რადგან 2013 გველის, უფრო სწორად კი შავი, წლის გველის წელია, მოდით გაგიზიარებთ ჩემს ცოდნას გველის სიმბოლოს შესახებ. ნუ მცირე შევასალის სახით ვიტყვი იმას, რომ გველები ჩვეულებრივ არ იკბინებიან, ზუსტად იგივე შანსია თავს დაგესხათ გველი და ცოტა უფრო ნაკლებიც, რაც მაგალითად ძაღლის შემთხვევაში. მე მაგალითად ძაღლების მეშინია და გველების არა. იმიტომ რომ ძაღლებს შემოუღრენიათ და დაკბენის მცდელობაც ქონიათ, გველებს კი არა. მიუხედავად ჩემი განუზომელი ცნობისმოყვარეობისა მათი აგებულების მიმართ, განსაკუთრებით ბავშვობაში )))
გველი ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა და ის თითქმის ყველა ძველ კულტურაში გვხვდება. ამ სიმბოლოს ხიბლი იმაშია, რომ მას ორმაგი მნიშვნელობა აქვს და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. ბევრ არქაულ კულტურაში გველი მიწისქვეშეთის სამფლობელოს, ასე ვთქვათ მკვდრების სამეფოს სიმბოლო იყო. შესაძლოა იმიტომ რომ ის მიწაში ბინადრობს ან იმიტომ რომ ძველად და ახლაც სხვადასხვა რელიგიები სხვადასხვაგვარად აღწერენ სიკვდილს, მაგრამ ის ყველა შემთხვევაში გარდასახვასა და ტრანსფორმაციას განასახიერებს. გველს უნიკალური უნარი აქვს კანი გამოიცვალოს. რაც შეეხება მის ორმაგ მნიშვნელობას, მაგალითად ბიბლიაში გველი განასახიერებს ეშმაკს, რომელმაც აცდუნა ევა და ამავე დროს ის მოსეს ეხმარება უდაბნოში.
გველის სიმბოლოს სხვადასხვა საინტერესო მნიშვნელობები შეიძლება შეგხვდეთ, სადაც აღნიშნულია რომ ადამიანმა ისევე როგორც გველმა უნდა დატოვოს თავისი სხეული და განახლებულმა შეაბიჯოს ახალ სამყაროში. გველი ტოვებს ქვაზე შხამს წყალში შესვლისას, რათა მისი სისპეტაკე არ აამღვრიოს და ამიტომ ის შიშველ ადამიანებს არ კბენსო. არ ვიცი ბევრი ფიქრობდა ალბათ რომ შიშველი პირდაპირი მნიშვნელობით იყო ნახსენები, თუმცა არ მგონია თქვენმა გენიტალიებმა გიხსნათ გველისგან ))) ბავშვობაში, როცა დავსდევდი და ვიჭერდი გველებს, ხელში ვათამაშებდი და ვიკვლევდი მათ ყველა უჯრედს, როგორც ეს შეიძლება ბავშვა გააკეთოს ჩემთვის არასდროს უკბენიათ. მოგვიანებითაც მომიწია რამდენიმე ასეული მეტრის გავლა წელამდე ბალახში სადაც ფიზიკურად ვგრძნობდი როგორ დასრიალებდნენ გველები ჩემს ფეხებზე და არცერთ მათგანს არ უკბენია. უცნაურია მაგრამ გველების არასდროს მეშინოდა, მათ დიდ პატივს ვცემ, დიახ. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არსებაა და მესიმპატიურება. ყოველთვის ვიყავი გულწრფელი, როცა მათი არ მეშინოდა და ალბათ ვიყავი შიშველიც, ამიტომ შეგიძლიათ ტანსაცმლის გახდით არ დაიწყოთ როცა გველს დაინახავთ, ემოციების გახდით დაიწყეთ. გრძნობენ 🙂
გველის სიმბოლოს სხვადასხვაგვარადაც გამოსახავდნენ, მათ შრის ყველაზე პოპულარული არის გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენს ე.წ. ურობოროსი, ეს არის სიმბოლო უსასრულობის, უკვდავების, განახლების და ციკლის დაბრუნების. ალქიმიკოსები ამ სიმბოლოთი გამოსახავდნენ იმ პროცესებს რომელიც ციკლურად მიმდინარეობს, მაგალითად აორთქლება, კონდენსაცია – მრავალჯერადი განმეორება. ვერ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს რომ გველს ასევე ნეგატიურ მნიშვნელობასაც ანიჭებენ და ეს პირველ რიგში მის შხამს უკავშირდება, თუმცა ამავე შხამს უკავშირდება განკურნებაც, ამიტომ არის გველი ასეთი წინააღმდეგობრივი სიმბოლო. ძველ ეგვიპტეში გველი ურეუსი რომელიც ფარაონის გვირგვინს განასახიერებდა მტრებს შხამით იგერიებდა, ის ასევე მზის დისკოს ეკვროდა გარს.
ცენტრალურ ამერიკაში აცტეკებთან კოატლი მნიშვნელოვან სიმბოლოდ გვევლინება. კოატლი – გველი კალენდრის მეხუთე დღის მფარველია. ამ დღეს დაბადებულები უარყოფითად ხასიათდებიან. როგორც უსახლკაროები და ღარიბები. მაშინ როდესაც კეტცალი არის ფრინველი ძალიან ღრმა მნიშვნელობით განსაკუთრებით რელიგიურ საკითებში, დაჯილდოებული სიბრძნით და სხვა სიმდიდრეებით. აცტეკებთან კარგად ჩანს გველის კიდევ ერთ თვისებაზე ხაზგასმა, გველი როგორც ფრინველი კვერცხიდან იჩეკება. შესაბამისად აცტეკებმა ეს პროცესი დაუკავშირეს მის ორმაგ სახეს და უკიდურესი უარყოფითი და დადებითი მხარეები ამ ორი სიბოლოების, როგორიცაა კოატლი და კეტცალი გააერთიანეს ერთში და მას ეწოდება კუკულკანა, ეს სიმბოლო აერთიანეს გველისა და ფრინველის როგორც მიწისა და ცის სიმბოლოებს. ფრინველისა და გველის პოლარულობა ყველაფერთან ერთად მეხიკოს გერბზეცაა გამოსახული აცტეკურად ტე ნოჩტიტლან, მასზე გამოსახულია კაკტუსზე მჯდომიარე არწივი გველით კლანჭებში. ეს სიმბოლო განასახიერებს ორი უკიდურესობის კავშირს.
ეზოთერულ სისტემებში დახვეული გველი – კუნდალინი სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლოც არის. გველისმაგვარი არსებები ნახევრადღვთაებრივი ნაგები კი ასევე დიდ როლს თამაშობენ ძელ ინდურ მითოლოგიაში. ნაგი განასახიერებს მიწიერი საგანძურის მცველს. ისინი კეთილი სულები არიან, რომლებიც გველის ტანითა და ადამიანების თავით გვევლინებიან. გველი თავისი კანის გამოცვლის უნარით – განახლებას, ხოლო წყლის სტიქიასთან მჭიდრო კავშირით ნაყოფიერებას განასახიერებდა.
ჩინეთში გველი – შე, ზოდიაქოს მეხუთე ნიშანია. ითვლება ცბიერ და საშიშ ნიშნად. ამავე დროს გველები დადებით მნიშვნელობას იძენენ, რადგან მდინარის კალაპოტი ზემოდან წააგავს გველს თავისი ფორმით, ამიტომაც მათ წყალთან უფრო მეტად აკავშირებენ. გარდა ამისა არსებობს ლეგენდა, რომლიც მიხედვითაც მადლიერ გველს რძით დაპურების შემდეგ, საჩუქრად მოაქვს მარგალიტი ოკეანეების სიღრმეებიდან. ამიტომაც აღმოსავლეთში გველი სიბრძნის მატარებელთანაც ასოცირდება.
სამხრეთ აფრიკულ კულტურაში გვხვდება გიგანტური გველები, რასაც ადასტურებს კლდეზე გამოსახული ნახატები. მათ ღვთაებრივი შესაძლებლობებიც ქონდათ, ისინი წვიმას იწვევდნენ და ზოგადად წყალს განასახიერებდნენ. გარდა ამისა მითებში ისინი რქებითაც გვხვდება, რითაც ისინი უფრო მეტად დრაკონს მოგვაგონებენ.
გველის არა მარტო მნიშვნელობებია მსგავსი სხვადასხვა კულტურებში, არამედ მსგავსი ლეგენდებიც კი არსებობს თავისი შინაარსით. მაგალითად იაპონიაში არის ლეგენდა, რომელიც ძალიან გავს ჰერაკლესა და ცხრათავიანი ჰიდრას შებრძოლების ბერძნულ მითს. იაპონური ლეგენდის მიხედვით ქარიშხლის ღმერთი სუსანოო შეებრძოლა რვათავიან გველს იამატანო ოროტისს და დაამარცხა ის, ხოლო მის კუდში აღმოაჩინა მახვილი, რომლის საშუალებითაც დატყვევებული პრინცესა – ინადახიმე გაათავისუფლა. გველის დამარცხების ლეგენდას სხვაგანაც შეხვდებით, როგორიცაა მაგალითად იგივე თეზევსის ანდა წმინდა გიორგის შებრძოლება გველთან, როგორც ქართულ თარგმანშია ნახსენები – გველეშაპთან.
რაც შეეხება გველის წელს მე პირდად ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ აღმოსავლური ჰოროსკოპით ხელმძღვანელობა სწორია. ზოგადად სიმბოლოებს დიდი დატვირთვა აქვს, თავისი ენერგეტიკა. ამიტომ ჯობია საერთო კონტექსტში განვიხილოთ ეს სიმბოლო. მოკლედ რომ ვთქვა, წელს ალბათ კანი უნდა გამოვიცვალოთ და ტრანსფორმაცია განვიცადოთ, იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიოთ. წარმატებას გისურვებთ ამაში 🙂