საერთოდ ნგრევა ცუდია, მაგრამ ასოციაციები წყვეტს ყველაფერს სინამდვილეში. ხანდახან რთულია აღიარო რომ ის რაც ზოგადად ნეგატიურად აღქმადია, შენთვის პირიქითაა. მე ჩემი განწყობის არქიტექტურა მაქვს. ყოველდღიურად მესმის ურთიერთობის აწყობა, გამყარება, აშენება და მიკვირს როგორც შეიძლება რამე ააშენო როცა ვინმეს უახლოვდები. მე პირიქით ვარ, ვაშენებ როცა ვმარტოვდები და ვანგრევ როცა ვურთიერთობ. არშემდგარი აუტისტი ვარ.
ჩემი არქიტექტურა მრავალფეროვანია, მის ვიზუალიზაციასაც კი ვახდენს უკანასკნელ დეტალამდე და ჩემს პირად სამყაროში გადავდივარ, სხვა განზომილებაში, სადაც ჩემი ციხე-სიმაგრე მიცავს. მაგალითად როცა უბრალოდ გულნატკენი ვარ ჩემი სასახლე ოკეანეში მდგარ შუქურას გავს. არც გალავანი აქვს გარშემო, არც სარკმელი ან კარი, მარტო მორკალული კიბე შიგნიდან და რაც უფრო მეტად ვიხვევ გულში წყენას, მით უფრო მაღლა ავდივარ მორკალული კიბით. ბოლოს შუქურას მწვერვალზე ვექცევი. ეს არის ჩიხი, როცა კოშკის წვერზე ხარ მოქცეული უკუნ სიბნელეში, საიდანაც გასასვლელი კი არა, გასახედიც არ არსებობს. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ გარშემო ბევრი კილომეტრი რადიუსით ოკეანეა. ამ მდგომარეობიდან მე გამოსვლასაც არ ვცდილობ. ამ მდგომარეობაში კომფორტულადაც კი ვარ. დანგრევა უფრო ადვილია როცა ბოლომდე არ ვარ ასული. როცა ჰორიზონტზე გამოჩნდება ნავში მჯდომი ჩემი წყენის ობიექტი. დანანების გარეშე ვიწყენ აგურ-აგურ შუქურის დაშლას.
გაბრაზებული სულ სხვანაირ ციხესიმაგრეს ვიშენებ გარშემო. მას გალავანი აუცილებლად აქვს. საცალფეხო ხიდიც კი რომელიც უფსკრულზეა გადებული და სასახლეს გარესამყაროსთან აკავშირებს. სასახლე მთლიანად შავია, ობსიდიანისგანაა ნაშენები. სასახლე თაღის ფორმის ფეხებზე დგას რომელიც ეზოს ქვაფენილს დრაკონის ფეხის ფორმის საყრდენებით ადგას. მთლიანობაში გოთიკურია, წვეტიანი წაგრძელებული გუმბათებით. თითოეული სარკმელი ფილიგრანული ვიტრაჟით შესრულებული ხელოვნების ნიმუშია. ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტი სარკმელი აქვს ამ სასახლეს და ყოველ სარკმელში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სიბრაზის სცენებია გამოსახული. სასახლესა და გალავნს შორის ეზო ლაბირინთია. ამ სასახლეში შემოსვლა რთულია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სიბრაზის ობიექტს, შესაბამისად უკვე მსხვერპლს შეუძლია. ის მარტო გადმოდის უფსკრულზე გადებულ მორკალულ ხიდზე და ლაბირინთში ხვდება. უფსკრული კი ნელ-ნელა ვიწროვდება სასახლის გარშემო და კუნძული რომელზეც სასახლე დგას კონტინენტს ერწყმის. ახლა უკვე ერთადერთი გზა აქედან გასასვლელად სასახლის დანგრევაა, რომელიც მეც დამაზიანებს და ჩემს მსხვერპლსაც. ეს სასახლე ყველაზე იშვიათად შენდება ჩემს წარმოსახვაში და ყველაზე დიდი სიამოვნებით მას ვანგრევ, მაგრამ ამისთვის სიბრაზემ უნდა გადამიაროს, რადგან რაც უფრო მეტად ვბრაზდები მით უფრო მყარი ხდება ჩემი სიბრაზის შავი სასახლე.
კიდევ მონატრების ციხე-სიმაგრე მაქვს. როცა ვინმე მენატრება ჩემი ციხე-სიმაგრეც იწყებს შენებას. ეს ციხე-სიმაგრე ყველაზე ნელა და გულდასმით შენდება, აგურ-აგურ. ის წითელი აგურის მრგვალი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც კიბე გარშემო აქვს. შიგნით კი სხვადასხვა ნივთებით სავსე განსხვავებული ოთახები, ქუჩები და ქალაქებია, განსხვავებული დროიდან და ყველა მათგანი იმ ადამიანს უკავშირდება ვინც მენატრება. ყოველი ახალი საფეხურის მიმატებით ციხე-სიმაგრე გარშემოწერილობაც მატულობს რადგან მოგონებები აღარ ეტევა და ამავე დროს ერთი საფეხურით იძირება. სასახლე ოკეანეში დგას, პირდაპირ წყალზე ტივტივებს, როცა უკვე მოგონებები აღარ მრჩება, ციხე-სიმაგრე დასრულებულია და მე მის მწვერვალზე შემომდგარი იმ ბოლო და ერთადერთ საფეხურზე ვდგავარ, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩაძირულა. მაგრამ საბოლოოდ ჩაიძირება და მე მონატრებისგან ვეღარ ვისუნთქებ.
ყველაზე ძველი კოშკი უსახური და ნაცრისფერია, არცერთი სარკმელი და კარიც არ აქვს. ის არც არქიტექტურით გამოორჩევა და არც სილამაზით. ეს კოშკი ერთადერთია რომელიც არც უფსკრულის პირას დგას და არც ოკეანის შუაგულში. ის მთის წვერზეა, ღრუბლებს ზემოთ და სწორედ ამიტომ არ ჩანს ბარიდან. მთის ძირში მდგარმა შეიძლება იფიქრო რომ მე ტყეში მცხოვრები ლაღი ადამიანი ვარ. ქვემოთ ნისლია და მხედველობა ცუდი. ჩემს კოშკამდე მხოლოდ ალპინისტი თუ მოაღწევს, იმიტომ რომ ალპინისტები ყველაზე გულწრფელი და თავდადებული ადამიანები არიან, რადგან თვალთმაქცი ვერ მოატყუებს მთას და ვერ დაიპყრობს მის მწვერვალს. ამ კოშკის კედელს მხოლოდ დროებით ვანგრევ ხოლმე ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ მამაცი მთასვლელებისთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩემ კოშკამდე მოაღწევს შიგნით შემოხედვასაც იმსახურებს. ახალი ქვები რომლითაც ამონგრეულ ნაპრალებს ვავსებ ნაიარევად ეტყობა მის კედლებს. ბოლომდე ეს კოშკი ჯერ არასდროს დამინგრევია, იმიტომ რომ ის ჩემი სახლია, იმიტომ რომ ის არ არის ჩვეულებრივი კოშკი ერთჯერადი გამოყენებისთვის, რომელსაც ყოველ ჯერზე თავიდან ააშენებ და ბოლომდე დაანგრევ, იმიტომ რომ მას მთელი ცხოვრება ვაშენებ და ის თავად მე ვარ, ჩემი კანია, რომელშიც ვცხოვრობ.