გავშორებოდი, მაგრამ გვიანი იყო. ჩემი შეყვარებული თავის საკუთრებად მთვლიდა, რომელიც აუცილებლად მისი ცოლი უნდა გამხდარიყო. ვერაფერს ვაკეთებდი, რომ ასე არ ეფიქრა. ყველა ჩემი ნაბიჯისთვის წინასწარ მზად იყო. უამრავი მეგობრიდან ზუსტად 2 დამრჩა ამ დროისთვის და იმათაც გავურბოდი, გამოვიკეტე, განვმარტოვდი, მაშინ მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემა მაქვს, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ გადაჭრიდა.

ერთ დღესაც სკოლაში მივედი და ჩემს შეყვარებულს მოვუყევი, თითქოს დაწყებით კლასებში ვერაზე სწავლის დროს, შეყვარებული მყავდა, რომელსაც ვაკოცე. გულწრფელად ვთვლიდი, რომ უბრალოდ გამშორდებოდა. გამშორდა, მაგრამ შემდეგი 2 წელიც ჯოჯოხეთად მექცა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ სკოლაში ყველას მოუყვა, რომ ბოზი ვარ, იმიტომ რომ 7 წლის ასაკში ბიჭისთვის მქონდა ნაკოცნი. ყველა მე მადანაშაულებდა. დავიწყე აღიარება, ვუთხარი რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და უბრალოდ მასთან დაშორების გამო მოვიგონე. მინდოდა, რომ უბრალოდ დავშორებულიყავით. ამის მერე უფრო დარწმუნდა, რომ ნამდვილად ნაკოცნი მქონდა ბიჭისთვის და შეიძლება მეტიც.

პირველი 6 თვე არავინ არ მელაპარაკებოდა სკოლაში, დერეფანში გასვლისას მესმოდა კომენტარები და შეძახილები, საკმარისი იყო მასწავლებელი არ ყოფილიყო, რომ რაც ხელში ქონდათ მესროდნენ. რამდენჯერმე მისი მეგობრები ხელით შემეხნენ. ვაპროტესტებდი, დირექტორთანაც ჩავდიოდი, მაგრამ ბიჭების მშობლებს ყოველთვის ქონდათ არგუმენტი “როგორც იმსახურებს, ისე ექცევიანო.” თანასკოლელები კი ამბობდნენ აუ “ნასეტკაც” ყოფილაო. მე კიდე არ ვიცოდი, როგორ დამეცვა თავი. ჩემმა მშობლებმა სხვა სკოლაში გადასვლა შემომთავაზეს, მაგრამ მე არ დავთანხმდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ პრობლემა უნდა გადამეჭრა. მაშინ 13 წლის ვიყავი და პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ამ საზოგადოებაში უნდა იყო კაცი, იმისთვის რომ გაგამართლონ. პირველად მაშინ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, რომ ჩემი სიტყვები ნაკლებ ფასობდა და ჩემთვის არ შეიძლებოდა ის, რაც მათთვის მისაღებად ითვლებოდა. ხანდახან ვფიქრობ, ეს ყველაფერი რომ არა, ნუთუ დღეს ქალზე ძალადობის ფაქტის გაგებისას მეც ვიტყოდი “ოჯახის საქმეა, არავის ეხება” ან “ალბათ დაიმსახურა”.

რამდენიმე თვის იგნორირებამ, თავდაცვამ და დირექტორთან საჩივრებმა არანაირი შედეგი რომ არ გამოიღო, უკვე დანებების პირას ვიყავი მისული. ყოველ ღამე რომ ტირილით იძინებ, იმიტომ რომ მეორე დილა უნდა გათენდეს და სკოლაში უნდა წახვიდე. აღარ მახსოვს რომელიღაც ფილმში მოვისმინე ფრაზა, როცა ფსკერს მიაღწევ ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში მაშინ ხარ, იმიტომ რომ იმის ქვემოთ ვეღარ დაეცემი, ფსკერიდან გზა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა, ზემოთ. ზუსტად ამ ფორმულირებით ვერ, მაგრამ დაახლოებით ამ შინაარსის გამონათება მქონდა ერთ დილას. იმ დილას წითელი კოლგოტი ჩავიცვი, კაბა დავიმოკლე, თმა გავიჩეჩე და მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე. უკვე მასწავლებლებსაც არ მოვწონდი, მაგრამ მეკიდა. უფრო სწორად არ მეკიდა, მაგრამ ასეთი იმიჯი მქონდა. იგნორირებას დამატებული ფეხებზე დაკიდების დემონსტრირება იყო გამოსავალი, რომელიც ვიპოვნე. ჩემი ჩაცმულობით და ქცევით ჩემს თანასკოლელებს ის მივეცი რასაც მთხოვდნენ. ის ანა მივეცი, რომელიც ვეგონე სინამდვილეში, რომლადაც მთვლიდნენ. ყველა ფეხებზე დავიკიდე, აღარავის ვეკონტაქტებოდი, ისევ კარგად ვსწავლობდი, უფრო კარგადაც. ერთ დღესაც გაკვეთილიდან გამოვედი და ტუალეტში ჩემი თანაკლასელი ბიჭი შემომყვა. მაშინ პირველად და უკანასკნელად ამოვარტყი ყვერებში მუხლი კაცს, ამის გამო დირექტორთან დამიბარეს და საყვედური გამომიცხადეს, მას არაფერი უთხრეს, იმიტომ რომ მე წითელი კოლგოტი მეცვა და ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. სხვა დროს თავს ვიმართლებდი და თვალცრემლიანი გამოვდიოდი ხოლმე კაბინეტიდან. ამჯერადაც მთელი ხმით ვიტირებდი, მაგრამ ინდეფერენტულ სახეს ვინარჩუნებდი და ვიმეორებდი, რომ რადგან არავინ არ მიცავს, საკუთარ თავს დღეიდან მე დავიცავდი. ჩემი ყოფილი შეყვარებული და მისი ძმაკაცები იმავე თვეში გადიყვანეს სხვა სკოლაში, როგორც გავიგე მშობლების ინიციატივით. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კიდევ ბევრ ბიჭს ვუყვარდი, მაგრამ ჩემი შეყვარებული ყველაზე არაპოპულარული ახალგადმოსული გახდა, ჩემს მეგობრებად ის ორადორი ადამიანი დარჩა.

სკოლაში მივხვდი, რომ ადამიანების სჭირდებათ ავტორიტეტი, 90-იანების გაგებით არა, მისაბაძი პიროვნებები და ამ ავტორიტეტს არავინ ანიჭებს, მხოლოდ საკუთარი თავი და თავდაჯერებულობა. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ვინმესთვის მისაბაძი, როგორც ის კალათბურთელი გახდა და შემდეგ უკვე მე. იმიტომ რომ მე არავის არ ვგავდი, ვაკეთებდი, ვიცვამდი და ვიქცეოდი ისე როგორც მსურდა, იმიტომ რომ მე ძალის დემონსტრირებას ვახდენდი. არ ვაღიარებდი წესებს. დიახ, მეათსე კლასიდან როცა უკვე ყველაფერი ჩაწყნარდა და მე აღარ ვიყავი ჩაგვრის ობიექტი, დირექტორის ორი გაკვეთილი დაგვინიშნეს დილაობით და მე ყოველ დილით მის პირველ გაკვეთილს ვაცდენდი და ყოველ დილით ვეუბნებოდი რომ მეძინა, მაგრამ კარგად ვსწავლობდი ისტორიას და ამასთან შეგუება უწევდა. ეს იყო ჩემი სამაგიერო, ან უფრო ძალის, ნების და დაუმორჩილებლობის დემონსტრირება, მისი ავტორიტეტის შესარყევად. მას ყოველ დღე, ბოლო 2 წლის განმავლობაში უწევდა იმასთან გამკლავება, რომ მე მის ავტორიტეტს ვლახავდი კლასის წინაშე, არ ვემორჩილებოდი. გაკვეთილებიდან მივდიოდი როცა მინდოდა, მოვდიოდი როცა მომესურვებოდი. ვსწავლობდი, კონფერენციებზე გავდიოდი და იძულებული იყვნენ შემგუებოდნენ ასეთს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად მე ვიყავი, ეს ჩემი იმიჯი იყო, რომელიც გადარჩენაში დამეხმარა. ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ ადამიანები ზუსტად ისე გექცევიან, როგორც შენ აძლევ უფლებას მოგექცნენ. ისე აღგიქვამენ, როგორც გინდა რომ აღგიქვან. თუ გინდა იყო ძლიერი, უბრალოდ უნდა იყო. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. სკოლა რომ დავასრულე დირექტორმა ხუთოსნის ატესტატის გადმოცემისას მითხრა, იმედია აღარასდროს შევხვდებით ერთმანეთსო. იქ დასრულდა დაუმორჩილებელი გოგონას ამბავი და იმიჯი, იმიტომ რომ მე მივიღე მისგან აღიარება.

რატომ მიმართლებს ადამიანებში?

%(count)s კომენტარი

მინდა ჩემს მეგობრებზე მოგიყვეთ. ჩემი ყველაზე ძველი და პირველი მეგობარი დაახლოებით წლინახევრის ასაკში გავიცანი. ჩემს მეგობარს ქვია გივი, რომელიც ჩემი მეჯვარე იყო და თანაც ორჯერ 🙂 ჩვენი მეგობრობა დაიწყო ბაგა-ბაღიდან. ის ინგლისურ ჯგუფში დადიოდა, მე ქართულში. ისინი წითელქუდას დგავდნენ ინგლისურად, ჩვენ სამ გოჭს ქართულად. გივი მთხრობელი იყო, მე მესამე გოჭი. იმათი დღე წითელქუდას წაკითხვით იწყებოდა, ჩვენი სამი გოჭის. ერთ მშვენიერ დღეს მივედი ინგლისური ჯგუფის მასწავლებელთან და ეს შენი წითელქუდა, თანაც ინგლისურად სულ სხაპასხუპით ჩამოვურაკრაკე. იმ დღეს გავიცანი გივი და მერე ზეიმზე ორივე მთხრობელები ვიყავით. მერე ერთ მერხზე ვიჯექით სკოლაში და ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, მართალია მან ფიზიკა აირჩია და მე ჟურნალისტიკა, მაგრამ ის ყოველთვის ძლიერი იყო ტექნიკურ საგნებში და მე ჰუმანიტარულში.

კიდევ ერთი ძველი მეგობარი მყავს რომელიც ჩემი კარის მეზობელი იყო ასე 20 წელზე მეტი. ნინო. ნინო ჩემზე 2 წლით პატარაა, ასე რომ გივის მერე ნინოს დავუმეგობრდი და როცა ბაღში გივის ვემშვიდობებოდი ხოლმე სახლში ნინოს ვესალმებოდი. გივი ჩემი დღის მეგობარი იყო, ნინო საღამოს მეგობარი. ნინო დღეს საფრანგეთში ცხოვრობს, პარიზში, სორბონაში სწავლობს და დამოუკიდებელი ქალია. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე წელია არ მინახავს და შეიძლება ხანდახან კვირები გავიდეს ისე რომ არ მივწეროთ ერთმანეთს, როცა ვწერთ ისე ვსაუბრობთ თითქოს ბოლოს გუშინ ვნახეთ ერთმანეთი.

მესამე ძველი მეგობარია თამო. თამო სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში ჩამოვიდნენ, ჩვენს ეზოში რომ იყიდეს ბინა მე უკვე მესამე კლასში ვიყავი, თამო პირველში. მე, ნინო და თამო ერთად გავიზარდეთ, ერთ პატარა იტალიურ ეზოში. დღეს თამოს მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ბავშვი ყავს, ნიკოლოზი, რომლის ერთადერთი მეგობარი ჯერ მე ვარ 🙂 აქვს მნიშვნელობა წლებს, კი, და იმას რომ ადამიანს თავიდან ბოლომდე იცნობ. უსიტყვოდ, რომ შეხედავ და იცი რას ფიქრობს, რა აწუხებს ან რა უხარია. უბრალოდ ადამიანია, რომელთანაც შეიძლება სიტყვაც არ თქვა, მაგრამ მთელი ამბავი მოუყვე და ის ზუსტად გაიგებს რა უთხარი.

კიდევ მყავს მეგობარი შორენა, ჩემი კლასელი. მეხუთე კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში და იმ დროიდან ვმეგობრობთ. მანამდე მუხიანში ცხოვრობდნენ, მერე ბინა გაყიდეს და ჩვენს ქუჩაზე ბებიასთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ასე გავიცანი შორენა, რომელიც არცერთ ჩემს მეგობარს არ გავს. საერთოდ ძალიან განვსხვავდებით. მარტო ჩემგან არა ზოგადად განსხვავებული ადამიანია, ისე არა როგორც ყველა, აი ძალიან განსხვავებულია. აქვს საკუთარი კარგად განსაზღვრული პრინციპები, მე რომ მერვე კლასში ვარდისფერი სათვალეების მთელი კოლექცია მქონდა წარმოსახვით კარადაში, შორენა უკვე მუშაობდა, ეხმარებოდა დედას და უკვე დამოუკიდებელი იყო, დიდი ადამიანი. საერთოდ ძლიერი და კარგი ადამიანია, ბევრზე კარგი ვისაც ვიცნობ.

შემდეგი ახალი შენაძენი უკვე უნივერსიტეტში სწავლისას მოხდა. დავიწყებ მშვენიერი სამეულით. მე, ოლიკო და თამუნა. მახსოვს ზუსტად პირველად დავინახე ორივე ერთ მერხზე ისხდნენ ჩემს უკან რომელიღაც ლექციაზე, პირველი კურსის დასაწყისი იყო და ერთმანეთს არავინ ვიცნობდით ნორმალურად. მაგრამ ისინი უკვე დამეგობრებულებივით იყვნენ. ორივე საკმაოდ სწერვა სახით იჯდა და პერიოდულად რაღაც შენიშვნებს ისროდნენ ლექტორის მიმართულებით, რომელიც ამ ყველაფერს არ იმჩნევდა. მაშინვე ვიფიქრე რომ მინდოდა ამ გოგოების გაცნობა. მერე ოლიკო ჩემს სახლთან შევამჩნიე და ზუსტად იგივე ვიფიქრე, ამ გოგოსთან ვიმეგობრებდითქო. არ ვიცი საერთოდ რა პრინციპით არჩევენ ადამიანები მეგობრებს, მაგრამ აი ზრდასრულ ასაკში, თანაც ბუნებრივად კი არა შეგნებულად მეგობარი მაშინ ავირჩიე პირველად. როცა გრძნობ რომ ის შენიანია, მაგრამ ჯერ არ იცი რატომ. მე, ოლიკო და თამუნა საუკეთესო მეგობრები გავხდით. იყო ძალიან ბევრი ისტორია დაწყებული ჩემი დაუმთავრებელი ლავსთორებით, რომლისაც უკვე აღარავის ჯეროდა ისეთი სისწრაფით მთავრდებოდა ყველა. მახსოვს ერთხელ სანაძლეო დადეს. თამუნა ფიქრობდა რომ მორიგი ბიჭი ერთ თვეში მომბეზრდებოდა, ოლიკოს ვერსია ორი კვირა იყო. საბოლოოდ ერთი კვირაც არ იყო გასული რომ მომბეზრდა და კიდევ ერთი კვირა ვატყუებდი, სანამ არ მიმიხვდნენ ))) თამუნას ჯიხვივით კაცები მოწონდა, ოლიკო ყოველთვის განსაკუთრებით რომანტიკული იყო და აი ისეთი ერთი რომ უყვარს და უყვარს და უყვარს 🙂

უნივერსიტეტში კიდევ მეორე სამეგობრო წრე მყავდა, რომელთანაც ასევე დღემდე ვმეგობრობ. ბექა, გიგა, ლევანი (ჩიტი), ლექსო, რატი და სოფო იგივე პეტაჩოკი.

ბექა გავიცანი გიტარით ხელში, თმა ქონდა და დიდი წვერი, ბევრს ლაპარაკობდა, ჩქარა და ემოციურად. დღესაც ასეთია ოღონდ თმის და წვერის გარეშე ))) ბექა არის ყველაზე ემოციური ადამიანი ვისაც კი ვიცნობ ალბათ. ძალიან ბევრს ფიქრობს და ძალიან ბევრს ზრუნავს. საერთოდ მგონი ყველაზე უნდა იზრუნოს, იფიქროს და ინერვიულოს, არ იმჩნევს, მაგრამ ემჩნევა. ბექა არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. წერს მოთხრობებს, ნუ მე მახსოვს რომ წერდა. ახლა სიმღერებს წერს და ჯგუფი მუZიკას შემქმნელ, სოლისტ, ვოკალისტ, გიტარისტ, პიარშიკ, მენეჯერია. აი ზუსტად ასეთია ყველაფერს ერთად აკეთებს და კარგად. არის ძალიან გულჩვილი და არ ვიცი ამას ჩემს ბლოგში რამდენად უნდა ვწერდე, მაგრამ ამ ერთელ დავწერ. მიუხედავად იმისა რომ ბექასაც ყავს ბავშვობის მეგობრები და მეც, მგონია რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, იმიტომ რომ შევხედავ და ვიცი რა უტრიალებს თავში. განა მალავს, ან თამაშობს და იმიტომ ვერ ხვდებიან სხვები, არა. უბრალოდ ასე არ იცნობენ. საერთოდ ცხოვრებაში ბევრი ცუდი მაქვს გაკეთებული და ბექა იმ მეგობრების რიცხვში შედის რომელიც ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო მაინც ჩემს მეგობრად დარჩება, დროით გამოცდილია 🙂

შემდეგი იყოს ლევანი ანუ ჩიტი. ჩიტი რატომ? იმიტომ რომ ჩიტია. ლევანი არის უგენიალურესი ადამიანი, იმტომ კი არა რომ ჩემი მეგობარია, მართლა ასეა. მე ალბათ ვერასდროს შევძლებდი ისეთი ძლიერი ვყოფილიყავი როგორიც ჩიტია. შეიძლება ამას ხშირად და არასდროს ვეუბნები, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი ემოციები რთული საკონტროლებელია და ამიტომ ვახშობ. მაგრამ ჩიტი ზუსტად ის მეგობარია რომლითაც ვამაყობ და ბედნიერი ვარ რომ მე ვარ მისი მეგობარი.

შემდეგი იყოს ლექსო. ლექსო ყოველთვის იყო და არის ჩუმი, წყნარი მორიდებული. საერთოდ სიტყვა ალალის მნიშნელობა თუ ვინმეს ზუსტად არ გესმით შემიძლია თვით ამ სიტყვის განსახიერება ლექსო გაგაცნოთ. ადამიანი რომელიც, გარემოს, განწყობის და ყველა სხვა ფაქტორის მიუხედავად ყოველთვის და გამონაკლისების გარეშე ამბობს არც მეტს და არც ნაკლებს, ზუსტად იმას რასაც და როგორც ფიქრობს. ამიტომ არის ლექსო ჩემი უნიკალური მეგობარი.

რატი. რატი არის საყვარელი და ჩუმი. ან შეიძლება იმიტომ არის საყვარელი, რომ ჩუმია. უფრო სწორად სიტყვაძუნწი. მაგრამ როცა ლაპარაკობს მაშინაც სიტყვაძუნწია. რატი არის ადამიანი რომლისგანაც მაშინაც კი არ გწყინს როცა საშინლად პირდაპირია, ოღონდ როგორ ახერხებს არ ვიცი.

სოფო რატის ცოლია, მაგრამ სანამ რატის ცოლი გახდებოდა მანამდე პეტაჩოკი იყო.  პეტაჩოკი იყო ის და მეც პეტაჩკი ვიყავი, ასე შევარქვით ერთმანეთს და დღემდე ასე მივმართავთ. სოფოს ჩემი მეგობრებიდან ყველაზე მეტად აქვს იუმორის გრძნობა განვითარებული, შავიც და თეთრიც. სოფო არის მეგობარი რომელიც შეიძლება არ ნახო რამდენიმე თვე, მაგრამ იცი რომ სადღაც არის პეტაჩოკი რომელიც მუდამ მზად არის გაგამხიარულოს, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება.

გიგა არის მაღალი, გამხდარი და უსმენო. გიგა ერთადერთია ჩემი მეგობრებიდან რომელიც მესალმება გინებით და ეს ნორმალურია. გიგა არის ადამიანი რომლისგანაც არ ვიცი რა შეიძლება გამიკეთოს რომ მეწყინოს ან ვერ ვაპატიო ან დამჭირდეს საერთოდ პატიება. გიგა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოვიდეს და მითხრა რომ 2 წუთში დაიწყება არმაგედონი და ეს მისი შეგნებული, ნაფიქრი და დიდხანს დაგეგმილი პროცესის ნაწილია და მე მასზე არ გავბრაზდები. გიგა არის მეგობარი რომელსაც მიჭირს არ შევუსრულო თხოვნა, როგორიც არ უნდა იყოს ის.

ლელი. ლელი გავიცანი ჯიპაში ფოტოჟურნალისტიკის კურსებზე რომ გადავწყვიტე ჩაბარება. კლასში შემოვიდა აფორიაქებული, ქოთქოთით და ყველას მოგვიყვა როგორ იმშობიარა წინა ღამეს მისმა კატამ და როგორი საოცარი მომენტი იყო პატარა კნუტების გაჩენა. ლელის ძალიან უყვარს ცხოველები და ფოტოგრაფია. ლელი არის ყველაზე თბილი და ექსცენტრული ადამიანი ვისაც ვიცნობ, ლელი არის ძალიან ლამაზი და მიზანდასახული. გიჟდება საკუთარ საქმეზე და იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან. ლელი არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობარიცაა და მიბაძვის საგანიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვისება აქვს რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და პატივს ვცემ ადამიანში და რომლებიც მე თითქმის არ მაქვს. ამიტომ ლელი არის ის ვინც მე მინდა ვიყო, მაგრამ არ ვარ.

ეს ის ადამიანები არიან რომლებიც ჩემს ცხოვრებას ცვლიან, შეცვალეს და რომლებიც მე მხდიან უკეთესს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ მიმართლებს ასე ადამიანებში

%d bloggers like this: