მთავარი

მე და ჩემი კოშმარები

3 Comments

მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება კოშმარებს ვხედავ. ნუ სიზმრების 100%-დან 99.99% კოშმარები იყო და დანარჩენი ერთი არ მახსოვდა. სხვათაშორის ბოლო რამდენიმე დღეა თუ უკვე ერთი კვირაა მძინავს ჩვილივით და ვხედავ კარგ სიზმრებს. ისეთ კარგებს და ლამაზებს, საყვარლებს და ფუმფულებს, რომ აღარ ვიცი რა ვქნა, რას ვეცე, როგორ გავაზიარო, ვის მოვუყვე. რა კარგი ყოფილა კარგი სიზმრების ნახვა ღმერთო ჩემო, რომ იღვიძებ და ადამიანის სახე გაქვს, მზეს ამჩნევ ცაზე თურმე ამოდის და ანათებს კიდეც და საერთოდ რა კარგი და მშვენიერია ირგვლივ ყველაფერი. როგორ მოქმედებს ადამიანზე თურმე ცუდი სიზმრები. გულში ვფიქრობ ეს დღეები, თურმე რა ბედნიერები არიან ადამიანები და არ იციან.

nightmares

ჩემი სიზმრები უკიდურესად კოშმარულია და ეხება ყველა თემას რაც კი ოდესმე მაინტერესებდა ან ვიცოდი. რელიგია, მითოლოგია, რიტუალები და ა.შ. მაგალითად როცა ყველა იხსენებს ბედნიერად სიზმარს, რომელშიც იფრინა და აღფრთოვანებული ყვება იმ განცდებს, რომელსაც ფრენის დროს განიცდიდა. ამ დროს მე, ერთადერთხელ ვიფრინე სიზმარში და ისიც როგორ, მილიონი ფსიქოპათი მე მომსდევდა უკან, მთელი ქალაქი ჩემი ალტერნატიული განსხეულებებით იყო სავსე, ოღონდ ყველა თავისებურად საშინელი იყო და რომ მომიმწყვდიეს რომელიღაც კორპუსის თავზე იქიდან გადმოვხტი და ვინატრე ფრთები, შედეგად ვიფრინე, მაგრამ ეს იყო მტკივნეული, თან მწონდა ღამურას ფრთები. მთელი დღე მტკიოდა ზურგის კუნთები და მას შემდეგ არ მიფრენია.

ერთხელ მოვხვდი ჯოჯოხეთში სადაც კანი გამაძრეს ამოატრიალეს, ისევ ჩამაცვეს და მიმაკერეს. თან ამ ყველაფერს ვგრძნობდი და ისეთი რეალისტური იყო. ვერ ვიხსენებ რომელი გრძნობა უფრო მტკივნეული იყო გატყავების თუ ჩაცმის, მაგრამ ეს იყო ნამდვილი კოშმარი, რომელიც იმდენად კოშმარი იყო, რომ გავიღვიძე ვიგუდებოდი უჰაერობისგან. სხვათაშორის ჯოჯოხეთში კიდე ვიყავი სხვა დროსაც, მაგრამ იქ უკვე სახელგანთქმული კუპრის უდაბნო ფიგურირებდა, რომელზეც დავდიოდი შიშველი ფეხებით და ვერ ვაგნებდი გასასვლელს, თან ვეძებდი ლუციფერის ქამარს, რომელიც საიდანღაც ვიცოდი რომ გამიყვანდა ჯოჯოხეთიდან. ჰოდა ვიპოვნე ქვა, რომელიც მივხვდი რომ ეს იყო ქამარი და რაღაც ღვთაებრივად კი არა, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკებში რომ არის, იმ ტექნოლოგიის მსგავსად გარდაიქმნა ეს ქვა ქამრად. ოღონდ რომ გავიკეთე მე თვითონ გავხდი ლუციფერი და ჯოჯოხეთიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.

კიდე ერთხელ მახსოვს რაღაც შენობაში მოვხვდი რომლის ოთახებიც ფორმას იცვლიდა და თან დროც სხვანაირად მიდიოდა ამ სახლში. მაგალითად ერთ ოთახში რომ შევიდოდი და რომ დაიწყებდა დამრგვალებს უნდა გამესწრო მეორეში, მერე დერეფანი იწყებდა დავიწროვებას და შემდეგი ოთახის კარი მხოლოდ დერეფნის ბოლოს იყო, არადა უნდა მომესწრო შესვლა თორემ გავიჭყლიტებოდი, ჰოდა მერე რომ ვბრუნდებოდი ისევ იმ ოთახში სადაც უკვე ვიყავი იქ ვხედავდი ჩემს თავს, რომელიც მე ვერ მხედავდა და იმ ვითარებას რაც უკვე იყო რამდენიმე წუთის წინ. რამდენჯერაც ვბრუნდებოდი ერთსა და იმვე ოთახში იმდენ დროს ვხედავდი ერთდროულად და იმდენ ჩემს თავს. ანუ ყველა დრო ფენებად იყო ერთმანეთზე დადებული და თითქოს მთელ სახლში ყველაფერი სინამდვილეში ერთდროულად ხდებოდა, უბრალოდ მე სივრცეში გადავაადგილდებოდი და არა დროში.

ერთხელ სიზმარში ვნახე სამყაროს დასასრული. ესეც კოშმარი იყო პრინციპში, მაგრამ ისეთი ლამაზი, რომ სამყაროს დასასრული თუ ასეთი იქნება მინდა რომ რეალურადაც ვნახო. სიზმარში ვნახე რომ მზის სისტემის ყველა პლანეტა ცაზე ჩანდა, იმიტომ რომ დედამიწა იზიდავდა მათ და ვითომ ამას ერქვა პლანეტარული სუიციდი. არც ვიცი საიდან მომივიდა ეს ტერმინი თავში. ჰოდა მოკლედ ყველა პლანეტა დედამიწას უნდა შეჯახებოდა, იმიტომ რომ საერთოდ მთელი სამყარო, ანუ მთელი არსებული კოსმოსური სივრცე იკუმშებოდა და ამ შეკუმშვის ეპიცენტრი იყო დედამიწა. ყველაზე ლამაზი იყო ბოლო რამდენიმე წუთი, როცა პლანეტები შემოიჭრნენ ატმოსფეროში და მათ გარშემო ფეიერვერკივით ალის რგოლები იყო, თვითონ კიდე შავები გახდნენ და მთელი ცა გამწვანდა როგორც ჩრდილოეთის ნათების დროს, ისე ალივლივდა სხვადასხვა გარდამავალ ფერებად და დედამიწაზე უცბად, რამდენიმე წამში მომწვანოდ ნაცრისფერი კვამლი ჩამოწვა, მაგრამ თან ანათებდა ყველაფერი და ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი იყო ენითაუწერელიო, რომ იტყვიან.

ერთ სიზმარში ვიყავი სვანეთში, არადა სვანეთში არ ვარ ნამყოფი. ჰოდა ვითომ რაღაც კოშკში ვზივარ და უცბად ხალხი შემოიფანტა ყვირილით სამმა სვანმა გოლიათმა გაიღვიძაო. შემოვიდა ეს სამი სვანი გოლიათი დიდები, თეთრები და როგორც უკვე გაქცეული ხალხი ყვიროდა კაციჭამიები. თუმცა არ შევუჭამივარ, მახსოვს რომ სამივემ რაღაც ძალა მომცა, უფრო სწორად შემპირდა, აი ზუსტად ისე როგორც ზღაპრებშია ხოლმე, ოღონდ რაღაცის სანაცვლოდ. რის სანაცვლოდ არ ვიცი. იმედია სული არ მივყიდე ))))

ერთხელ ერთ სიზმარში სადღაც ცენტრალურ ამერიკაში ვცხოვრობდი, ნუ ეგეთი სახლები იყო და მე შავკანიანი მაღალი, ლამაზი ქალი ვიყავი. პრინციპში მხოლოდ ამის გამო ეს სიზმარი შემიძლია კოშმარების რიცხვში არც გავიყვანო, მაგრამ მე მქონდა რაღაც პატარა მრგვალი მინის კოლბებივით ბოთლები, რომლებშიც ფერადი ფოსფორივით მანათობელი ბლანტი სითხე ესხა. ხოდა ამ ქალაქში დავდიოდი და ყველას ვისაც შევხედავდი და ჩავთვლიდი რომ მისი დრო მოვიდა ვასმევდი ამ სითხეს და ამ კოლბაში ხვდებოდნენ. სიკვდილი ვიყავი ფაქტობრივად. როცა გავავსე ყველა კოლბა მთაზე ავედი სადაც ძველი ქვის სარიტუალო მაგიდასავით იყო, ქვემოდან დიდი ქვის თასივით ქონდა შედგმული. დავწექი, დავლიე ეს ყველა დაგროვილი სითხეები, გავდნი და ამ ქვის ჯამში დავგროვდი. ეგ შეგრძნება მახსოვს თან სითხე რომ ვიყავი. კატასტროფა შეგრძნება იყო, რომელიც ვერ აბალანსებს ჩემს ლამაზ, მაღალ შავ ქალად ყოფნას და ამიტომაც კოშმარია.

ერთხელ ვნახე როგორ ჩადიოდა თბილისი მიწაში, ვითომ მე ვიდექი სადღაც სააკაძის მოედანზე, უცბად დავინახე რომ შენობები ჩადიოდა მიწაში, ინგრეოდა ყველაფერი გარშემო და უკვე გასაქცევიც რომ აღარსად მქონდა ხვრელით მიწაში ჩავედი, თან ვფიქრობდი ამ ხვრელში როგორ ვეტევითქო. ნუ კი კომპაქტური ვარ, მაგრამ მაინც ძალიან ვიწრო ხვრელი იყო. მოვხვდი მიწისქვეშა გამოქვაბულში სადაც ტბა იყო, რომ ჩავიხედე თურმე გველის ტანი მქონდა და დრაკონის თავი. მერე მივხვდი იქ როგორ ჩავედი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დრაკონის სახე არ მეუცხოვა, პირიქით ძალიან ბუნებრივად აღვიქვი, მაინც ერთგვარი სტრესი იყო, უცბად რომ აღმოაჩენ ამ ფაქტს. საკმაოდ უსიამოვნო სიზმარი იყო.

ერთი მძაფრსიუჟეტიანი კოშმარიც იყო, რაღაც ლაბირინთში ვიყავი ქვის ლაბირინთი იყო, ოღონდ შენობაში, იმიტომ რომ ცა არ ჩანდა ჭერი ქონდა და იატაკიც ქვის. ვითომ ვიღაც მომსდევდა და მე მეცვა ტყავისა და რკინის ტანსაცმელი ძალიან სექსუალური. სხეულის ის ნაწილები რომელსაც ვხედავდი სულ მოხატული მქონდა. ჰოდა გავრბოდი თან ხელში მეჭირა ხმალივით თუ ხანჯალივით იარაღი. წამომეწია ეს ვისაც გავურბოდი და ისიც მე ვიყავი, ისიც მოხატული იყო, ზუსტად ჩემნაირი და მომკლა, ჰოდა სისხლი როგორცკი წამომივიდა გაქრა. საშინელი გრძნობაა საკუთარი თავი რომ გკლავს. ამ სიზმრის მერე დავრწმუნდი რომ სუიციდი ნოთ მაინ.

და ჩემი ფავორიტი კოშმარული სიზმარი იყო, როცა რეალურ ცხოვრებაში დავიძინე და სიზმარში გავიღვიძე კოსმოსურ ხომალდში, რომელიც დაჯდა პლანეტაზე, რომელზეც მე არალეგალურად ვიმყოფებოდი, საბუთები არ მქონდა და ვცდილობდი სატვირთო ნაწილით დედამიწაზე დაბრუნებას ))))) ეს იყო ყველაზე სასაცილო კოშმარული სიზმარი რაც კი მინახავს.

კიდევ უამრავი კოშმარი მაქვს ნანახი რომელსაც არცერთი პოსტი არ ეყოფა, თითქმის იმდენივეა რამდენი ღამეც იყო ჩემს ცხოვრებაში, ნუ თითქმის. ყველა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამავე დროს საშინელი. ხანდახან თავსაც ვიმშვიდებდი იმით რომ, აუ მე ისეთი საინტერესო სიზმრები მაქვს, ისეთი არაბანალური, მაგრამ ბულშით. თურმე რა კარგი ყოფილა მათ გარეშე. არ დაბრუნდეთ კოშმარებო, არ მენატრებით.

nightmare

Advertisements

ძია ფროიდის ტესტი – ტეგ თამაში

2 Comments

ბატონი პიკასოს 😀 თხოვნა შევასრულე და სათაური ხელუხლებელი დავტოვე. ბევრს არ ვისაუბრებ და პირდაპირ გადავალ კითხვა პასუხზე, რომლის შედეგიც თამაშიც ავტორის თქმით 110%-ით ამართლებს…

2218866489_ac38c05f08

1. წარმოიდგინეთ რომ უდაბნოში ხართ და დაინახეთ კუბი (გეომეტრიული ფიგურა) რაც შეიძლება ვრცლად აღწერეთ თუ როგორია (ცაშია თუ მიწაზეა) ფორმა ფერი რისგან არის დამზადებული. რომ ხედავ რაზე ფიქრობ?რისი სურვილი გიჩნდება????

დავიწყებ იქიდან რომ ჩემი უდაბნო არის კანიონი… არის მრავალფეროვანი რელიეფით, სადაც ქანები სულ სხვადასხვა ფერისაა, სადაც ძალიან ცხელა რა თქმა უნდა, მაგრამ შეგიძლია თავი ჩრდილს შეაფარო (თანაც გაშლილი სივრცის მეშინია) ცაზე რამდენიმე დიდი პლანეტა მოჩანს, დღისით და მზისით, მაგრამ ძალიან ახლოს თითქოს, თანაც სხვადასხვა ფერისა, ღრუბლები ჩემი ფიქრების მიხედვით იცვლიან ფორმებს…

გადავედით კუბზე. ჩემი კუბი არის ე.წ. კუბიკ რუბიკი… ანუ თავსატეხი, რომელიც ერთ-ერთ კანიონშია ჩაჭედილი. არის ხისგან დამზადებული… აი ძველი საღებავით შეღებილი სხვადასხვა ფრად და ზოგ ადგილას ეს საღებავი რომ ამძვრალია ისეთი… მიჩნდება სურვილი, ისევე როგორც ყველა სხვა ამოცანაზე და თავსატეხზე რომ ამოვხსნა… და აღმოვაჩენ რომ ჩემი ფიქრით შემიძლია ამ კუბიკ რუბიკის სხვადასხვა ნაწილების ამოძრავება. ვიწყებ კუბიკ რუბიკის აწყობას, მაგრამ ყველა მოძრაობა პატარა მიწისძვრას გავს, რომელიც კანიონს ანგრევს… ვიცი რა უნდა შევცვალო რომ ერთი ფერი ავაწყო, მერე მეორე და ამოვხსნა თავსატეხი… შეპყრობილივით ვაწყობ კუბიკ რუბიკს რაც საბოლოოდ ანადგურებს იმას რაც ჩემს გარშემოა…

Rubik_cube_colorfull

2. გააგრძელე გზა და დაინახე წყლით სავსე დოქი . როგორია? რას გრძნობ? რას ფიქრობ რას აკეთებ????

დოქი აუცილებლად არის რკინის ორნამენტებიანი და სავსე… თავიდან დავინახე რაღაც შავი ლაქა, მერე ახლოს რომ მივედი დოქი იყო და ხელი რომ მოვკიდე ცივი… სულმოუთქმელად დავლევ და თავზეც დავისხავ… შეიძლება ოთხითაც მივფორთხდე და ჩასუნთქვაც გამიჭირდეს იმხელა ყლუპებით დავლიო… ვიგრძნობ რომ ამდენი ხნის მოწყურების, დაღლილობის, სიცხისა და სიარულის შემდეგ არაფერი მომკლავს… და იმ მომენტში ვიფიქრებ რომ ყველაზე ბედნიერი ვარ და გადავრჩი… ვიფიქრებ რომ ეს უდაბნო ჩემი სახლია, აი როგორ ავხსნა ეგ შეგრძნება, როცა ფიქრობ რომ ირგვლივ ყველაფერი შენ გეკუთვნის და შენს გარშემო ტრიალებს, ამ დროს აღმოვაჩენ რომ დოქში წყლის გარდა კიდევ პატარა ლიფსიტებიც იყვნენ, რომლებიც ალბათ მალე დაიხოცებიან იმიტომ რომ მე მთელი წყალი რაც დოქში იყო ან დავლიე ან თავზე დავისხი და საშინლად დამნაშავედ ვიგრძნობ ამის გამო თავს… პირველი რაც თავში აზრად მომივა ის იქნება რომ ხელს ვიჭრი და ჩემს სისხლს ვასხამ დოქში… არ ვიცი თევზი სისხლში კვდება თუ ცოცხლობს, მაგრამ სხვას ვერაფერს ვფიქრობ… ხელს მოვკიდებ დოქს და თან წავიღებ… იქნებ წყალი შემხვდეს გზაზე და გადარჩნენ პატარა თევზები…

jonathan-adler-jug-460

3. აგრძელებ გზას და ხედავ კიბეს ამიღწერე როგორია რამდენად მყარია.მიწაშია თუ ცაში ადის? რას აკეთებ რისი სურვილები გიჩნდება

კიბე არის ქვის, ძველი, ცოტა ჩამომტვრეული ნაპირებით, მაგრამ მყარი, იმიტომ რომ მიწაშია მყარად ჩადებული ყველა ფილა, კიბე მაღლა ადის ერთ ერთ კანიონზე და შედის შიგნით ამ გამოქვაბულში, ნაპრალებიდან მცენარეები და ბალახი ამოდის. აი საუკუნეების წინაა ჩაშენებული მიწაში და ცოცხალივითაა, თითქოს ამ დედამიწის განუყოფელი ნაწილია როგორც რომელიმე მთა. ქვის ფილები მოუპირკეთებელია… სურვილი მიჩნდება რომ ავიდე… მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის ძალიან მეშინია და ეს კიბე მაღლა მიყვება კანიონს, მაინც ჩემი ცნობიმოყვარეობა ძალიან ძლიერი და თანაც ეს კიბეც საკმარისად მყარი და ფართე… ამიტომ კანიონს მივეკრობი და ასე ავყვები კიბეს, რომ იქ მოვხვდე სადაც მთავრდება…რამდენიმე წუთის შემდეგ აი შიშისგან რომ დავბნუჟდები და მივხდები რომ სხვა გზა არაა და უკან დაბრუნებას აზრი აღარ აქვს, მაგრამ სიმაღლის შიში და გულისრევის შეგრძნება ძნელად გასარჩევი გახდება ერთმანეთისგან, დავინახავ რომ ყველა ღრუბლიდან მიწამდე დაშვებულია თოკის კიბეები… უამრავი თოკის კიბე ციდან და ისევ ეს საშინელი არჩევანი… გადავხტე და დავეკიდო ამ თოკის კიბეს რომელიც არც ვიცი გამიძლებს თუ არა და დავბრუნდე მიწაზე, თუ განვაგრძო ამ ქვის კიბით იმ მიმართულებით მოძრაობა რომელიც არ ვიცი სად მიმიყვანს… მოკლედ არჩევანი ასეთია, ან არამყარი კიბე და გარკვეული დანიშნულების ადგილია… ან მყარი კიბე და გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობა… რაც მთავარია იმაზე არ ვფიქრობ ეს კიბეები ციდან რომ ეშვება საიდან გაჩნდა, იმიტომ რომ ეს ჩემი გამოგონილი სამყაროა და სადაც რა მინდა და როგორი ისე იქნება… მაგრამ ჩემს თავსაც არ ვენდობი იმდენად რომ ამ თოკის კიბით დავბრუნდე უკან… ესეც რომ არა ქვევით ჰო ვიყავი უკვე და ჯობია რამე ახალი ვნახო თუნდაც ცუდი, საშინელი და საერთოდაც უკანასკნელი რასაც ვნახავ, მაგრამ ახალი…

Miami_Landscape_Earth_2a_Faux_Turf_With_Natural_Stone

4. გააგრძელე გზა და დაინახე მუსტანგი(მოუთვინიერებელი ცხენი) როგორია????რას გრძნობ რომ დადიხარ რისი სურვილი გიჩნდება?რას აკეთებ

შავია, ლამაზი და ძლიერი… მაგრამ საშინლად კეთილი გამოხედვით… სურვილი მიჩნდება რომ შევჯდე და ვიჯირითო, მაგრამ ვიცი რომ ესე არ გამოვა, იმიტომ რომ ველურია და მე მისთვის უცხო ვარ და რაღაც ახალი, ამიტომ ჯერ მივალ ახლოს და შევეცდები რომ მივუახლოვდები არ გამექცეს, ალბათ რამეთი მოვიტყუებ, მერე მოვეფერები და ცოტას მივიჩვევ… რომ ვიგრძნობ რომ ჩემთან მშვიდადაა და შემეჩვია, შევჯდები და მასთან ერთად გავაგრძლებე გზას…ჩემს არაჩვეულებრივ და პარანოიდულ სამყაროში, ჩემი მუსტანგი ყველაზე ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეულია, რის გამოც ასე მომწონს…

blak

5. დაინახე ზღვა მუსტანგთან ერთად გააგრძელებ გზას თუ მარტო????შენზეა დამოკიდებული.ზღვას რომ დაინახავ რას გრძნობ??? და შიგ შესვლის სურვილი თუ გაქვს.ამიღწერე რას აკეთებთ იმ მომენტიდან რაც ზღვას დაინახავთ

ზღვა არა ოკეანე, როცა ნაპირთან მივალ აღმოვაჩენ რომ კუნძულზე ვარ… ოკეანე არის მშვიდი… გარშემო კლდეებით… ნაპირზე რომ გავალთ ზუსტად შუადღე იქნება… მზე ზენიტში… მივხვდები რომ სადღაც უკაცრიელ ადგილზე ვარ და ბედნიერი ვიქნები რომ ზუსტად აქ მოვხვდი და ზუსტად ამ დროს… საშინლად ბედნიერი ვიქნები და ალბათ ვიფიქრებ რომ ამისთვის უკვდავებასაც დავთმობდი… იმ წამისთვის… ჩემი მუსტანგიდან ჩამოვალ, გვერდზე დავუდგები და შევიყვან ოკეანეში, ჯერ მას დავასველებ და გავწმენდ კარგად და მადლობას გადავუხდი, რომ ამდენი ხანი მატარა მთელი უდაბნო ამ სიცხეში, მერე მეც გავცურავ… რომ ჩავყვინთავ წლის ქვეშ ქალთევზებს და ზღვის დრაკონებს დავინახავ, რომელლებიც წყლის ქვეშ მონაცრისფრო მომწვანო ფერის ალს უშვებენ… ამოვყვინთავ და მზე სანამ ჩავა კოცონსაც დავანთებ ნაპირზე…

crane_beach_1_20080525-thumbs

%d bloggers like this: