მთავარი

ალტერნატიული მე

2 Comments

მე გაზაფხულის მეცხრე დღეს დავიბადე, მაშინ ნაკიანი წელიწადი იყო და ჩემს დაბადების დღეზე უჩვეულოდ თბილოდა. მე არასრულად 9 თვის დავიბადე რამდენიმე კვირით ადრე. ჩემი დაბადებისას დრო ზუსტად ცხრაზე გაჩერდა სახლში, ერთდროულად ყველა საათზე და ხატიას ნაცვლად ანა დამარქვეს. მე დაახლოებით ნახევარი საათი არ ვსუნთქავდი დაბადებიდან და საერთოდ ეგონათ, რომ უკვე მკვდარი ვიყავი მუცელშივე. მე დაბადებისას მხრებამდე შავი კულულები მქონდა და თვალები დაბადებიდან რამდენიმე წუთში გავახილე. მაშინ თვალები ცისფერი მქონდა, როგორც დედაჩემი იტყოდა ფირუზისფერი, რის გამოც ამბობდნენ, რომ კნუტს ვგავდი.

დედაჩემი შავთვალება წითურია, მამა მწვანეთვალება შავგვრემანი. ხშირად ვფიქრობდი იმაზე მწვანეთვალება წითური რომ ვყოფილიყავი ადამიანიც სხვა ვიქნებოდი თუ არა. ალბათ ის მწვანეთვალება წითური საერთოდ სხვანაირი იქნებოდა და სავარაუდოდ ხატია. ის პირველ აპრილს დაიბადებოდა, თავის დროზე და ჰოროსკოპითაც ვერძი იქნებოდა. ბავშვობაში ალბათ ძალიან კომუნიკაბელური და ცელქი გოგო იქნებოდა, ცოტა კაპრიზულიც, სათამაშოსთვის მაღაზიაში ფეხებს რომ აბაკუნებენ და დღისითაც ტკბილად სძინავთ. სწავლაც ეყვარებოდა, მაგრამ ისე არა როგორც მე, ის ნიშნებისთვის ისწავლიდა და არა სიამოვნებისთვის. წიგნების კითხვას უფრო ნაკლებ დროს დაუთმობდა, მაგრამ პაოლო კოელიო წაკითხული ექნებოდა აუცილებლად. ხატია ალბათ ბალეტსა და ციგურულ სრიალს შორის ბალეტს არ აირჩევდა, სკოლის დამთავრებისას კი დედას დაუჯერებდა და სამედიცინოზე ჩააბარებდა. ხატია სახლში არასდროს დააგვიანებდა და არც დათქმულ დროს გადააცილებდა სადმე მისვლას. ბავშვობაში ქართულ ხმებს და რუსულ პაპსას მოუსმენდა. გარდატეხის ასაკშიც მოკრძალებულად ივლიდა მუხლამდე ქვედაბოლოთი და გრძელი ნაწნავით. მერე პედიატრად დაიწყებდა მუშაობას პოლიკნინიკაში და მხოლოდ კომპწია ბიჭები მოეწონებოდა პრიალა ფეხსაცმელებით. ხატია რომ დაბადებულიყო ჩემი მშობლები ისეთივე ბედნიერები იქნებოდნენ როგორც ახლა და წარმოდგენა არ ექნებოდათ, რომ მე არასოდეს ვიქცეოდი მათ ღამის კოშმარად მაღალ კლასებში, არ გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც მათ არ უნდოდათ, არ გავათენებინებდი ღამეებს და არ გავაბრაზებდი უთვალავჯერ, არ ვიქნებოდი ჯიუტი და არ ვანერვიულებდი შაქრის მომატებამდე. ხატია ალბათ მაღალი, წითური და ისეთი გოგონა იქნებოდა, ყველაფერს სწორად რომ აკეთებს.

ხატიასთვის წლების მომატება გარდერობში ფერების კლების პირდაპირპროპორციული იქნებოდა. ეყვარებოდა ტკბილეული, შემწვარი კარტოფილი და სულ ახალ დიეტაზე იჯდებოდა. ხატიას ყოველთვის დაუთოვებული ტანსაცმელი ექნებოდა და უთოს ახალი მოდელის ყიდვის შესაძლებლობას ხელიდან არასოდეს გაუშვებდა. 30 წლისას უკვე 3 შვილი ეყოლებოდა, შრომის წიგნაკი და ქმარი, რომელიც ყოველ დილით გაუთოვებული პერანგით და პრიალა ფეხსაცმელებით წავიდოდა სამსახურში. ხატია არასოდეს იოცნებებდა უზრუნველ ცხოვრებაზე სადმე ტოსკანაში, ხედით თვალუწვდენელ მინდვრებზე, სახლზე ბუხრით სადაც მოგზაურობიდან დაღლილი დაბრუნდებოდა და  არც ოთახში მთელ კედელზე გაკრულ რუკაზე იოცნებებდა, რომელზეც მოგზაურობიდან დაბრუნებული მეორე დღესვე დაიწყებდა ახალი მარშრუტის დაგეგმვას ბევრი ფერადი ჭიკარტებით, სადაც ყველა ტურს სხვადასხვა ფერის ჭიკარტებით აღნიშნავდა. მისი მოგზაურობა იქნებოდა კომფორტული, პირველი კლასით და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროთი შემოფარგლული. მისთვის შოპინგი მაქსიმალური დატვირთვა იქნებოდა ცხოვრებაში, მოლის სართულებზე სიარული მწვერვალების დაპყრობა და საყვარელი სუნამო აუცილებლად შანელი.

ხატია რომ დაბადებულიყო ეს ბლოგი საერთოდ არ იარსებებდა, რადგან ის არ მოუყვებოდა ნებისმიერ ადამიანს რა ხდება მის თავში. მისთვის რომ გეკითხათ ალბათ გიპასუხებდათ, რომ მის თავში ის ხდებოდა რაც ყველას თავში. ხატიას ლუდი არ ეყვარებოდა. საერთოდ ალკოჰოლური სასმელებიდან ალუბლის ლიქიორი და ბეილისი იქნებოდა ყველაზე ძლიერი რაც გაუსინჯავს, როგორც ქალს შეშვენის. მას ზუსტად ეცოდინებოდა, რას გააკეთებდა 5 წლის შემდეგ ამავე დღეს, თუ მანამდე არმაგედონი არ დაიწყებოდა და ღვთის წყალობით ყველა კარგად იქნებოდა.

ხატიას ყოველ ღამე ანგელოზივით ეძინებოდა. ის იქნებოდა არამწეველი, 12 საათზე რომ იძინებენ და დილით 6 საათზე უკვე ფეხზე არიან ფხიზლად, საუზმის კეთებით გართულები. ხატიას წინსაფარიც ექნებოდა და ხელში მომარჯვებული დღის გეგმა ოჯახის ყველა წევრის განრიგით. მისი მეგობრები იქნებოდნენ მხოლოდ მდედრობითი სქესის და აუცილებლად დაოჯახებული, თავისი პატარა ასლები. მისი ოცნება უზრუნველი სიბერე იქნებოდა, როცა მადლიერი შვილები მასზე იზრუნებდნენ და მეუღლე გაზეთებს იკითხავდა მთელი დღეები. ხატიას საყვარელი ფილმი ალბათ ლამაზმანი იქნებოდა და საყვარელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი. ხატიას სამკაულების ტარება ეყვარებოდა და ბიჟუტერიის ყიდვის ცდუნებას ვერასოდეს გაუძლებდა. ხატიას, ისევე როგორც ყველა ნამდვილ ქალს, თავისი თავის ფასი ეცოდინებოდა და ამას ამაყად გაუსვამდა ხაზს ყოველი შესაძლებლობისას. ხატია იმ ადამიანების რიცხვში იქნებოდა საკუთარი დაბადებისდღე რომ არ უყვართ და ყოველ წელს ბერდებიან. მისი აზრით მისაბაძი და შესაშური ცხოვრება ექნებოდა და ალბათ ღრმა სიბერემდე ისე გაატარებდა ცხოვრებას, ერთხელაც არ დაფიქრდებოდა შავთვალება, შავთმიან პატარა გოგონაზე, რომელიც შესაძლოა დაბადებულიყო ანად და მისი აბსოლუტური მეორე უკიდურესობა ყოფილიყო.

e9b04e7b240979525effd8b0130c1d9f

სხვა ანას ისტორია

3 Comments

ბაბუშკა ანა ერთი უხასიათო და ცივი ქალი იყო, როცა ეხვეოდი ხელსაც არ წევდა მაღლა და ოდნავადაც არ ირხეოდა, წელში გამართული იდგა თავაწეული, თითქმის არ იღიმოდა და სიტყვასაც ძლივს ამოგლეჯდი მოსაკითხად. მე ბავშვობიდან არ მიყვარდა რომ მეხებოდნენ და კარგი მსმენელი ვიყავი. მას არ შეეძლო მოფერება და სიტყვასაც პირს მაშინ უხსნიდა, როცა შემაწუხებელი სიჩუმე იყო გარშემო. საუცხოო დიასახლისი და საოცარი კულინარი იყო, მე სულ კუდში დავსდევდი, უჩუმრად, ხან რაში ვეხმარებოდი ხან რაში. სრული იდილია გვქონდა. საქმეში რომ გავერთობოდით თავის ბავშვობაზე მიყვებოდა, მერე ჩერდებოდა და ფრინველების ხმების მოსმენას იწყებდა. ბაბუშკასგან ვისწავლე მცენარეების და სოკოების გარჩევა, ქარგვა, ქსოვა და ყველაზე გემრიელი საჭმელის კეთება დედამიწის ზურგზე. განსაკუთრებით არყის გამოხდის პროცესი მომწონდა, თითო ჭიქა თბილ არაყს დავლევდით და მერე შეიძლება გაეღიმა კიდეც.

ხელის მტევანზე მუდამ ლეიკოპლასტირი ქონდა დაკრული, სულ ერთსა და იმავე ადგილას, რომ გულაგში გაკეთებული ტატუ დაეფარა ნომრით და ინიციალებით. ანა ერომენკა 11 წლის იყო როცა გვიან ღამით მასთან სახლში მივიდნენ, დედა ლოგინიდან რამდენიმე კვირა ვეღარ დგებოდა, მეორე ოთახიდან მამამისის და სხვა კაცების კამათის ხმა ესმოდა. მერე ოთახიდან გაიყვანეს. სახლს ცეცხლი რომ მოუკიდეს მამამისს გული გაუსკდა და მის თვალწინ მოკვდა, იმიტომ რომ დედა ლოგინიდან ვერ ააყენეს და სახლთან ერთად დაიწვა. 1932 წელს ანა გადაასახლეს უკრაინიდან ციმბირში, ხელზე გაუკეთეს ტატუ ინიციალებით და ნომრით და დაუწესეს იძულებითი სამუშაო ჭაბურღილში.

არც ოჯახის შექმნამ და 5 შვილის გაჩენამ, 8 შვილიშვილმა, შვილთაშვილებმა, 2 შვილის და ქმრის სიკვდილმა, მშობლების ადრე დაკარგვამ და ციმბირში გატარებულმა ათეულმა წლებმა, არაფერმა არ გატეხა და ვერ გაათბო ჩემი ბაბუშკა. არავის ახსოვს მისგან თბილი სიტყვა ან მოფერება. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ასეთი, ყველაზე განსხვავებული, მაგრამ მაინც მისი კუდი ვიყავი. მასთან ურთიერთობით ჩემი კომფორტის ზონა არასდროს დარღვეულა, ორივეს ჩვენი პირადი სივრცე გვქონდა, რომელსაც არ ვეხებოდით. ახლა ხშირად ვფიქრობ რატომ უკვირდა ასე ყველას მისი ხასიათის, მე არ მიკვირდა, იმიტომ რომ ვიცოდი რატომ იყო ასეთი, მთელი მისი ისტორია ვიცოდი, ყველა დეტალით, ციმბირამდე, ციმბირში და ციმბირის შემდეგაც. შეიძლება დანარჩენებს არ უყვებოდა, იმიტომ რომ დანარჩენები მისი კომფორტის ზონას არღვევდნენ.

ტანით და აღნაგობით ვგავარ, ჩემი სიმაღლის იყო, ლურჯი ფერის თვალები ქონდა, ისეთი როგორიც ჯერ არავისზე მინახავს და გრძელი წითური თმა. ყოველ დილით ვიღვიძებდი რომ მეყურებინა როგორ ივარცხნიდა და იწნიდა თავის გარშემო. ცრუმორწმუნე იყო, დედამისის შემორჩენილი მოგონებების ნაგლეჯებისგან აწყობილი ამბები ახსოვდა ჩიტებზე რომლებიც ყველა ადამიანს თავისი ყავს. ჩემი ჩიტი ყვავი იყო. მეუბნებოდა რომ დიდხანს ვიცოცხლებდი, ადამიანებს ადვილად ამოვიცნობდი, კარგი მსმენელი ვიქნებოდი და სიკვდილს ყოველთვის ვიგრძნობდი სუნით. მისი ჩიტი გუგული იყო, მომავლის მაცნე. სულ მიმეორებდა წელს და თვეს და რიცხვს როცა უნდა მომკვდარიყო, გუგულმა მითხრაო, მე სულ ვპასუხობდი რომ ამ დღეს აუცილებლად გამოვუცხობდი თავის საყვარელ ნამცხვარს და მივუტანდი იმის ნიშნად რომ იმ დღეს არ მოკვდებოდა. ჩემს ამ სიტყვებზე ყოველთვის ეღიმებოდა.

არასდროს არ მაცილებდა. იმ დღესაც წამოვედით მე და დედაჩემი. გაჩერებაზე ველოდებოდით ტრანსპორტს, როცა დედაჩემმა გზაზე მომავალი შენიშნა, ძალიან სუსტად იყო უკვე და სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. რომ მივუახლოვდი გულში მაგრად ჩამიკრა და ცხოვრებაში პირველად იტირა ცრემლებით, მითხრა რომ მე ვიყავი ერთადერთი ვისგანაც ყოველთვის გრძნობდა სითბოს, სიყვარულს და მხარდაჭერას, რომ უსიტყვოდ მესმოდა მისი და ამას ყოველთვის აფასებდა, კიდევ მითხრა რომ სულ რომ დანგრეულიყო დედამიწა ადამიანების რწმენა და მათში კარგის დანახვა გადამარჩენდა, რომელმაც ჩემი გულიც გაალღვოო და მადლობა გადამიხადა ამისთვის, მითხრა რომ ძალიან ვუყვარდი, სიტყვა ჩამომართვა რომ მასსავით რკინის ვიქნებოდი რთულ დროს და მთხოვა რომ არასდროს დამვიწყებოდა ჩემი ბაბუშკა, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი. გაჩერებაზე რომ დავბრუნდი დედაჩემი გაოგნებისგან რამდენიმე წუთი ხმას ვერ იღებდა, როგორ მოხდა რომ გამოგაცილა და ჩაგეხუტაო. არასდროს არავისთვის მითქვამს ამ დრომდე რა მითხრა მაშინ ბაბუშკამ, იმიტომ რომ არავინ ვინც მას იცნობს არ დაიჯერებდა.

უკვე 80 წელს გადაცილებული იყო და მის სახეზე მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ნაოჭს თუ შეამჩნევდით, თმაშიც ერთი ორი ღერი ჭაღარა ქონდა შეპარული, ფერმკრთალი და გამხდარი ქალი იყო, სიბერემაც ვერ მოხარა წელში და რთულმა ცხოვრებამაც ვერ დაატყო ასაკი. იმ დღეს გუგულმა რომ უთხრა და მე რომ ნამცხვარი უნდა გამომეცხო, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ბაბუშკა ძილში მოკვდა, უბრალოდ აღარ გაეღვიძა, იმ დღიდან ჩემი ჩიტი ყვავია.254418_10150222935438586_8178177_n

%d bloggers like this: