მთავარი

პერფექციონისტის ფიქრები, ყველა ბედნიერი ვიქნებით

დატოვე კომენტარი

გამარჯობა, დღეს მე პერფექციონისტი ვარ ვარდისფერი სათვალით. რთული ბავშვობა მქონდა, ყოველთვის მკაცრად ვსჯიდი საკუთარ თავს, ყოველი წარუმატებლობისთვის. თავად ვდგებოდი კუთხეში და საათობით, ფეხების დაბუჟებამდე არ გამოვდიოდი, სანამ დგომა შემეძლო, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნახატი არ მომეწონა და უკეთესის დახატვა შემეძლო. წიგნის კითხვას რომ ვიწყებდი ისე უნდა დამესრულებინა რომ არ დამეხურა, თუ რაიმე საჭიროების გამო წიგნის დახურვა ან თავის აწევა მომიწევდა, წიგნს ვხურავდი და თავიდან ვიწყებდი კითხვას, თუნდაც სულ ბოლო აბზაცი მქონოდა დარჩენილი. ეს არ მაღიზიანებდა, გულწრფელად ვთვლიდი, რომ წიგნი ერთი ამოსუნთქვით შემეძლო წამეკითხა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ფრაზა “ერთი ამოსუნთქვით იკითხება” საერთოდ სხვა მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა და სანიშნი შევიძინე. სათამაშოების კუთხეს რომ ვალაგებდი სახაზავით ვასწორებდი ხოლმე ჩამწკრივებულ მანქანებს, თუ რომელიმე სიმეტრიას არღვევდა ძირს ვყრიდი და თავიდან ვიწყებდი დალაგებას. ბაღში სიარულისას, როცა ჯერ კიდევ დედა მაცმევდა ტანსაცმელს, რეიტუზზე ან მასში ჩატანებულ მაისურზე ერთი ნაკეციც არ უნდა ყოფილიყო. იქამდე ვიტირებდი, სანამ ყველა ნაკეცს არ გაასწორებდნენ ტანსაცმელზე და ყველა ფერს არ შეუხამებდნენ ერთმანეთს. ბაღში ჩემს თანატოლებს რომ ვუყურებდი მუხლზე გაკეთებული ნაკეცებით, ფეხზე ასიმეტრიულად დახვეული რეიტუზის ზოლებით და ჩაბრუნებული საყელოებით, მივდიოდი და სულ ვუსწორებდი, სანამ ყველა ზოლი აბსოლუტურად არ გასწორდებოდა, ფეხზე და ყველა საყელო არ ამოტრიალდებოდა. ახლაც ასე ვარ, ნებისმიერი არასწორი ნიუანსი გამაღიზიანებელია, უბრალოდ ამის კონტროლი ვისწავლე. კომუნიკაციისას გაღიმება და საკუთარი თავისთვის იმის გამეორება, რომ ეს მე არ მეხება. არ მშველის საერთოდ, უბრალოდ მაკავებს. ახლა არასდროს ვაუთოვებ ტანსაცმელს. ჯობია მეცვას დაკუჭული, ვიდრე დაუთოვებულს გაუჩნდეს თუნდაც ერთი ნაკეცი. ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. სამაგიეროდ ვიცი, რომ დაკუჭულია და ნაკეცებს ბუნებრივ მოცემულობად ვიღებ.

ნერვებს მიშლის კარადის ოდნავ გამოღებული კარი, ან ნახაზზე დასმული ზედმეტი წერტილი.  დღემდე ვსჯი საკუთარ თავს თუ არ ვარ საკმარისად ლოიალური ან დამთმობი. ვიცი, რომ ჩემთან მუშაობა და ცხოვრება იქნებოდა რთული საკმარის ძალისხმევას რომ არ ვხარჯავდე ჩემთან თანაარსებობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ჩემი ძალისხმევა არასდროს არის საკმარისი, მუდმივი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზედმეტი მომდის, როგორც საბავშვო ბაღში, როცა თანატოლებს საყელოებს ვუტრიალებდი და რეიტუზის ზოლებს ვუსწორებდი. მგონია რომ ზედმეტად წნეხის ქვეშ ვაქცევ, პირად სივრცეში ვიჭრები ან არჩევანს ვუზღუდავ გარშემომყოფებს, იმის გამო რომ სრულყოფლებად ვაქციო ან სურვილი გავუღვიძო ასეთებად იქცნენ. საკუთარ თავში ვიკეტები და კედლებს ვაგებ გარშემო, რომ იზოლაცია მოვახდინო საკუთარი აზრების და ადამიანები ჩემგან გავათავისუფლო. ოქროს შუალედის დაჭერა მიჭირს, უფრო ზუსტი ოქროს შუალედის, სრულყოფილი ოქროს შუალედის.

მთელი ცხოვრება მტანჯავს საშინლად დაბალი თვითშეფასება. უფრო სწორად მჯერა, რომ მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რასაც მოვისურვებ, მაგრამ ნებისმიერი შედეგი, მაინც სიცარიელეს მიტოვებს და მუდმივად იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე იყო შესაძლებელი უკეთესი შედეგი. დაუსრულებელ დევნას გავს, მაგრამ ვერც ვჩერდები. შემიძლია გავათენო ღამეები, თუ მაქვს მიზანი როგორ გავაკეთო ან ვაქციო რაიმე სრულყოფილად. საშინელებაა მუდმივ იმედგაცრუებაში ცხოვრება. არავინ არ არის ისეთი როგორიც შეუძლია, რომ იყოს. რთულია იმის გაცნობიერება რამხელა პოტენციალი აქვს ადამიანს გახდეს უკეთესი, ისწრაფვოდეს სრულყოფისკენ და ამისთვის არაფერს აკეთებდეს. საშინელებაა, არასდროს მოგწონდეს შენი თავი სარკეში, არასდროს გაკმაყოფილებდეს შენი წონა, შენი მეტყველება, მანერები, შენი ცოდნა, გამოცდილება, შენი შესაძლებლობები, შენი აზრებიც კი. ფიქრობდე, რომ შენ შეგიძლია იყო უკეთესი და ეს არასდროს მთავრდებოდეს.

ჩემი ერთ-ერთი იდეაფიქსია, რომ ყველა გარშემომყოფის ბედნიერად ქცევა შემიძლია. რეალურად შესაძლებელია, მუდმივად აკეთო რაღაცეები, რაც გარშემომყოფებს გააბედნიერებს. ჩემს სრულყოფილ სამყაროში ყველა ადამიანი ბედნიერია და მუდმივად ცდილობს, რომ გახდეს უკეთესი და ისწრაფვის სრულოფისაკენ. ამიტომაც მესმის პაციფისტების, ვერ ვიტყოდი, რომ ვარ, მაგრამ არაფერია ომზე არასწორი სამყაროში. ომი არის, ტანსაცმელზე გაკეთებული ნაკეცების, წიგნის კითხვისას გაფანტული გონების გამო გამოტოვებული ფრაზების, წარუმატებელი სამუშაო დღის, კაფეში ნათითურიანი კედლის, ჭამისას გამოცემული პირის მწლაკუნი, მოუვლელი, საკუთარ თავზე ხელჩაქნეული ადამიანების , შეუსრულებელი სამუშაოს და ბევრი სხვა ნიუანსის კუბში აყვანილ ერთობლიობაზე ბევრად უარესი. თუნდაც ომი სადღაც კუალა ლუმპურში იყოს. ის, რომ ომი სამყაროში არსებობს, უკვე უკარგავს მას სრულყოფილებას.

ჩემს სრულყოფილ სამყაროში ადამიანები ქუჩაში იღიმიან, ულოცავენ ერთმანეთს ყოველ დღეს და ცდილობენ იყვნენ უკეთესები, უფრო კეთილები, გაუწოდონ დახმარების ხელი ნებისმიერს, აჩუქონ საჩუქარი, ისევე როგორც დღესასწაულებზე ხდება ხოლმე. ვიცი, რომ მათი უმეტესობა სინამდვილეში არც ბედნიერია, არც კეთილი, არც თანამგრძნობი და არც გულუხვი. მაგრამ დღესასწაულებზე მე პერფექციონისტი ვარ ვარდისფერი სათვალით და ამ ყველაფრის მჯერა.

Never Forget to Dream

2 Comments

არ მეგონა თუ წელს კიდევ მივწერდი წერილს სანტას, ამდენი საყვედური მისთვის ალბათ არასდროს მიმიწერია. მაგრამ მივწერე ერთი, ყველაზე მთავარი, რომელიც ჩემს ბლოგზე ვერ მოხვდა. ის საქართველოს ბანკის Orange Santa-ს გავუგზავნე. შეიძლება აქამდე იმიტომ არ მისრულდებოდა სურვილები, რომ იმ სანტამ, ლაპლანდიელმა, ქართული არ იცის. ჩემი საახლწლო სურვილი ბევრისთვის ყოვლად არასაჭირო ნივთში მდგომარეობდა.

32470_1452489799089_5211071_n

2007 წლის დამდეგია, ნიუ იორკში ახალ წელს თუ არ ყოფილხართ აუცილებლად წადით. იქ იგრძნობთ რამდენად ჯადოსნური შეიძლება იყოს ახალი წელი. მე და დათო მოვსეირნობდით როკფელერის ცენტრიდან,  45-ე ქუჩიდან შევუხვიეთ და გადაკვეთაზე მუსიკალურ მაღაზიასთან მოვხვდით, რომელიც 1884 წლიდან არსებობდა და მისი კედლები მთლიანად დაფარული იყო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ლეგენდარული ვარსკვლავების ავტოგრაფიანი ფოტოებით. ამ მაღაზიაში ყველა სახის და წარმოების, ასაკისა და ფერის ინსტრუმენტს შეხვდებოდით.

დათომ ყოველთვის იცის რა უნდა, ამიტომ ბევრი არც უფიქრია ისე ჩამოხსნა გიბსონი და დაიწყო დაკვრა. უამრავი ელექტროპიანოდან თითქმის ყველასთან დავჯექი, შევეცადე მომერგო. ზოგის სიმაღლე არ მომეწონა, ზოგის კლავიშების მგრძნობელობა, ზოგის ფერი, ხმა და ბოლოს ვიპოვნე ის ერთადერთი, რომელიც იყო იდეალური ჩემი თითების გაგრძელება. ეს იყო ინსტრუმენტი მთელი თავისი არსით, ინსტრუმენტი არა მხოლოდ როგორც მუსიკალური, არამედ ინსტრუმენტი გაგეზიარებინა მუსიკა, ის იყო საშუალება, კომფორტი, ის ხდებოდა შენ, შენი შთაგონების ყალიბი. მერე დავიწყეთ დაკვრა. მე კლავიშზე, დათომ გიტარაზე. პრინციპში არაფერი საეჭვო და საერთოდ არაფერი შეგვიმჩნევია, სანამ ტაშის ხმა არ გავიგეთ. ასე იქცა ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, გამოუსადეგარი და უსარგებლო ნივთი ჩვენ ოცნებად.

229973_10151325172868586_1069278536_n

როცა ტელევიზიით გათამაშებებს ვუყურებდი ხოლმე და გამარჯვებულები არაორდინალურად იქცეოდნენ ვფიქრობდი როგორ მოვიქცეოდი ნეტა მე მათ ადგილას. არადა ტელევიზიით იცი მაინც, ელოდები, უყურებ, მორალურად ემზადები რომ აი შენი ნომერია, მერე რა რომ ბოლო სამი ციფრი არ ჩანს, მაინც იმედს იტოვებ, რომ ის სამი ციფრი შენია და ეს ამსუბუქებს შენს მდგომარეობს.

დათო უკვე ზედიზედ მეორედ იყო ღამის მორიგე. მე ჩემს მანსარდში ვიჯექი კომპიუტერთან და მექანიკურად ვწერდი, გადაღლილი, გადამწვარი, საახალწლო განწყობას სრულიად მოკლებული და ვცდილობდი არ მეფიქრა სხვენში შენახულ ნაძვისხეზე. ღამის ათის წუთებზე საქართველოს ბანკის ნომრიდან დამირეკეს, არ ველოდი. იმიტომ რომ არც ვალი მაქვს და თან ღამეა. არცერთი წამით არ მიფიქრია რომ მირეკავდნენ Orange Santa -ს კანცელარიიდან, იმიტომ რომ არმოგებას შეჩვეული ვარ, არც გავბრაზდებოდი და არც ლანძღვას დავუწყებდი, ძალიანაც რეალურია 17 000 წერილიდან თუ შენზე უკეთესი სხვა აღმოჩნდება. მიჭირს იმის გახსნება რა მოხდა მერე, მახსოვს რომ რაღაც მომენტში გავჩუმდი, ხმა ჩამივარდა, მერე ვეღარ ვიმორჩილებდი ნიკაპს და ბოლოს ავსლუკუნდი, კი რაღაცეებს ვყვიროდი ზუსტად ისე ტელევიზორიდან რომ ყვირიან ხოლმე ხმაჩახლეჩილები და ვიცინოდი ისტერიულად, თან ვსლუკუნებდი და ვტიროდი.

382869_461687147222810_1265087938_n

დათო უნდა მოსულიყო დილით ღამის მორიგეობიდან. ნაძვისხე აღმოჩნდა სხვენში გაჭედილი და არა შენახული. მე დაახლოებით 45 გრადუსით გადახრილი თითის წვერებზე ვიდექი წიგნებზე, წიგნები იდო სკამზე და რომ დაიძახა და წამოვიდა ნაძვისხემ, გადმოყვა სათამაშოების ყუთი, დასრიალდა წიგნი, ჩამოვყევი მე და ბოლოს ნაძვისხე მქონდა თავში მორტყმული. ასე სწრაფად ჯერ არასდროს მომირთავს ოთახი.  საერთოდ სიკეთე გადამდებია. ჩავხედე სათამაშოებით, ნათურებით, ძველი ნაძვის ხითა და წვიმებით სავსე ყუთს და გადავწყვიტე მეც ვყოფილიყავი წელს ვინმეს სანტა, დავაწერე ზემოდან “საახალწლო სათამაშოები სანტა კლაუსისგან” და არ მოვყვები იმას თუ როგორ, მაგრამ როგორღაც გავიტანე ქუჩაში, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ეს იყო ტელევიზორის დიდი ყუთი და თანაც გაძეძგილი.

314572_10151324141183586_728058065_n

უკვე ღამის სამი საათია დ სასწრაფოდ მჭირდება ლეგენდა ე.წ. სცენარი, რომელიც იქნება იმდენად დამაჯერებელი, რომ მორიგეობიდან მოსულ და ორი ღამის ნათევ დათოს აიძულებს არ დაიძინოს. ეს ყველაზე კეთილი ტყუილი იყო, რომელიც ოდესმე მითქვამს. კარგად ვიტყუები, მაგრამ ძალიან ეძინებოდა, იმდენად, რომ გეგმის შეცვლა და იმპროვიზაცია იყო საჭირო. საბოლოოდ დათო თბილ ლოგინში ჩაღუნღულების ნაცვლად მანსარდში, დივანზე, საძილე ტომარაში ელვაშეკრული აღმოჩნდა. ეს იმისთვის, რომ სწრაფად გამეღვიძებინა და ჩაცმა არ დასჭირვებოდა სანტას მოსვლისას.

არასდროს მინახავს ასეთი ბედნიერი და გაოგნებული ერთდროულად. უჭირდა ემოციების გამოხატვა, იყო ჩუმად გაფართოებული თვალებით და ცდილობდა დაბნეულობა არ შეემჩნია, მე რაღაცეებს ვლაპარაკობდი გაუჩერებლად, ვიცინოდი, მადლობებს ვიხდიდი, თუმცა ყველას ყურადღებას მაინც დათოს გაოგნებული ბედნიერება იპყრობდა.

24 საათის უძინარი, დღეს ისევ ღამის მორიგეა 12 საათით, მაგრამ ვიცი რომ ბედნიერია, იმიტომ რომ მას აქვს არა აბსტრაქტული, პოლიტიკური, მიუწვდომელი ან არარეალური, არამედ ხელშესახები, ფიზიკური, მუქი შავი ფერის, სრული დინამიური კლავიატურითა და უამრავი სხვა ფუნქციით, ყველაზე ერგონომიული ოცნება, რაც კი არსებობს დედამიწაზე. საახალწლო საჩუქარი – ელექტრო პიანო სანტასგან.

75968_10151325286753586_1256001586_n

გულახდილობის აპოთეოზი

დატოვე კომენტარი

ზაფხულისგან გათანგული, სასტუმროს ძებნაში სადმე საქართველოს ფარგლებში. კრიტიკულ სიტუაციაში, როცა 1 დღე გაქვს არჩევანისთვის სად წახვიდე დასასვენებლად, ღამის 12 საათია, ამიტომაც არ გპასუხობს მობილურზე უმეტესობა და ასეთ დროს ხვდები რა გჭირდება ყველაზე მეტად. კი დასვენება მჭირდება!

უშედეგო ძიებისგან გაქანცულმა გადავწყვიტე ჩემი გალაქსი ს3-სთვის, რომელიც ჯერ არც კი მიყიდია, ლამაზი ქავერი შემერჩია ამაზონზე. ავარჩიე სამი ფერის. ოქროსფერი, შავი და ვარდისფერი. უცბად მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ეს რამდენიმე წამი უნიჭო რომანის ერთადერთი საინტერესო აბზაცივით იყო. როცა კითხულობ და ხვდები, რომ ნაგავია, მაგრამ უცბად კარგი ფრაზა გამონათდება.

რამდენი რამე მაქვს რაც არ მჭირდება. საერთოდ არაფერში მჭირდება. მაგალითად ზამთარში ჰო ერთი პალტოც გამათბობს, მაგრამ მე სამი მაქვს ფერებით, კურტკები, თბილი, ბეწვით, უბეწვოდ. ფეხსაცმელი ჰო ჩემი სისუსტეა, აი რატომ, რაში მჭირდება 28 წყვილი ფეხსაცმელი ამიხსნას ვინმემ. სეზონი გადის და ვერ ვიცვამ. ერთი ფეხსაცმელი მაქვს სულ ერთხელ მეცვა ზუსტად და საერთოდ რაში მჭირდება 3 გარდერობი ტანსაცმელი. ან  6 დუშგელი ხასიათის მიხედვით, ჰო არის სისულელე, ერთით ვერ ვიბანავებ? ყველაფერი რაც ჩემს გარშემოა ან იმის 99% საერთოდ არაფერში მჭირდება. იმისთვის რომ ვიცხოვრო ზუსტად ისე როგორც ახლა და ვიყო ბედნიერი, ამ ყველაფრის 1 პროცენტიც მეყოფოდა.

ეს ყველაფერი გავიფიქრე ასე 2 წამში და ამოვიღე ვიშლისთიდან ვარდისფერი და შავი ქავერი 🙂 კი ჩემი მომავალი ტელეფონისთვის ოქროსფერი ქავერიც საკმარისია გავიფიქრე კმაყოფილმა და ნამუსდამშივდებულმა

სარჩევი

3 Comments

ავტობიოგრაფიას რომ წერდე საიდან დაიწყებდი წერას?

ან რას დაწერდი, რას არა? რას გაალამაზებდი ცოტათი მაინც?

წარმოგიდგენიათ სარჩევი თქვენი ავტობიოგრაფიის?

ქრონოლოგიურად დაალაგებდი, მნიშვნელოვანი მოვლენების მიხედვით, საერთოდ არეულად დაწერდი თუ CV-ვით ბოლოდან დაიწყებდი წერას? 😀

საერთოდ თუ გიფიქრიათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები ჩამოგეყარათ…

მე აღმოვაჩინე დღეს რომ ყველა თარიღი მახსოვს იმ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის რაც კი ცხოვრებაში მქონია…

აბსოლუტურად ყველა წელი, რიცხვი, თვე, დღეც კი…

რაღაც ავადმყოფობაა, კი არ ვიმახსოვრებ თან ისე უცბად აღმოვაჩინე რომ მახსოვდა…

მნიშვნელოვანი… ნუ დეტალებიც… ოღონდ მნიშვნელოვანი დეტალები…

წიგნის დაწერას ვაპირებ ოღონდ ავტობიოგრაფიას არა : )))) არც ნოველები და პოეზია, არც გულისამაჩუყებელი რომანი ან რამე დეტექტივი…

სულ სხვა თემაზე… 2 თვეში დავწერ, მერე მოვამზადებ, შევფუთავ, დავბეჭდავ და პრეზენტაციას სექტემბერში გავაკეთებ… : )))

არა მართლა… დროის მენეჯმენტში ძალიან ცუდად ვარ… საათების და დღეების მიხედვით ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ ასე თვეებით კარგად ვფიქრობ : )))

საბეჭდი მანქანა უნდა ვიყიდო, მეორადი ალბათ : ))))

კომპიუტერით უფრო ადვილია, ვიცი, იმიტომ რომ ასე ჯერ უნდა დავბეჭდო და მერე ავკრიფო კიდევ თავიდან, მაგრამ ასე მირჩევნია…

რომანტიკაა საბეჭდი მანქანით ჩემს ბუხართან ვწერო ღამ-ღამობით…

თან საბეჭდ მანქანას არც ბრაუზერი აქვს და არც სკაიპი : )))

სარჩევი ექნება მაგარი… ტეგებია ფაქტიურად ეძებ რასაც გინდა :)))

და მერე კითხულობ…

არადა ახლა სიამონებით წავშლიდი ამ პოსტს და სულ სხვანაირად დავწერდი, იმიტომ რომ სულ სხვა რამეზე მინდოდა დაწერა, მაგრამ წესი ნომერი შვიდი არ მაძლევს ამის საშუალებას…

მინდოდა დამეწერა იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომელიც მქონდა ცხოვრებაში და ასე 25 წლის მიწურულს გამახსენდა მოულოდნელად ყველა ერთად, თარიღებით და დეტალებითურთ

რაღაც სისულელეებიც გამახსენდა, კარის გაღება, ლიანდაგზე სეირნობა, რაღაც წესი გამახსენდა ფიზიკის, გვერდი გამახსენდა 64-ე ერთ-ერთი წიგნის რომელსაც 10 წლის წინ ვკითხულობდი და რა ეწერა ისიც… სიგარეტს რომ მოვუკიდე ერთხელ და მაშინ რა ხდებოდა გარშემო… ტუალეტში გავიქეცი ტუჩსაცხის შესასწორებლად პირველად რომ ვაკოცე, ეგ უფრო დეტალურად მახსოვს : ))))) მართლა… ჭიანჭველებს რომ ვაგროვებდი ბავშვობაში, მძიმე ბავშვობა მქონდა : )))) ფუტკარი რომ პეპელა მეგონა პირველად რომ დავინახე, ძალიან პატარა არ ვიყავი მაშინ? ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს…

გამინათდა რაღაც თავში, განა დრო არ მქონდა, აქამდე არ მახსოვდა უბრალოდ და თან ეს პროცესი კიდევ მიდის, ანუ კიდევ მახსენდება რაღაცეები.

ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის უმნიშვნელო და სულელური დეტალები გამახსენდა და მივხვდი რომ სისლელე კი არა და სულ ეს არის რაც კი მაქვს ცხოვრებაში…

დეტალები, ციფრები, რიცხვები, საათები, ფერები, ვარცხნილობები, ინტერიერ-ექსტერიერები, საერთოდ გარემო, შეგრძნებები, სიტყვები, ყველაფერი, ყველაფერი… ყველაფერი მახსოვს…

და მგონი ჩემი ცხვრება ერთი დიდი სულელური დეტალების გროვაა რომელიც ასე მაბედნიერებს…

პირობა

დატოვე კომენტარი

სამწუხაროა თუ ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება გაქვს, მაგრამ ოდესმე ავაშენებ სახლს ტბის პირას, დავრგავ ხეს, დავწერ წიგნს, მერე ჩემივე დარგული ხიდან მოვწყვეტ ფოთოლს ჩავდებ წიგნში, წავაწერ ჩემს მეგობარ “L”-ს და აუცილებლად გამოგიგზავნი

%d bloggers like this: