მთავარი

BIAFF – ბათუმის ფსიქოდელიური ქრონიკები

დატოვე კომენტარი

როგორ მოვხვდი ბიაფზე მთელი კვირით. შვებულების გატარებას თურქეთში ვაპირებდით. გეგმის მიხედვით 18 სექტემბერს დავბრუნდებოდი და ფესტივალის დახურვას მივუსწრებდი. საბოლოოდ ფესტივალის დახურვაზე ვერ დავრჩი. რა მოხდა ფესტივალის დახურვამდე ერთი კვირით ადრე.

12 სექტემბერს თურქეთში წასვლა გადავიფიქრე, ბილეთები დავიბრუნე, ჯავშანი მოვხსენი და წავედი ბათუმში. პირველი რაც ჯერ კიდევ ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში მოხდა დიტოს დარჩენა იყო, რომლის ცხვირწინაც მატარებლის კარი დაიხურა. მერე იყო გრძელი და მტანჯველი 5 საათიანი მგაზვრობა. რბილ და კომფორტულ მატარებელში, სადაც კონდიცირება,  WiFi და ყავის აპარატია, მაგრამ არ არის მოსაწვი ადგილი. ბათუმში იმდენად კარგი ამინდი იყო, რომ გავიხადე და პლაჟზე გავედი. ზღვაში არ ჩავსულვარ, მაგრამ დიდხანს ვუყურე. მერე იყო ჩემი პირველი ჰალუცინაცია ბათუმში. პლაჟზე ვიწექი. თვალი რომ გავახილე ცაზე იყო ნახატი მზე, რომლიდანაც აბსოლუტურად არანახატი ლავა ჩადიოდა ზღვაში. ასეთ დროს განსაკუთრებულად მინდება ლუდი, იმიტომ რომ ჰალუცინაცია + ლუდი ყოველთვის უდრის დროის შენელებას. დიახ, ზუსტად ისე როგორც ფილმებშია. მერე გავიცანი დათო, მისი ველოსიპედის ბორბლებში კალეიდოსკოპის გამოსახულებები იყო. ოღონდ მხოლოდ ჩემთვის. ეს იყო მეორე ჰალუცინაცია ბათუმში.  მერე უკვე წვიმდა და ზღვისკენ აღარც გამიხედავს, ჩემი ძირითადი მარშრუტი შემოიფარგლებოდა სახლი, კინოთეატრი, პრესკაფე.  ასე აღმოვჩნდი ფესტივალის გახსნაზე.

1375139_10151627646800754_698836599_n

ბიაფმა შეძლო რომ ახალი ასოციაცია მაქვს ბათუმზე – კინოთეატრის დარბაზში მჯდომი საკუთარი თავი დიდი ეკრანის წინ, ფილმის დაწყების მოლოდინში. ფილმები ბევრი იყო, მაგრამ მათგან მხოლოდ სამს გამოვყოფ, პირველს ძალიან ვგულშემატკივრობდი და გამიხარდა რომ ჟიურის სპეციალური პრიზი აიღო –  Fill the Void, ასევე Lifelong და ფარაჯანოვი. კიდევ იყო ერთი, მეხუთე სეზონი, რომელმაც აიღო პრიზი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის და  რომელიც ნახევრად არ მახსოვს, იმიტომ რომ ნახევარი ფილმი ჰალუცინაციები მქონდა და ალბათ ასიათასჯერ მაინც ვიფიქრე დარბაზიდან გასვლაზე.  ფესტივალის განმავლობაში ვცდილობდი იმ ფილმებზე დამეწერა რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს, მაგრამ კიდევ არის ერთი.

ყველაფერი იყო ისე როგორც ფილმებში. სიუჟეტი ვითარდებოდა ერთი ადამიანის ირგვლივ, რომელიც ყოველ დღე ერთსა და იმავე გზას გადის და ერთსა და იმავე ადამიანებს ხვდება, მაგრამ ამ ადამიანის რეალობა განსხვავდება სხვებისგან.  მისი დილა უარეს შემთხვევაში იწყება ღამით გამოყოლილი კოშმარებით და ძილის ძლიერი მოთხოვნილებით, რომელიც წინა ღამით დალეული ძილის წამლის გამო აქვს. უკეთეს შემთხვევაში ის თვალის გახელისას ხედავს ატომებს, რომლებიც მის ირგვლივ არსებულ ჰაერს შეადგენს. ჩვეულებრივ დღე გადის რეალობისა და ჰალუცინაციების მონაცვლეობაში, რომელსაც უკვე შეეჩვია. ეს არ არის დანებება, ეს საკუთარი პიროვნების მიღებაა. ის არ არის გამარჯვებული, იმიტომ რომ ომი არც ყოფილა. დღის ამოგლეჯილი ეპიზოდები მეხსიერების რამდენიმე წამიანი ჩავარდნების გამო, დროის და სივრცის აღრევა, ილუზია, აბსურდი და მშვიდი მთავარი გმირი. ფილმს ერქვა “Somewhere over the rainbow”, ერთხელ სახლიდან კინოთეატრამდე გრძელ ქუჩაზე ასფალტი გახდა ცისარტყელა. ის არ ფიქრობდა იმაზე რომ ჰალუცინირებდა, არც იმაზე რომ ეს ცისარტყელა სულაც არ იყო ცისარტყელა სინამდვილეში, არც ის უნდოდა რომ ეს შეწყვეტილიყო და არც ის რომ გაგრძელებულიყო, მას გაახსენდა ბავშვობა, როცა ქუჩაში სეირნობისას მხოლოდ ერთის გამოტოვებით უნდა დაედგა ფილაზე ფეხი და კინოთეატრამდე ასე ცისარტყელის მხოლოდ ყვითელ ფერზე იარა. ეს არის ფილმი იძულებით მარტოსულ ადამიანზე, რომელსაც სულაც არ უნდა მარტო გრძნობდეს თავს, მაგრამ არჩევანიც არ აქვს, რადგან ამის გაზიარება სიტყვებით შეუძლებელია. მას კი არ შეუძლია ხატოს ისე როგორც ამას აკეთებს ზურიუსი.

1185399_640675692644142_1814944393_n (1)

კიდევ იყო რობი, გლინტვეინი და კონიაკიანი ჩაი, იყო ბევრი ეპიზოდი, ნაწილობრივ ბუნდოვანი. ზუსტად მახსოვს რომ დახურვაზე მაინც ვერ დავრჩი. ერთი დიდი გამოუძინებელი დღე იყო 22 სექტემბერი. ყველაფერი ისე იყო როგორც ბათუმში ყოფნის ბოლო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო. დილა დავიწყე უსიგარეტოდ, უხასიათოდ. მადლობა ნათიას, რომლის დახმარებითაც ის დღე შედგა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ ამას ხვდება. არსებობენ ნეგატიური, პოზიტიური, ინდეფერენტული და სუპერ ადამიანები. ნათია აქედან ბოლოა. უბრალოდ როცა შენი დღეები არასრულია, ისინი ეპიზოდებად გახსოვს და აქედან კიდევ უმეტესობა საერთოდ არარეალურია, აფასებ ადამიანებს რომლებიც ქმნიან შენს მეხსიერებაში დარჩენილ ყოველდღიურობებს, თუმცა წარმოდგენაც არ აქვთ ამის შესახებ.

1271042_639625122724202_193538622_o

BIAFF – Fill The Void

4 Comments

–         როგორი ოჯახი გინდა შირა?

–         ნამდვილი

ჩემი დღევანდელი დღე შექმნა ფილმმა “Fill the Void“. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის განმავლობაში, ყოველ დღე ერთ გამორჩეულ ფილმზე დავწერ.

ამ სურათში ერთი შეხედვით ებრაული კულტურის ერთი ასპექტია გადმოცემული, რომელიც იშლება ჯერ ჰორიზონტალურად და ებრაული კულტურას მოიცავს მთლიანად. შემდეგ ღრმავდება და ვერტიკალურად ჩადის პრობლემის არსამდე და ელექტროდებამდე შლის მას. მთავარი გმირი შირა, ებრაულ ოჯახში იზრდება და ისევე როგორც ყველა ებრაელი ქალის, მისი ცხოვრების მთავარი მიზანიც ოჯახი შექმნაა. 18 წლის შირა თავის შესაფერის ახალგაზრდა ებრაელ ბიჭს ეძებს, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდება. დის სიკვდილის შემდეგ დედა გადაწყვეტს შირა ქვრივ სიძეს მიათხოვოს.

ამ ფილმის ნახვა ისეთივე სიამოვნებაა, როგორც გაიცნო ადამიანი, რომელიც ერთდროულად ლამაზიცაა და ჭკვიანიც. ეს ლამაზი ფილმია მსუბუქი ფოკუსით, რომელიც ზოგ კადრში გეკარგება კიდეც. ეს ვიზუალური გამოსახულებისა და სიუჟეტური ხაზის იდეალური შეხამებაა. გემოვნებით დარღვეული კომპოზიცია და თითქმის ფოკუს გარეშე კადრები ფანტასტიკურად შეეფერება ეპიზოდებს როდესაც კონკრეტული კულტურის, კონკრეტული პრობლემა ხან სიუჟეტის ფოკუსშია და ხანაც უფრო მნიშვნელოვან და ყველასთვის ნაცნობ სიტუაციებზე მიგვანიშნებს.

05EISNER1_SPAN-articleLarge

შირა თვითნაბადი რომანტიკოსია ჩემთვის. შეიძლებოდა თუ არა ის ყოფილიყო ჟანა დარკი ან ჯეინ ოსტინი, ასეთ პრაგმატულ სამყაროში რომ არ დაბადებულიყო? შირა არის გოგონა, რომელიც ოცნებობს სიყვარულზე სოციუმში, სადაც ყველაფერს წყვეტს კაცი, ფული და ღმერთი, ის კი ამ სამიდან არცერთია. ემოციურად ფილმი მძიმეა, კარგად შენიღბული იუმორით და მკვეთრი ფოკუსით, რომ ცოტა ამოისუნთქო და აღიქვა გარემო. ასეთი ეპიზოდები დემონსტრირება იყო წერტილის, აბზაცის ბოლოს. რეჟისორის განაცხადი „დიახ, მე ვიცი როგორ განახოთ კომპოზიციურად იდეალურად სწორი კადრი, მაგრამ არ მინდა, იმიტომ რომ გაიძულებთ იგრძნოთ შირა“.

შირას არჩევანის არარსებობა, მორალური ტერორი და ემოციური ძალადობა, შენიღბული არჩევანის უფლებით, საზოგადოებაში, სადაც არარსებობს რომანტიკა, 18 წლის ებრაელ გოგონას არჩევანის წინაშე აყენებს. იყოს უბედური ან მოიტყუოს თავი რომ ბედნიერია. როდესაც მას კითხავენ როგორი ოჯახი სურს რომ ქონდეს, შირა პასუხობს „ნამდვილი“.

შირა ერთადერთია ვინც არ არის ყალბი ემოციების მატარებელი, რომელიც გულწრფელი და გულახდილია. ერთადერთი, ვინც ნამდვილად განიცდის დის სიკვდილს და გლოვობს მას. მწუხარება გახდება ის ძაფი რომელიც მას ქვრივ სიძესთან შეაკავშირებს და არა ერთი ნახვით შეყვარება. ერთადერთი ადამიანი რომელიც გარდაცვლილ ესთერს გამოიტირებს ფილმში სწორედ ქვრივი იოხაია. ეს არის გარდამტეხი ეპიზოდი. აქ წვეტს შირა გაყვეს მას ცოლად და აღასრულოს მშობლების ნება. ის იოხაიში დაინახავს საკუთარ თავს და ეუბნება

–         დღეს სხვანაირი ხარ იოხაი

–         როგორი?

–         აქამდე საკუთარი თავი არ გეცოდებოდა

2059674666

შირას საკუთარი თავი ეცოდება სოციუმში სადაც არ იციან რა არის სიყვარული, ეს არის დანებება. ქორწილის ეპიზოდში, შირას სიხარულის ცრემლები ჩვეულებრივი ებრაელი გოგონას ოცნების ახდენას გავს, მაგრამ ის არ არის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა, ეს არის თავის მოტყუება რომ ის გამარჯვებულია და სწორედ ამიტომ ფინალურ ეპიზოდში შირა მორალურად მარცხდება.

BIAFF ავანტიურისტის თავგადასავალი – ეპილოგი

2 Comments

385329_546543185364621_1256151985_n

იმდენარ არასაჩემოა სხვა რამეზე წერა ჩემი თავის გარდა რომ ახლა მივხვდი რამდენად ეგოცენტრული ბლოგი მაქვს. ის ვინც ხშირად მკითხულობს მიხვდება მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი ჩემთვის, რადგან მასზე ვწერ. ფესტივალი როგორც ფესტივალი პრინციპში. მაგრამ მე რადგან იღბლიანი ვარ და თან კარგი ინტუიცია მაქვს, წელს რამე განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ ალბათ, სრულიად ეგოცენტრულად ვწერ ამას.

უკვე მეოთხე წელია რაც სულ მესმის ამ ფესტივალის შესახებ და სულ ვგეგმავდი წასვლას და სულ ვერ ვახერხებდი სხვადასხვა მიზეზით მასზე მოხვედრას. არადა ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული. არსებობს არაერთი მიზეზი, რატომაც უნდა წახვიდე ფესტივალის დროს ბათუმში.

1. ზღვა ყველაზე უშნო ზაფხულშია

2. ბათუმი ყველაზე ლამაზი სექტემბერშია

3. არც ისე ბევრი კინოფესტივალია საქართველოში

ამას კიდევ თუ დაემატება პირადი სუბიექტური უწიპუწები, საბოლოოდ ხელში შეგვრჩება ერთი დიდი სიზარმაცე და მომავალი წლისთვის გადადებული გეგმები. მაგრამ წელს ყველაფერი იდეალურადაა ჩემს ცხოვრებაში. მე როგორც არშემდგარი პერფექციონისტი ვწერ ამას. ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ფესტივალი 15 სექტემბერს იხსნება, თუმცა მე ჩემს ბარგს 20 სექტემბერს ჩავალაგებ და ალბათ ღამის მატარებელს გავყვები, ისევ უცხო ადამიანებთან ერთად ვიმგზავრებ და მერე ბევრს გეწუწუნებით ამაზე. 21 სექტემბერს დილით უნდა ვიყო ბათუმში. სანამ ყველა გაიღვიძებს წავალ პლაჟზე და ვუყურებ ზღვას. მერე დავლევ ბათუმურ ყავას, ყველაზე გემრიელ ყავას დედამიწაზე. ის ისეთივე იდეალურია როგორც ინგლისური ზღაპრებია ყველაზე ზღაპრული სამყაროში. დავესწრები 22 სექტემბერს ფესტივალის დახურვას და გამოვყვები ისევ ღამის მატარებელს უკან. შუალედში რა მოხდება არ ვგეგმავ, არ მინდა დაგეგმვით გავაფუჭო ყველაფერი. სწორედ ამიტომ ვარ არშემდგარი პერფექციონისტი. ყველაფერი მინდა იყოს იდეალურად და ამავე დროს ექსპრომტად.

არ მგონია ჩემს მკითხველებს ფესტივალის შესახებ მშრალი ინფორმაციის კითხვა მოგინდეთ, მე კიდევ საკმარისად პატივს გცემთ რომ ის არ შემოგაჩეჩოთ რასაც არ ელით ჩემგან. ინფორმაციის ნახვა ფესტივალის ფეისბუქის გვერდზეც შეგიძლიათ ან კიდევ ვებზე ანდა ბლოგზე და ტვიტერზე. ჩემგან მხოლოდ ემოციებს, თავგადასავლებს და იმ შთაბეჭდილებებს მიიღებთ რაც ინფორმაციულ ჩარჩოში ვერანაირად ჩაეტევა და რის არა მხოლოდ ნახვას, განცდასაც კი ვერ შეძლებთ ვერასდროს, იმიტომ რომ ეს შეგრძნებები მხოლოდ ჩემი საკუთრება იქნება, მე მათ მხოლოდ გაგიზიარებთ. განცდით, ჩაალაგეთ ბარგი და თავად განიცადეთ. შევხვდებით ბიაფზე.

1186259_657950824223856_436426696_n

%d bloggers like this: