სიცოცხლე პირველი – გვიან გავიღვიძე… მაღვიძარამ არ დარეკა… ფეხშიშველი შევედი აბაზანაში სასწრაფოდ გადავივლე… პირსახოცი… სიჩქარეში დამავიწყდა ახლოს გადამეკიდა თითის წვერებზე დავდექი და მთელი ტანით გადავიწიე, თითქმის მივწვდი ფეხი რომ ამისრიალდა და ონკანს თავი პირდაპირ საფეთქელთან დავარტყი… 1 წამში მოვკვდი…

სიცოცხლე მეორე – პირსახოცს მივწვდი და ნახევრად სველმა დავიწყე ჩაცმა, ჩაიდანი ჩავრთე, თან თმას ვიმშრალებდი და თან ვცდილობდი მესაუზმა როცა გადამცდა, რა საშინელებაა ერთი ნაჭერი ცხელი ტოსტი რომ დაგახრჩობს გავიფიქრე და მოვკვდი ))))

სიცოცხლე მესამე – ცრემლები მომდიოდა, მაგრამ ვსუნთქავდი არასოდეს შევჭამ ასეთი სისწრაფით, ამას ვფიქრობდი როცა ფეხზე ვიცვამდი თან ჩანთაში ვალაგებდი ნივთებს და თან კარს ვკეტავდი… კიბეზე ფეხი ამისრიალდა და თერთმეტი საფეხური ისე უმტკივნეულოდ ჩავიფრინე მეთორმეტე მოყინული ბეტონის, რომ არ შემხვედროდა… დაახლოებით თორმეტი მოტეხილობიდან ერთ-ერთი სასიკვდილო აღმოჩნდა, სამაგიეროდ დანარჩენი თერთმეტისგან მიყენებული ტკივილი ვერც კი ვიგრძენი ისე სწრაფად დავლიე სული

სიცოცხლე მეოთხე – წამოვდექი და თოვლი დავიფერთხე, გული შიშისგან სადღაც ყელსა და ნიკაპს შორის მიცემდა ენის ქვეშ. სირბილით და სრიალით ჩავედი ქუჩაზე ეთერში მაგვიანდებოდა, პირველივე ტაქსი გავაჩერე, ძალიან ვთხოვე სწრაფად ევლო, მაგრამ შუქნიშანზე გაჩერება რომ მოვისურვეთ და დამუხრუჭებისას მოგვასრიალა, იმდენი ვიტრიალეთ სანამ მანქანა ჩემს მხარეს საგზაო ნიშნის ბოძმა არ გააჩერა, უფრო სწორად საგზაო ბოძმა რომლის ნაწილიც პირდაპირ გულში მქონდა გაყრილი

სიცოცხლე მეხუთე – საგზაო ნიშნის ბოძი რამდენიმე მილიმეტრით ამცდა, მანქანიდან გადმოსვლა გამიჭირდა, ახლა ნამდვილად ვეღარ მივუსწრებდი ეთერს, მწვანე შუქს არც დაველოდე, გზაზე გადარბენისას მანქანის მუხრუჭის ხმა გავიგე, ზუსტად ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა “ტყტყ” ბგერები გამოსცა მძღოლმა და ვიფიქრე აი სამშვიდობოს გამოვედითქო, როდესაც გზის მეორე მხარეს პალტოში და ბერეტში გამოწყობილი, მომღიმარი, საშუალო ასაკის ქალბატონის მზერა შევნიშნე. არ გავუღიმე იმიტომ რომ არ მეცნო, მაგრამ დავაკვირდი, რომ მივუახლოვდი ეს მზერა ისეთი კეთილი აღარ მომეჩვენა…

– შენ იცი რომ შეიძლება მომკვდარიყავი??? ვინ არის დამნაშავე ის თუ შენ??? შენ და შენნაირები უნგრევენ უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრებას??? ჩემს შვილს უნდოდა მკვლელი გამხდარიყო??? მაგრამ შენნაირი ალქაჯების გამო ხდებიან მკვლელები და არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ შუბლში მესროლა… უფრო სწორად ხმა გავიგე სროლის…

სიცოცხლე მეექვსე – ბერეტიანმა ქალბატონმა სათამაშო პისტოლეტით წყალი სახეში შემასხა, ფიზიკურად საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც მთელი ძალით გავრბოდი, 5 წუთში გავჩერდი და სული ძლივს მოვითქვი არც არაფერი დარჩა ფეხით მივედი… ლიფტში რომ შევედი წამებს ვითვლიდი და აი სადღაც მეშვიდესა და მერვე წამს შორის ჩაწყდა, ამჯერად უკვე სიკვდილში გამოცდილს ხმაურიც დამამახსოვრდა, ჩემი ყვირილიც, შეჯანჯღარებაც და სამწუხაროდ ძლიერი დარტყმაც, ლიფტში არა, მაგრამ საავადმყოფოსკენ გზაში კი ნამდვილად მოვკვდი

სიცოცხლე მეშვიდე – ძლივს დავარწმუნე სასწრაფოს ექიმები რომ არაფერი მიჭირდა, იმის გარდა, რომ ეთერში მაგვიანდებოდა და სულ სირენებით მიმიყვანეს სამსახურამდე, რა თქმა უნდა კიბით ავედი, გულამომჯდარი მივეყუდე კედელს და ის იყო სიგარეტისთვის უნდა მომეკიდა, რომ ჩემი მეწყვილეც გამოვიდა

– ძალიან ძალიან გთხოვ ირაკლი ვერ ვსუნთქავ და ერთი ჭიქა წყალი მომიტანე
– ახლავე

ეს ახლავე კი გამიკვირდა, მაგრამ გაკვირვების გამოსახატი ენერგია ჯერ არ მქონდა, სამწუხაროდ მოგვიანებით უკვე დაგვიანებით აღმოჩნდა, რადგან ჩემმა საკუთარმა და ღვიძლმა მეწყვილემ მოწამლული წყალი გამომიწოდა და მეც იქვე მოსაწევში გარდავიცვალე

სიცოცხლე მერვე – წყალი დავლიე და ცოტა გონს რომ მოვეგე გამახსენდა ჩემი ეთერი, საეთეროში პალტოთი და ქუდით შევედი, რამდენიმე წამიც და დავაგვიანებდი, ის იყო უამინდობის ბლოკზე უნდა გადავსულიყავი, რომ კარგად გვარიანად შეგვაზანზარა და მერე მახსოვს რომ იატაკი გამომეცალა ფეხქვეშ. 10 ბალიანმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა თბილისი და მეც…

სიცოცხლე მეცხრე – გამოვედი საეთეროდან, გავიხადე პალტო, გავთბი, ლევანმა ყავა მომიდუღა, დავჯექი ირაკლის გვერდით და დავიწყეთ მაფიოზობანას თამაში… წინ თავისუფალი სამი საათი მქონდა, დავხუჭე თვალები, გამეცინა, სულ მეცინება ამ დროს, გავახილე, ყველა მე მიყურებს, დავასახელე, ხმა მივეცი, გავარდა, მაფიოზია, ისევ აბაშმაძე, მაფიის ღამეც დადგა, მაფიოზის გადაწყვეტილებით თამაშს ტოვებს ანა სიდამონიძე

პ.ს. ისევ აბაშმაძე თუ მომკლავს )))))))))))))

Advertisements