მთავარი

BIAFF ფარაჯანოვი

%(count)s კომენტარი

ორ დღიანი მოლოდინის და იმედგაცრუების შემდეგ ბიაფზე აჩვენეს ფილმი, რომელიც გახდა დღის ფავორიტი – “ფარაჯანოვი”.  სულ რამდენიმე ბიოგრაფიული ჟანრის ფილმი მახსენდება, რომელიც ასეთივე წარმატებულია. ამ ჟანრის ფილმებში მთავარი სირთულე რეჟისორისთვის არის არ გახდეს მოქანდაკე, მწერალი ან მხატვარი, მეტიც – ის რეჟისორიც კი არ უნდა იყოს. რეჟისორი როგორც ქირურგი. ეს მისი პირადი ჰორორია და ფარაჯანოვის პიროვნების ტრეპანაცია, თანაც საჯარო. ინტიმური დეტალები, რომელთა აუთენტურობას ობიექტურ რეალობად იღებ. სურათი ადამიანზე, რომელიც ადამიანიც კი არ არის. ფარაჯანოვი როგორც მოვლენა.

ფილმს თავისი რეალობა აქვს, სურეალისტური ჩარჩო, ექსცენტრული გადაწყვეტებით. ენერგეტიკა რომელიც გავს რვაფეხას მილიონი საცეცით. ის გამოდის კინოთეატრის ეკრანიდან, საცეცს გამაგრებს თავის ქალაზე და ფარაჯანოვის დოზის ინექციას გიკეთებს, მერე უკვე იჯერებ რომ მის ბინაში ლენინის ბავშვობის თავის ქალა ნამდვილი იყო. ეს არის ფარაჯანოვის ესთეტიკა.

სიუჟეტური ხაზი, რომელმაც ფარაჯანოვის კოლაჟი მომაგონა. ეპიზოდები, როგორც წებოთი პორტრეტზე უხეშად დამაგრებული მძივის დეტალები. ქაოსური წესრიგით აგებული სიუჟეტია. კადრები რომლის კომპოზიცია ფეხებზე გკიდია, ეს კადრიც არ არის, ეს 95 წუთიანი აბსურდული სინამდვილეა. საბჭოური ბავშვობის კათარზისი იყო ჩემთვის და რევოლუციური გაცნობიერება თავისუფლების. მე როგორც ანესთეზირებულმა მაყურებელმა ვერ შევძელი მეყურებინა მომდევნო ფილმისთვის, იმიტომ რომ ფარაჯანოვის დოზა ჯერ კიდევ მოქმედებდა.

 

 

დეკემბრის პოსტი

დატოვე კომენტარი

გარდა იმისა რომ ზამთარი დგება, ახალი წელი მოდის, ცივა, თოვლია და ჩაი ლიმნით მთელი მოვლენა, ჩემთვის ეს თვე ცხოვრების ეპიზოდია, რომელიც გაფუჭებული ფირფიტასავით ერთ ადგილას ტრიალებს ყოველ დეკემბერს.  უკვე მეოთხე წელია რაც ტრადიციულ პოსტს ვწერ და მგონი ყველა დეტალი მოყოლილი მაქვს, ყველა ემოცია გადმოცემული, არაფერი მაქვს ახალი სათქმელი.

წელს არ მინდოდა დამეწერა ამაზე, გულწრფელად ვიტყვი. ბევრი ვიმუშავე ზოგადად ამ ემოციის გარდაქმნაზე, ამ ფაქტის ნეგატიურობის ჩახშობაზე. ხანდახან მთელი გულით მინდა ეს ეპიზოდი ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ამის გაფიქრების შემდეგაც კი საშინელი დანაშაულის გრძნობა მაქვს და ალბათ ამიტომ ვერასოდეს განვახორციელებ ამ ნებაყოფლობით ამნეზიას, ყოველშემთხვევაში ტრეპანაციის გარეშე. ტვინის რაღაც ნაწილს თუ ამომიღებენ ალბათ დავივიწყებ. განა არ შემიძლია? რისთვის არსებობენ ფსიქოთერაპევტები, მაგრამ არ მინდა. ჯერაც ვერ დავლაგდი მოკლედ, ვერ ჩამოვყალიბდი რა დამოკიდებულება მაქვს ამ თემის მიმართ. ჩაღრმავება მჭირდება, მაგრამ რთულია, უფრო სწორად ჩემთვის საშიში, მშიშარა ვარ.

ყურით მოთრეული პოსტია, სიტყვებად ვაკოწიწე. რაც დრო გადის უფრო მიჭირს ლაპარაკი, ფიქრი ისედაც მიჭირდა. მიგროვდება და ზამთარი რომ მოდის უბრალოდ მაქვს მიზეზი ვთქვა რომ დეკემბერში ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო.

%d bloggers like this: