მთავარი

მარტოობის ასი წელი

დატოვე კომენტარი

ორი წესი მაქვს

1. როცა მარტო მინდა ყოფნა ხმა არ უნდა გამცე

2. თუ არ გეხები არ უნდა შემეხო

ყველაზე მეტად მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მილიონი სმს გამოგიგზავნონ, ბევრჯერ მოგიკითხონ და თუნდაც აბსოლუტურად უანგაროდ მაგრამ შეგეხონ. საშინლად მაღიზიანებს ადამიანების შეხება. აი მაგალითად რატომ არ მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, გარდა იმისა რომ ზოგადად არაკომფორტულია, იმიტომ რომ ვინმე შეიძლება შემთხვევით მაინც შემეხოს. როცა გამყიდველი მიბრუნებს ხურდას ერთადერთი აზრი რაც თავში მიტრიალებს ისაა რომ ხურდის გადმოცემისას შემთხვევით არ მოუხვდეს ხელი ჩემს ხელზე. რაღაც ეტაპზე უნდა ვიყო ადამიანთან რომ მისმა შეხებამ არ გამაღიზიანოს და ყურადღება არ მივაქციო ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ და უწყინარ მოვლენას. ამ სამყაროში მილიონი უმნიშვნელო ნიუანსია რომელიც ჩემთვის ზედმეტად რთულია და დისკომფორტს მიქმნის.

ჩვეულებრივი ნაჭუჭი მაქვს. გარედან კომუნიკაბელური და სოციალური ტიპი ვარ. შიგნიდან ჩაკეტილი და ასოციალური. ასე უფრო კარგად არ ვარ, ასე უფრო კომფორტულია უბრალოდ, ნაკლები კითხვა ჩნდება. კითხვებსაც ვერ ვიტან. იდეალურ სამყაროში მე ვიქნებოდი ასოციალური და ჩაკეტილი და არავინ დამისვამდა ზედმეტ შეკითხვებს, მაგრამ ასე არ ხდება. თან ზედმეტად ჯიუტი ვარ იმისთვის რომ თუნდაც ჩემს თავს შევეგუო ისეთს როგორიც ვარ. სულ და მუდმივად მაქვს დაუოკებელი სურვილი გადავლახო საკუთარი წინააღმდეგობები და შიშები. მაგალითად გავაკეთო იმის რისაც მეშინია, რაც მიქმნის დისკომფორტს, რაც არ მომწონს, რაც მაღიზიანებს. ბრძოლაში ვარ ჩემს თავთან. ჩემი პატარა დონ კიხოტი მყავს შიგნით თავისი ქარის წისქვილებით. ეს ბლოგიც ამ ბრძოლის ნაწილია. ვიღაცისთვის დღიურივითაა, მე კიდე თავს ისე ვგრძობ ყოველი პოსტის წერისას როგორც მონაზონი პორნოგრაფიულ ფილმში გადაღებისას იგრძნობდა თავს. მაგრამ ეს ბრძოლები მაიძულებს დავრჩე ამ სამყაროს ჩარჩოებში.

ძალიან მიჭირს ადამიანებთან ერთად დიდხანს მარტო დარჩენა. დიდხანს ჩემთვის ნიშნავს თუნდაც ერთ მთლიან და სრულ დღეს. განსაკუთრებით რთულია როცა ამ ადამიანებს საკმარისად კარგად არ ვიცნობ. აგვისტოში დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ და მაშინ მოვხვდი ზუსტად ასეთ სიტუაციაში. პირველი სირთულე ღამის მატარებლით მგზავრობა იყო. ჩემი იდეა, აბსოლუტურად არაშემთხვევითი. ცოტა შოკში ჩავაგდე ჩემი კომფორტის გრძნობა რომ შემდეგი 5 დღის დისკომფორტი შვებად მომჩვენებოდა. ძალიან მიყვარს მარტოობა. ერთადერთია რაც სტაბილურად მიყვარს. განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის განცდა რომ შენი სხეული შენი ციხესიმაგრეა, უფანჯრო და უკარო. როცა მილიონი ადამიანით გარემოცულსაც შეგიძლია თავი იგრძნო მარტო, მშვიდად და დაცულად, ეს არის ჩემი პირადი ნირვანა.

ვერ ვიტყვი რომ გამიჭირდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა. გამიმართლა და არცერთი აღმოჩნდა ბანალურად თავისმომაბეზრებელი. პირიქით ცხოვრებაში პირველად ვიყავი ადამიანებთან რომლებთანაც ურთიერთობა კომფორტი იყო. იმიტომ რომ არ მავსებდნენ კითხვებით და მაშინაც კი როცა განმარტოება მინდოდა არ მოდიოდნენ შეკითხვით, რამე ჰო არ გაწუხებს. ყოველთვის მეგონა რომ თუ ასეთ სიტუაციაში ვიქნებოდი ჩემი მარტოობა არ მომენატრებოდა, მაგრამ შევცდი. ყოველ დილით მაღვიძარაზე ადრე მეღვიძებოდა, მარტო იმიტომ რომ ავმდგარიყავი მანამდე სანამ ჯერ კიდევ ყველას ეძინა და აბსოლუტურ სიჩუმეში და მარტოობაში მომეწია 1 ღერი სიგარეტი და უბრალოდ დავმტკბარიყავი ხედით ფანჯრიდან. საკმარისზე მეტია ბედნიერებისთვის.

ყველა ადამიანს თუ არ უოცნებია უფიქრია მაინც ალბათ უკვდავებაზე, ვიღაცისთვის ეს ზედმეტია, ან აუტანელი და კიდევ ბევრი ან. ჩემთვის უკვდავება ნამდვილი სასჯელი იქნებოდა. მადლობა სამყაროს რომ ეს მდგომარეობა დროებითია, აქ მარტოობას არ აფასებენ.

22d4710c8f1f41b01f89cb24f19bb5a4

ის რაც ძალიან არ მომწონს

2 Comments

არ მომწონს როცა ადამიანი არ აღიარებს რომ რაღაც არ იცის.

არ მომწონს როცა რამე აინტერესებთ და პირდაპირ არ მეკითხებიან, საერთოდ არ მომწონს როცა კითხვებს მისვამენ, მაგრამ შორიდან მოვლას ისევ პირდაპირ კითხვა ჯობს, იმიტომ რომ ყოველთვის ვხვდები რისი გაგება სურთ ))

არ მომწონს გრძელი ფრჩხილები, ძალიან არაჰიგიენურია და ჩემთვის არაესთეტიკური 🙂

არ მომწონს საჭმელი, რომლის გაკეთების პროცესიც ადამიანს არ სიამოვნებს. როგორც წესი უგემურია.

არ მომწონს ცინიკური ადამიანები, ზოგადად ცინიზმი ნოთ მაინ, არასწორია ყველა შემთხვევაში და საერთოდ არ გამოხატავს იმას, რომ მაგარი ტიპი ხარ, პირიქით.

არ მომწონს როცა ადამიანები, არაფერს აკეთებენ საკუთარი თავის წარმოსაჩენად და უამრავ დროს ხარჯავენ იმისთვის რომ რამეში გამოგიჭირონ ))

არ მომწონს როცა ადამიანებს, შეუძლიათ არაფერი აკეთონ და უსაქმურობამ არ შეაწუხოთ.

არ მომწონს როცა ადამიანს არ შეუძლია დაუშვას ნებისმიერი რამ, ღმერთის არსებობა ან არარსებობა, დროში მოგზაურობა, უცხოპლანეტელები და ა.შ. ერთია რისი გჯერა, მეორეა რისი დაშვება შეგიძლია. რატომ უნდა შეიზღუდო თავი?

არ მომწონს როცა ადამიანები გამორიცხავენ იმას რაც არ გამოუცდიათ.

არ მომწონს როცა რამე არ იცი, იკითხავ და ვიღაც გაიღიმებს “ეს როგორ არ იცი” შინაარსით და უკეთეს შემთხვევაში ერთ-ორ ინფორმაციულ სიტყვას გესვრის, უარეს შემთხვევაში ჩათვლის რომ სრული იდიოტი ხარ )))

არ მომწონს არაადეკვატური ამბიცია.

არ მომწონს როცა ადამიანებს სისულელეები წყინთ.

არ მომწონს როცა ირთულებენ ცხოვრებას, იფასებენ თავს და ის რისი გაკეთებაც მარტივად შეიძლება ტანჯვით ურჩევნიათ მოიპოვონ :დ

არ მომწონს როცა ადამიანები ნანობენ იმაზე რისი გამოსწორებაც შეუძლებელია, ჯობია იფიქრო იმაზე რასაც ჯერ კიდევ შეცვლი.

არ მომწონს როცა ვიღაც წუწუნებს როგორი ცუდი აიფონი აქვს, როგორი ძველი მანქანა, როგორი გასარემონტებელი სახლი და როგორი შარშანდელი კოლექციიდან ტანსაცმელი აცვია და არც კი ფიქრობს იმაზე, რომ ვიღაცის ოცნებაში ცხოვრობს, რადგან ამ ყველაფერზე რაც მას უკვე აქვს, ვიღაც მხოლოდ თუ იოცნებებს.

არ მომწონს როცა ადამიანები თვლიან, რომ ყველაფერი იციან და არავისგან არაფერი ესწავლებათ.

არ მომწონს როცა ადამიანები არ აღიარებენ შეცდომებს.

არ მომწონს როცა ადამიანს არ შეუძლია იყოს უბრალო, ვიღაცასთან მაინც.

არ მომწონს როცა ადამიანები რომანტიკას სასაცილოდ უყურებენ და არ აღიარებენ, რომ რაღაც მაინც აღძრავს მათში სენტიმენტებს :ყველაზე გულგრილებეეე და რეალისტებეეე:

არ მომწონს გაუბედავი ადამიანები.

არ მომწონს როცა ადამიანებს ეცინებათ იმაზე, რომ ზღაპრების კითხვა დღემდე ძალიან მიყვარს.

და ყველაზე მეტად არ მომწონს როცა ახალგაცნობილი, ან ძველგაცნობილი მაგრამ ჩემთვის არა ახლობელი ადამიანები მეხებიან.

%d bloggers like this: