2008 წელი იყო ყველაზე საშინელი წელი ჩემს ცხოვრებაში. ამ წელს დავკაგრე ბავშვი, მერე დათო იყო ომში და საერთოდ ომი იყო და ამ წელს დამისვეს ტუბერკულოზის დიაგნოზი.
ყველაფერი დაიწყო იმით რომ ჩვეულებრივად გავცივდი. ნუ თავიდან ასე მეგონა. სურდო, ხველა და დაბალი სიცხეები. მერე სურდომ გამიარა, სიცხესაც შევეჩვიე და რომ ვეღარ ვგრძნობდი აღარ გამისინჯავს, ამიტომ ჩავთვალე აღარ მქონდა, ხველა დამრჩა. პირველი კვირის განმავლობაში დამეწყო ზიზღი საჭმელის მიმართ, მაღიზიანებდა ყველა და ყველაფერი. გავხდი აგრესიული და ნერვული. რაც ყველაზე მეტად არ მახასიათებს სულ დაღლილი ვიყავი და ვგრძნობდი ყოველ დღე როგორ ვკარგავდი სასიცოცხლო ძალას. შეიძლება ეს პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ამას ვგრძნობდი. მეორე კვირას უკვე საჭმლის დანახვაზეც კი გული მერეოდა. დავიკელი 10 კილო და ცხოვრებაში პირველად დღის 2 საათზე დავწექი და დავიძინე. ცხოვრებაში პირველად იმიტომ რომ მართლაც არც მანამდე და არც მას შემდეგ დღისით არ მძინებია. დედაჩემმა რომ გაიგო მეძინა, როგორც ახლა ამბობს, მაშინ შეეშინდა პირველად.
გავიღვიძე სადღაც 4 საათისთვის და როგორც ახლა ზუსტად ვიცი, რომ ერთ ტონიან ტვირთს ვერ ავწევ, ისე ვიყავი დარწმუნებული რომ ჩემი სხეულის ლოგინიდან აწევის ძალა უბრალოდ არ მქონდა და ძილი განვაგრძე. მერე უკვე მახსოვს, რომ თვალი გავახილე და დავინახე სასწრაფოს ექიმები, დათო, დედაჩემი. მე ვიყავი შიშველი და ყინულები და სველი პირსახოცები მეყარა ზედ. მეძახდნენ და მასულიერებდნენ. ცოტა რომ გადამივიდა ბინდი თვალებიდან დავინახე როგორ ამდიოდა ორთქლი სხეულიდან.
მანამდე რა მოხდა დათოს მონაყოლით ვიცი. მე რომ ჩამეძინა 4 საათისთვის ასე 3 საათი მძინებია. დათო სამსახურიდან შვიდზე მოდიოდა ხოლმე. რომ გაიგო მეძინა, ჯერ გამიკვირდა მერე ამოვედი, გაკოცეო და ისეთი ცხელი იყავი ტუჩები დამეწვაო. დაიწყო ჩემი გაღვიძება, მაგრამ ამაოდ. მე უკვე უგონოდ ვიყავი. იმხელა სიცხე მქონდა აი უკვე რომ აღარც ბოდავ )))) გამოიძახა სასწრაფო, რომელმაც გაგიკეთა სიცხის დამწევი და მითხრა სანამ წამალი იმოქმედებს ყინულით და ცივი პირსახოცებით ფიზიკურად უნდა გავაციოთო. ამ დროს მე გამოვფხიზლდი.
სასწრაფოს ექიმმა გამსინჯა, მომისმინა ფილტვებზე და მთხოვა იქნებ გადაიღო ანთება არ იყოსო. წავედი მეორე დღეს უახლოეს ოჯახის ექიმთან. გამიკეთეს ანალიზები, გადამიღეს, ამწონეს, გამზომეს და შევედი დიაგნოზის მოსასმენად, როცა ეს ექიმი გადაწვა სკამზე, მიიღო ჭკვიანური სახე და ღიმილით მითხრა, რომ მე ნევროზი მქონდა, თან ძალიან რთული, შეიძლება დეპრესიაც, იქნებ ფსიქოლოგთან მიხვიდეო ან საერთოდ მე გეტყვი ერთ რამესო, ვციტირებ “კოსმოსში უნდა გაუშვა დადებითი ემოცია და დადებითად მოგიბრუნდებაო”. წამოვედი.
ამის შემდეგ მივედი თოდუას კლინიკაში ჩვეულებრივ არაფრით გამორჩეულ თერაპევტთან, რომლის სახელიც კი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს როგორცკი მომისმინა არ მოწმონს შენი ფილტვები იმედია ფილტვების ანთებაა მარტოო თქვა და გამიშვა გამოკვლევაზე. მერე კი პირდაპირ ფთიზიატრთან, იმიტომ რომ 100% მე ვერ გეტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტუბერკულოზიაო.
საბოლოოდ მოვხვდი ჩემი უბნის დისპანსერში ხუდადოვზე. სიტუაცია იყო დამთრგუნველი. ჯერ ერთი მე არ ვიცოდი ასე სიღრმისეულად რა გზები არსებობდა და რა შანსები განკურნებისთვის. ჩემს შემთხვევაში მე ძალიან გადამდები ფორმა აღმომაჩნდა, იმდენად, რომ აუცილებლად უნდა დავწოლილიყავი დისპანსერში, მაგრამ ჩემი სახლი და პასუხისმგებლობის გრძნობა მაძლევდა საშუალებას წამოვსულიყავი სახლში და ეს ორი თვე იზოლირებულად ერთ ოთახში გამეტარებინა. არ ვიცი შეიძლება მაშინ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ამით არავინ დამიზიანებია. ერთადერთი მიზეზი რატომაც უნდა დავრჩენილიყავი იქ ჩემი იზოლირება იყო, რასაც მე სახლშიც მოვახერხებდი.
შემდეგი ორი თვე გავატარე ჩემს ოთახში. ვაკეთებდი რას, დღეში ალბათ ათჯერ ვანიავებდი ოთახს და მარტო მაშინ მქონდა უფლება არ ვყოფილიყავი ნიღბით. დანარჩენი დრო ნიღბით ვიჯექი, რომელსაც ორ საათში ერთხელ ვიცვლიდი. ოთახიდან გამოვდიოდი მხოლოდ ნიღბით და მხოლოდ ტუალეტში. ოთახში შემოდიოდა მხოლოდ დედაჩემი, დღეში სამჯერ. მხოლოდ მაშინ როცა მე ოთახი ახალგანიავებული მქონდა და ნიღაბი ახალი გამოცვლილი და მასაც ნიღაბი ეკეთა. თავისთავად ჩემს ყველა ნაცნობს, მეზობელს, მეგობარს შევატყობინე და გავაფრთხილე რომ სანახავად მოსვლა არც ეფიქრად. ყოველდღე ვსვამდი 4 აბს, რომელიც 3-3 სხვადასხვა ანტიბიოტიკს შეიცავდა. 9 აბ ფერმენტს, 3 აბ პრედნიზოლონს და 1 აბ ვიტამინს. ყოველ ორ კვირაში ერთხელ დავდიოდი ღვიძლის ფუნქციაზე.
ყველაზე მეტად მისვლა არ მიყვარდა. იმიტომ არა რომ ექიმი არ მომწონდა ან რამე სხვა. წესით გარეთ გამოსვლა უნდა გამხარებოდა და ეს მიხროდა კიდეც. მაგრამ იქ იყო რიგი. ყოველთვის, ასე საათნახევარი ვიდექი რიგში, როცა პაციენტები ყოველ 5 წუთში გამოდიოდნენ. მაგრამ რეალურად ამ ყველაფერში მთრგუნავდა ისტორიები რომელსაც ამ რიგში ვისმენდი.
მათ ვინც არ იცის, ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, ის არ გადადის ისე იოლად როგორც ჩვეულებრივი სურდო ან გრიპი და არც უკურნებელი დაავადება არ არის. ტუბერკულოზი არის ჩვეულებრივი ინფექციური დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ იკურნება თუ იმკურნალებ. ზუსტად ასევე ფილტვების ანთებითაც შეიძლება მოკვდეს ადამიანი თუ არანაირ წამალს არ მიიღებს, მაგრამ უკვე დიდი ხანია ამით არავინ კვდება მგონი.
ერთადერთი და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ როგორცკი იწყებ ანტიბიოტიკების მიღებას სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, პირდაპირი მნიშნელობით და უტრირების გარეშე მეორე დღესვე ჯანმრთელად და კარგად გრძნობ თავს. აბსოლუტურად ყველა სიმპტომი ქრება ერთბაშად. მაგრამ იმისთვის რომ დაამარცხო ტუბერკულოზი ამ სიმპტომების გაქრობის მიუხედავად მკურნალობას თავი არ უნდა დაანებო, რადგან ყველაზე ცოტა 6 თვეა საჭირო და ყველაზე ბევრი 2 წელი იმისთვის რომ საბოლოოდ განიკურნო.
აქ არის მთავარი პრობლემა, უამრავი ადამიანი იწყებს მკურნალობას და თავს ანებებს ძალიან მალე და ხშირად მაშინვე როგორცკი აღმოაჩენენ რომ უკეთ არიან. ხოლო როცა სიმპტომები თავიდან გამოვლინდება მერე უფრო ხანგრძლივი მკურნალობა და უფრო ძლიერი პრეპარატებია საჭირო ინფექციის დასამარცხებლად.
ეს ამდენი რატომ მოვყევი. იმ საათნახევრიან და ხშირად ორ საათიან რიგში ნაცნობი სახეები მხვდებოდნენ ხოლმე. უკვე ვიცოდი მათი ოჯახის ისტორიები, სახელები, გვარები და ა.შ. ერთი ქალი მოდიოდა შვილი მოყავდა. ეს ბავშვი წყნარად იდგა ხოლმე ხმას არ იღებდა და პერიოდულად ჩუმად აპროტესტებდა დედამისის ნათქვამს, სკოლის მოსწავლე იყო აი ძალიან ჩვეულებრივი მოზარდი ბიჭი, რომელიც დიდ დეიდებში იდგა რიგში და ისედაც მორცხვს დედამისის ნათქვამის მერე სულ ფერი ეკარგებოდა, თავს რომ ჩახრიდა ხოლმე თვალებს ზემოთ აღარც წევდა სირცხვილისგან.
დედამისმა რამდენჯერმე დაანებებინა თავი მკურნალობაზე. მარტო რაც მე დავდიოდი იმ 6 თვეში ორჯერ. პირველად იმიტომ, რომ ეგ წამლები მე მითხრეს აგიჟებსო და გიჟი შვილი მე არ მინდაო. მეორედ იმიტომ რომ დეპრესია დაეწყო ნახე რა ჩუმად არის, ბავშვებთანაც არ თამაშობსო და დეპრესიები მჭირდება ახლა მე ზუსტად და კიდე ათასი სისულელე რომ მოიგონესო, ამ წამლების გამო აქვს დეპრესიაო. ეს ბავშვი იდგა თავჩაღუნული და ასეთ მოემნტებში ლამის ცხვირს ადებდა იატაკს. საბოლოოდ ამ ბავშვის მკურნალობა სულ 6 თვე რომ უნდა გაგრძელებულიყო, მარტო ჩემს იქ ყოფნაში და არარეგულარულად წამლის მიღებებში გაიწელა 9 თვემდე. ახლა როგორაა არ ვიცი.
იყო ერთი ქალი, რომელიც შვილთან ერთად დადიოდა, ორივეს ქონდა ტუბი და ქმარმა მიატოვა, როცა გაიგო დიაგნოზი. უკვე ყველას ვატყუებ რომ ვიმკურნალე და აღარ მაქვსო. იმიტომ რომ არც მეგობრები მოდიოდნენო. ზოგი პირდაპირ მეუბნება, ზოგს სულ არ სცალია ან სახლში არ არიანო. თან სამსახურის დაკარგვის მეშინია, ქმარი რაც წავიდა მე მაწევს ოჯახი და სამსახური რომ დავკარგო რამ მეშველება არ ვიციო.
ცნობისთვის ტუბერკულოზის ყველა ფორმა არ არის გადამდები და რომც იყოს მკურნალობის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ გადამდები აღარ ხარ. მაგალითად მე სულ 6 თვე ვიმკურნალე და გადამდები მხოლოდ პირველი ორი თვე ვიყავი.
იქ იყო კიდევ ერთი კაცი, რომლის ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ მისი ავადმყოფობის შესახებ. იგივე მიზეზით, რეაქცია აშინებდა, სამსახურიდან გამორბოდა ყოველდღე წამლების დასალევად შესვენებაზე და გარბოდა ისევ უკან. თან ხუმრობდა ხანდახან, მგონი ცოლს ეჭვი აქვს, რომ საყვარელი გავიჩინეო.
ამ რიგში იყვნენ კიდევ ჩემნაირები, რომლებიც არ საუბრობდნენ და უბრალოდ ისმენდნენ. ზოგი რომ აღარ ჩანდა კითხულობდნენ კიდეც დანარჩენები, ნეტა სად არის, ნეტა როგორ არისო. ამ რიგს ქონდა რაღაც მაგიური ძალა. პატარა ფსიქოლოგიური დახმარების წრეს გავდა, მაგრამ წრეზე არ ვისხდეით. ყველას ვინც იქ იცნობდა ერთმანეთს და ყვებოდა თავის ისტორიას ერთი მიზეზი ქონდა ჩემი დაკვირვებით. სხვას ვერავის უზიარებდნენ ამ ემოციებს. ვერც ოჯახის წევრებს და ვერც მეგობრებს, იმიტომ რომ არავინ უსმენდათ.
არადა ადვილია ჩემთვის ახლა ამ პოსტის წერა კი, იმიტომ რომ ეს იყო. მაგრამ იქ რთული იყო მაშინ რიგში დგომა ორი საათი მიმღებში, რომლის გვერდითაც მორგის კარია და ხედავ როგორ გამოაქვთ ცხედარი. პრინციპში გულის სიღრმეში არც გამორიცხავ რომ იმისგან ძალიანაც შორს ხარ, მაგრამ არ იმჩნევ, ისევე როგორც სხვები არ იმჩნევენ. მერე მიდიხარ და ჯდები ერთ ოთახში, სადაც სულ მარტო ხარ და ერთადერთი ადამიანი რომელსაც ხედავ დედაა, ისიც ნიღბით და არაფერს ეუბნები, რომ გული არ აუჩუყდეს და ჩახუტება არ მოუნდეს. ტელევიზორიც მქონდა, ინტერნეტიც და მე კიდევ საოცრად კარგ პირობებში და მდგომარეობაში ვიყავი იმათგან განსხვავებით ვისაც სახლიდან აგდებდნენ, ან გაურბოდნენ, იმის ნაცვლად რომ მოესმინათ და გაემხნევებინათ იმედს უკარგავდნენ და ამცირებდნენ, როგორც იმ პატარა ბიჭს დედამისი, როცა გიჟს ეძახდა.
ახლა ვარ ჯანმრთელი და თავს კარგად ვგრძნობ. არ ვიცი შეიძლება ეს პოსტი წაიკითხოს ვიღაცამ ჩემნაირმა, როცა მე დიაგნოზის პირველ დღეს ინტერნეტში ყველა სიტყვას დავდევდი ეგებ რამე ახალი გამეგო ტუბერკულოზზე და დაკოპირებული სიმპტომების გარდა, ვერაფერი წავიკითხე პირადი გამოცდილებიდან, მაგრამ საბოლოოდ ვიტყვი, რომ მაინც ყველაზე რთული რაც იყო და რაც ყველას გვაერთიანებდა იმ რიგში ტუბერკულოზის გარდა იყო ის, რომ ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან და ახლობლებთან არ ვყვებოდით ჩვენს პრობლემებზე. ისინი იმიტომ რომ ეშინოდათ რეაქციის და მე იმიტომ რომ მეშინოდა ემოციის. ყოველი დღის ბოლოს ორ თვიანი კარანტინის განმავლობაში ვიწერდი ვიდეოს, სადაც ვყვებოდი როგორ გავატარე დღე. როცა თვენახევრის მერე ვეღარ მოვითმინე და ვუყურე ისტერიკამდე მივედი და ყველა ვიდეო წავშალე. იმიტომ რომ ყოველი დღე იყო ზუსტად ერთნაირი. იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ მქონდა მოსაყოლი და ვერავინ დედამიწაზე ვერ მიხვდებოდა რა განსხვავება იყო ამ 38 ვიდეოს შორის.
ამიტომ ჩემი მთავარი რჩევა იქნება ნუ შეგეშინდებათ რეაქციების და ემოციების 🙂 თქვენც დაამარცხებთ ტუბერკულოზს.