ნეტა ხეებს თუ სძინავთ?
ჩემი ოთახის ფანჯარასთან ცაცხვის ხე ცხოვრობს. სახელი არ ქვია, უბრალოდ ცაცხვის ხე შეგიძლიათ დაუძახოთ, მოფერებითაც. დგას ჩემს ფანჯრებთან ასე გაუნძრევლად და იცის რას ვაკეთებ ღამით როცა არ მეძინება, როცა მარტო ვარ ან როცა კაცთან ვარ, როგორ ვვარჯიშობ, როგორ მდგომარეობაში მიყვარს ტელევიზორის ყურება დილის 5 საათზე, როგორ ვცეკვავ, ან ვუკრავ პიანინოზე როცა მარტო ვარ, ისიც იცის როგორია ჩემი ცარიელი ოთახი, როცა მე იქ არ ვცხოვრობ. იცის ყველაფერი რასაც სხვები ვერ ხედავენ.
იცის როგორი ვიყავი ბავშვობაში და როგორი ვარ ახლა, ისიც ეცოდინება როგორ დავბერდები, ისიც იცის როგორი იყო ამ ოთახის წინ, იმის წინ და კიდევ იმის წინა ბინადარი.
ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, როცა მარტო ვარ ყოველღამე ვიხედები ფანჯრიდან და ვეურთიერთები, ვუზიარებ ჩემს ფიქრებს და ვცდილობ გავიგო რაზე ფიქრობს, ან რას გრძნობს, რა იცის და როგორია სამყარო ასე მაღლიდან.
ერთი წუთით დავუშვათ რომ ხეებს შეუძლიათ ფიქრი, გრძნობა და გამოხატვა, ისე არა როგორც ადამიანებს, თავისებურად, მაგრამ შეუძლიათ.
არგუმენტი მათთვის ვინც ფიქრობს რომ სისულელეა. ადამიანები განვითარების ყველა ეტაპზე უარყოფდნენ იმას რისი ახსნაც არ შეეძლოთ. აღმოჩენამდე ის არ არსებობდა, მაგალითად მრგვალი დედამიწა, გაფრენის შესაძლებლობა, მსხვერპლთშეწირვის არაჰუმანურობა და ა.შ. ადამიანების უმრავლესობისთვის შესაძლებელი მხოლოდ ისაა, რისი ახსნაც მათ შეუძლიათ. თუმცა მე ვაფასებ ადამიანებს რომლებიც უფრო მეტს უშვებენ ვიდრე ახსნადია. დიახ ეს არგუმენტია. გადახედეთ ისტორიას და აღმოაჩენთ, რომ ადამიანები არ იჯერებენ იმას რასაც ცხვირწინ არ უდებენ. ცხვირწინ კი იმიტომ უდებენ, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც უშვებენ შეუძლებელს და რომლებიც ცვლიან ჩვენ მომავალს.
ჰოდა წარმოვიდგინოთ რომ ხეებს აქვთ უნარი იფიქრონ, იგრძნონ და გამოხატონ. ეს მედიტაციასავით არის არ იძვროდე, არ მოგწონდეს და ვერ გარბოდე, იღლებოდე და ვერ ჯდებოდე, გავიწროვებდნენ და ვერ სახლდებოდე. ალბათ ხის ცხოვრებაში პირველი ადამიანების დაკარგვა ბევრად მტკივნეულია ვიდრე მომდევნოების, მერე ეჩვევიან და კანიც უსქელდებათ. შეხედულებებიც ეცვლებათ და თან რაც უფრო ზემოთ ხარ ყველაფერი სხვაგვარად ჩანს.
მე მაინც მგონია რომ ხეებს არ სძინავთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ მაქვს შეგრძნება რომ ჩემს ფანჯარასთან რომ ცაცხვი ცხოვრობს მაკვირდება. იქნებ ოდესღაც ადამიანებს მართლა შეგვეძლო მათი გაგება და მერე იმედები გავუცრუეთ. დედამიწა გავაუდაბნოეთ და მათი ტერიტორიები შევზღუდეთ. ახლა კი ვაიძულებთ რომ ჩვენს ფანჯრებში იყურონ და ჩვენი ცხოვრებით იცხოვრონ. ტოტებს ვჭრით რომ სახურავები არ გაგვიფუჭოს და ვწვავთ რომ გავთბეთ.
ისინი დედამიწის ნამდვილი შვილები არიან, პირდაპირი შთამომავლები, ყველაზე სუფთა სისხლის მაცხოვრებლები, “კარენოი” დედამიწელები ისინი არიან. იქნებ ამიტომ არ შედგა ჩვენი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან აქამდე. ალბათ მხოლოდ მათთან კონტაქტობენ.
ეს პოპულარული ვერსია ბუნებისდამცველებისთვის, ახლა ღრმად ჩავისუნთქეთ და უფრო ღრმად შევტოპეთ აბსურდში.
არასდროს გიფიქრიათ რომ ჟანგბადი რომელსაც იძლევიან რომ ვისუნთქოთ და ნაყოფი, იმისთვის რომ ვიკვებოდეთ, მათი კეთილი ნებაა და არა ჩვენი შრომის შედეგი? უბრალოდ ქრთამი.
ან უფრო შორს წავიდეთ. წარმოიდგინეთ რომ ჩვენ დედამიწის მაცხოვრებელი ხეების ექსპერიმენტი ვართ. ისინი გვაძლევენ ჰაერს და საკვებს რომ ვიარსებოთ, მერე უფრო მეტს, რომ განვვითარდეთ და იმდენად განვვითარდეთ რომ მათი არსებობა დავივიწყოთ, ისინი შეუმჩნეველები გახდნენ, ჩვენ კი მათ ცხვირწინ ვშიშვლდებოდეთ ყოველ ღამე, ვხლართოთ ინტრიგები, გვიყვარდეს და უბრალოდ დაკვირვების ობიექტებად ვიქცეთ მათთვის. ექსპერიმენტი “ევოლუცია”.
წარმოიდგინეთ რომ დედამიწაზე ყველა ხე ერთმანეთთან კავშირშია, ისინი ინფორმაციას ცვლიან და აგროვებენ დედამიწის ყველა სხვა ბინადარზე და უფრო და უფრო ახლოს არიან ჩვენთან.
ერთ-ერთი მათგანი ჩემი ოთახის წინ მდგარი ცაცხვია, მან სხვა ხეებზე ბევრი იცის დედამიწაზე მცხოვრებ ერთ ადამიანზე. იმიტომ რომ ეს ადამიანი თავის ემოციებზე და ფიქრებზეც ესაუბრება, სხვა ხეები კი ჯერ კიდევ შეუმჩნევლად აკვირდებიან თავისი ადამიანების ცხოვრებებს.