კოშმარებზე დავწერე, არ ვიცი ეს ჟანრიც რამდენად კოშმარულია ასე მოყოლით, მაგრამ შეგრძნებებით არის და ავხსნი რატომ. ყოველთვის როცა ვხედავ სამეცნიერო ჟანრის სიზმრებს აქ ფიგურირებს რაღაცის აღმოჩენა, თავისი სამუშაო ოთხით რომელიც არ იცვლება და რომლის მსგავსიც თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არსად მინახავს. მაგრამ პრინციპში არ გამოვრიცხავ რომ მინახავს და არ მახსოვს. ეს არის ოთახი დიდი ფანჯრებით, დაბალი რაფებით, ბევრი თაროებით და წიგნებით. დიდი დაფით, რომელიც იკეცება და იშლება, დაფა შავია. ამ სიზმარში ყოველთვის არის დღე და ძალიამ მზიანი გაზაფხულის ამინდი.

როცა ამ სიზმარში ვიღვიძებ ვზივარ მაგიდასთან და მიჩნდება იდეა. ანუ იდეა რომელიც უკავშირდება აღმოჩენას, მერე ვდგები, მივდივარ დაფასთან და ვიწყებ ფორმულების წერას, ყოველთვის ასეთ სიზმრებში, აი ყოველთვის, ფორმულას ვიღებ და ჩემს აღმოჩენას ვასაბუთებ, მაგრამ არასდროს როცა ვიღვიძებ ფორმულა აღარ მახსოვს. ისე ცნობიერი მოიკოჭლებს ჩემი აზრით, ფიზიკას რომ გავყოლოდი ან რომ ვკითხულობდე უფრო მეტს ამაზე, შეიძლება მეხსიერებაც გამომყვეს, უბრალოდ იმდენად არ მახსოვს ბევრი რამ იქიდანაც კი რაც სკოლაში მასწავლეს, რომ ჩემი ცნობიერი გაღვიძებისას შოკშია ))))

ერთხელ მახსოვს დავამტკიცე რომ მაკრო და მიკრო სამყარო აბსოლუტურად ერთ წერტილს წარმოადგენდა. ანუ ავხსნი, რომ წარმოიდგინოთ ქვიშის საათის ფორმის მსგავსი სივრცე, რომელიც აი სადაც ქვიშის საათი ვიწროვდება იქ მთლიანად ერთდებოდეს. მაგრამ ქვიშის საათისგან განსხვავებით ის მეტ შრიანი იყოს და უფრო მეტად ყვავილს წააგავდეს. სიზმარში დავამტკიცე რომ მაკრო და მიკრო სამყარო აბსოლუტურად იდენტური წერტილია. ამ თეორიის მიხედვით სამყარო საერთოდ ერთი წერტილია რომელიც უკიდურესაც მცირედან სივრცის გამრუდების შედეგად აღწევს ზემასას და შემდეგ უბრუნდება საწყის წერტილს. მოკლედ არ ვიცი რამდენად გასაგებად გადმოვცემ იმას რაც თავში მაქვს, ანუ ასე ზეპირსიტყვიერად მახსოვს ეს თეორია, მაგრამ ფორმულები სამუდამოდ დაკარგულია ჩემს ქვეცნობიერში. მიუხედავად ამისა ხშირად ვფიქრობდი ამ თეორიაზე და იმაზე რომ რაღაც აკლდა. ანუ რაღაც დეტალი აკლდა და ეს დეტალი იყო დრო. გულწრფელად ვიტყვი რომ ჩემი ცნობიერის თეორია მდგომარეობდა იმაში, რომ დრო ამ პროცესში იყო განგრძობითი. ანუ ეტაპობრივად ხდებოდა გამრუდების შედეგად ზემასის მიღწევა და ისევ გამრუდება საწყის წერტილამდე დასაბრუნებლად. თანმიმდევრობით. ასეთი სამეცნიერო ჟანრის სიზმრები მაქვს ხოლმე, მაგრამ რატომ მოვყევი ეს სიზმარი, იმიტომ რომ ის პირდაპირ უკავშირდება ჩემს წუხანდელ სიზმარს. როდესაც ქვეცნობიერმა ცნობიერს დაუმტკიცა, რომ მწარედ ცდებოდა.

სიზმარი დაიწყო ასე. მე ვიჯექი ჩემი სიზმრის ოთახში მაგიდასთან როგორც ყოველთვის. მზიანი ამინდი იყო, ფანჯარაც კი მქონდა შეღებული. ხელში მეჭირა საპნის ბუშტების გასაბერი სათამაშო დ ბუშტებს ვუშვებდი.  თან ვაკვირდებოდი როგორ სკდებოდა ბუშტები, წარმოვიდგინე როგორ იწყებდნენ ისინი რღვევას, ანუ შევანელე ასე ვთქვათ წარმოსახვაში ეს პროცესი. როგორ იწყებს საპნის ბუშტი რღვევას? როგორ და ერთ წერტილში ჩნდება მიკროხვრელი და ნელ-ნელა ირღვევა სტრუქტურა. ანუ კი არ სკდება როგორც ამას ჩვენ აღვიქვამთ, არამედ ირღვევა როგორც ქსოვილი უხეშად რომ შევადარო. აი ამ ფაქტმა უცბად მიმიყვანა აზრამდე, რომლითაც დავამტკიცე ჩემი ცნობიერის მცდარობა. როგორ.

პირობითად წარმოვიდგინოთ რომ ბუშტის შემადგენელი ატომები არის მიკრო სამყარო და მე ოთახში რომ ვზივარ და ბუშტებს ვუშვებ წარმოვადგენ მაკრო სამყაროს ამ ატომებთან მიმართებაში. რადგან მოლეკულურ დონეზე ეს პროცესი არის რღვევა და მას აქვს თანმიმდევრობა, ხოლო ჩემთვის ეს არის წამის სადღაც მეათედი და იმდენად სწრაფი პროცესი, რომ მე მას სრულყოფილად თვალით ვერც კი აღვიქვამ და ის ჩემთვის უფრო გახეთქვაა ვიდრე რღვევის თანმიმდევრული პროცესი. გამოდის რომ ერთი და იგივე დროის მონაკვეთი მაკრო და მიკრო სამყაროში სხვადასხვანაირად აღიქმება.

უფრო დაღეჭილად. ამ საპნის ბუშტის ატომებზე რომ დავუშვათ სიცოცხლის არსებობა, ისინი განვითარდებოდნენ და შესაძლოა რამდენიმე მილიონი წელიც კი ეცხოვრათ სანამ ძალიან ნელა და მათთვის მტკივნეულად მათი სამყარო დაირღვეოდა და გაქრებოდა. ხოლო ჩემთვის ეს იქნებოდა რამდენიმე წამიანი საპნის ბუშტის გაფრენა და შემდეგ მისი გახეთქვა წამის მეათედში. შესაბამისად გამოდის რომ მასა და მოცულობა პირდაპირ ზემოქმედებს აჩქარებაზე რაც ძალიან დიდ მასშტაბებში ზემოქმედებს სივრცესა და დროზე, უფრო კონკრეტულად კი ამრუდებს მას.

და ახლა დავუბრუნდეთ პირველ სიზმარს 🙂