მთავარი

უკანასკნელი წერილი სანტას

%(count)s კომენტარი

 

წერილს სანტასთვის ყოველ წელს, საახალწლოდ ვწერ ხოლმე ბლოგზე. ამჯერად მორალურად შემზადებული, მურაბიანი ჩაით შემთბარი და სიგარეტის ბოლით გაჟღენთილი ვწერ. სხვათაშორის არასდროს ვეწეოდი ხოლმე სანტასთვის წერილის წერისას, იმიტომ რომ კარგი გოგოები ჰო არ ეწევიან. ჩემი წერილები ეხებოდა ყოველთვის იმას, რასაც საბოლოოდ მე თვითონ ვისრულებდი. მაგალითად ვწერდი რომ მინდოდა სუნამო და საახალწლო ხელფასით “გამდიდრებული” გავრბოდი საყიდლად თავქუდმოგლეჯილი, სანტაც კი ვერ დამასწრებდა ყიდვას. ვინ იცის ჩემთვის გამზადებული რამდენი საჩუქარი აქვს გადაყრილი.

ბავშვობაშიც ასე ვიყავი, არასდროს მითხოვია სანტასთვის ის, რასაც ჩემი მშობლები ვერ შემისრულებდნენ. მოსაწყენი ბავშვი არ ვიყავი, ფანტაზიორიც და ზედმეტადაც, მაგრამ საჩუქრებს უფრო პრაგმატულად ვუდგებოდი. ეს წერილი უკანასკნელი იმიტომ კი არ არის, რომ მე დიდი გოგო ვარ და სანტას არსებობის აღარ მჯერა, პირიქით. სანტასიც მჯერა, მფრინავი ირმებისაც და დამხმარე ელფებისაც. 28 წლის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ სინამდვილეში ჩემი არცერთი წერილის ადრესატი სანტა არ ყოფილა. ჰოდა აი გავაცნობიერე, რომ ის იმსახურებს ჩემგან განსაკუთრებულ წერილს და მე ვიმსახურებ განსაკუთრებული სურვილის ასრულებას სანტასგან.

ძვირფასო სანტა,

გამარჯობა, მე ანა ვარ. ერთ პატარა, შენთვის ალბათ უცნობ ქვეყანაში ვცხოვრობ. არ ვიცი მიგიღია თუ არა აქედან წერილი, ჩვენ თოვლის ბაბუებს ვთხოვთ ხოლმე სურვილების ასრულებას, მაგრამ მე თოვლისბაბუების მეშინია 6 წლიდან. მშობლებმა გამოძახებით რომ მოიყვანეს ისტერიკამდე მივედი, სანამ ჩემი სახლის ტერიტორია არ დატოვა. მანამდე არ მახსოვს ვის ვწერდი ხოლმე წერილებს. ისიც არ ვიცი ქართული იცი თუ არა. თუ არ იცი ძალიან გთხოვ ეს წერილი Google Translate-ით არ გადათარგმნო დამირეფლაე და მე თვითონ შევეცდები თარგმნას. ვიცი, ალბათ ჩემხელები აღარ გწერენ წერილებს, ან არ აღიარებენ. მე ყოველთვის მინდოდა რომ პირადად გამეცანი. მეგონა რომ ნამდვილად მხოლოდ მაშინ ამიხდებოდა სურვილი თუ პირადად გთხოვდი. სახლში დიდი ბუხარიც კი მაქვს და გელოდებოდი ხოლმე, მაგრამ შენ არ მოდიოდი. ერთ ახალ წელს უკვე სტუდენტი რომ ვიყავი ისე დავთვერი მთელი ღამე გეძახდი ბუხრიდან და მაშინაც არ მოსულხარ, მაგრამ მე მაინც მჯეროდა, რომ არსებობდი.

ძვირფასო სანტა, მინდა რომ ხვალ გავიღვიძო და მოვხვდე ფილმში საუზმე ტიფანისთან და ფილმის დასრულებამდე ჰოლი გოლაითლის პერსონაჟად ვიცხოვრო. მინდა გადავიდე პარალელურ სამყაროში, სადაც ჩემი პარალელური მე ცხოვრობს და დავინახო შესაძლებლობა, როგორი შემიძლია კიდევ ვიყო სხვანაირი. იქაც მექნება თუ არა კოშმარული სიზმრები ყოველღამე, რამდენად შემეძლება ადამიანების სახეების დამახსოვრება და პარალელურ მეს მაინც თუ ექნება საყვარელი ფერი. მინდა რომ ამ ახალ წელს მაინც ჩამოძვრე ჩემი ბუხრიდან და დილით დამახვედრო წინდაში ჩადებული მინის ბურთი ჩრდილოეთის ნათებით. ყოველთვის მინდოდა ჩრდილოეთის ნათება მაშინ დამენახა როცა მომინდებოდა.

არ ვიცი რომელ წლამდე ასრულებ სურვილებს, ვიმედოვნებ რომ ესეც სტერეოტიპია და ნამდვილი სანტა ყოველთვის შეასრულებს გულწრფელ სურვილს. პირობას გაძლევ ოდესმე შვილები თუ მეყოლება შენთვის დაწერილ წერილებს არასდროს მოვპარავ და არც შენ მაგივრად შევუსრულებ სურვილებს. რადგან ამის ყველაზე ჯადოსნურად გაკეთება მხოლოდ შენ შეგიძლია.

პ.ს. ბუხარზე დაკიდებული სამი წინდიდან ჩემი თეთრი იქნება 🙂

წერილი მომავლიდან

%(count)s კომენტარი

ზუსტად 10 წელი გავიდა. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი რამე შეიცვალა და რამდენი რამე გადაგხდა თავს, ძირითადად არასასიამოვნო. ნაწილი შენი შეცდომების გამო, ნაწილი იმის გამო რომ ადამიანებს შენი არ ესმით, ნუ ეს ასაკობრივიაო გეუბნებიან, მაგრამ 10 წლის მერეც ასე იქნება 🙂

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებ, ბევრ სისულელეს გააკეთებ, ბევრსაც ჭკვიანურ გადაწყვტილებას მიიღებ და სწორად მოიქცევი, მაგრამ მთლიანობაში მინდა მადლობა გადაგიხადო ყველა შენი სისულელისთვის, შეცდომისთვის თუ სწორი ნაბიჯისთვის, რადგან რომ არა ყველაფერი ეს მე არ ვიქნებოდი ასეთი ზუსტად როგორიც ვარ.

მართალი ხარ როცა ამბობ რომ ადამიანები სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ. შენ ყოველთვის შენს საკუთარ შეცდომებზე ისწავლი, საკუთარ გადაწყვეტილებას დააყენებ პირველ ადგილას, ვინც რაც არ უნდა გითხრას მაინც ყოველთვის იმას გააკეთებ რაც გენდომება, მაინც ბოლომდე არავის ეტყვი რას აპირებ, სანამ არ გააკეთებ და თავად ფაქტით არ შეიტყობენ შენი გადაყვეტილების შესახებ, იმისთვის რომ რჩევაც კი არ მოგცენ. შენ ჰო ვერ იტან რჩევებს 🙂 ვერც ვერასდროს აიტან.

მართალი ხარ როცა არ გეშინია და მიდიხარ რისკზე, იმაშიც მართალი ხარ შენ ცხოვრებაში ცხვირს რომ არავის აყოფინებ. საბოლოოდ თუ ვინმე დაზარალდება შენი შეცდომებით მხოლოდ შენ იქნები, შენც ჰომ მხოლოდ ამის გეშინოდა ყოველთვის როცა რამე სიგიჟეს აკეთებდი? ჰოდა დამშვიდდი ყველაფერს მხოლოდ საკუთარ ტყავზე გამოცდი.

სამხატვრო აკადემიის ეზოში კონცერტზე გაიცნობ ბიჭს რომელიც გულსაც აგიჩქარებს, აგამჩატებს და ცხოვრების სიყვარულიც იქნება, ერთმანეთი ზუსტად ისე გეყვარებათ როგორი სიყვარულისაც არასდროს არ გჯეროდა.

გექნებათ ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ ეს არაფერი, მთავარი და ერთადერთი რაც მინდა რომ შეცვალო, რაშიც მინდა რომ დამიჯერო და მომენდო არის ის, რომ როცა 2006 წელს წახვალთ ერთად ამერიკაში, არ ჩამოხვიდეთ!

წერილი

2 Comments

იმ წერილს ვგავარ კონვერტს რომ გახსნი და აღმოაჩენ, რომ ცარიელია.

%d bloggers like this: