უკვე ერთ წელზე მეტია აღარ გვისაუბრია ჩემო უფერულო მეგობარო. მას შემდეგ რაც ალქაჯებს თავი დავაღწიე და ჩემზე დროებით ნადირობაც შეწყდა ბევრი დრო გავიდა და იარებიც ალბათ მომიშუშდა. გულიც ბევრს გადავუშალე, მაგრამ შენ ჩემი წყლულების საუკეთესო გამზიარებელი ხარ, სხვები კი მოშუშებას ცდილობენ. შენთან საუბარი მომენატრა უბრალოდ, მეგობარო. ბევრჯერ გადამიშლიხარ და წამიკითხიხარ. არ დამიწერიხარ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ დამეწერე. არ დამვიწყებიხარ, უბრალოდ შორს ვიყავი, ძალიან შორს. საკუთარ ცხოვრებაში ვმოგზაურობდი მეგობარო. ყველას ზურგი ვაქციე, წითელი გზა ავირჩიე, მგლების საძმოს შევებრძოლე და უამრავი სასიკვდილო იარაც მივიღე, მაგრამ გადავრჩი. ყველა ადამიანი მოვატყუე ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, არ მინდოდა, უბრალოდ ისინი დავიცავი. შეურაწყოფა, ტყუილი და იმაზე მეტი სისასტიკე ვიდრე ადამიანის ყურს გაუგია და თვალს უნახავს საკუთარ თავზე გამოვცადე და სვირინგებად დავიხატე. საკუთარ შიშველ სხეულს რომ დავხედე წერტილიც აღარ იყო დარჩენილი ამდენი ტკივილისგან და საკუთარ სულში რომ ჩავიხედე ამოსუნთქვა გამიჭირდა. მოგზაურობის ბოლოს ყველა შეგროვილი და წლების დაგროვილი გრძნობები დავხარჯე, ენერგია დავცალე, სუნთქვა შევიკარი და უბრალოდ გავჩერდი. მას შემდეგ მთელი ერთი წელი უძრაობაში ვცხოვრობდი. მთელი სამყარო მოძრაობდა ჩემს გარშემო. მე კი ვიდექი სუნთქვაშეკრული და ფიქრშესუნთქული. ბოლოს ხალხმაც თავი მომაბეზრა და დღე ღამედ შევცვალე. პატარა ქალაქის ღამურად ვიქეცი. ყველა საათი გადავმალე და ამ არაფრით ვტკბებოდი. მე შევიცვალე, გავიზარდე და უფრო მეტად სასტიკი გავხდი ვიდრე აქამდე ვიდრე არსებობდა. ამიტომაც მოვედი, გადაგშალე, ბევრჯერ დაგწერე და წაგშალე. გაგაღვიძე გვიან ღამით და ცრემლებითაც დაგასველე, მერე მთელი ჩემი ტკივილი სვირინგებათ გადმოგილოცე ჩემო უფერულო მეგობარო. სასტიკად მოგექეცი და არ ვიცი მომავალში კიდევ თუ შევხვდებით. იქნებ არც გადაგშალო და არც დაგწერო კიდევ არასდროს, საერთოდაც დაგკუჭო, დაგხიო და დაგწვა. შენ ხომ მაინც ვერავის შესჩივლებ და ვერ უამბობ, რადგან არ შეგიძლია საუბარი. შენ ხომ უბრალოდ უფერული ფურცელი ხარ, რომელიც ჩემთვის ყველა ქაღალდზე ძვირფასი და ყველა მეგობარზე ახლობელია, იმიტომ რომ შენ იზიარებ და სხვები მოშუშებას ცდილობენ და კიდევ იმიტომ, რომ შენ შემიძლია დაგკეცო, გულის ჯიბეში ლამაზად ჩაგიდო და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძო მოგზაურობა საკუთარ ცხოვრებაში.
P.S. ხომ არ გაგაღვიძე ჩემო უფერულო მეგობარო?